ავტორი:

"სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ამ სქემას მიმართავენ, ჩვენგან უფასოდ იღებენ ფულს, შემდეგ კი..." - ფრთხილად, სამშენებლო თაღლითობა! - როგორ დავიცვათ თავი ამისგან?

"სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ამ სქემას მიმართავენ, ჩვენგან უფასოდ იღებენ ფულს, შემდეგ კი..." - ფრთხილად, სამშენებლო თაღლითობა! - როგორ დავიცვათ თავი ამისგან?

საპარლამენტო ჯგუფი "მოქალაქეები“ მშენებლობის სფეროში დანერგილ ერთგვარ თაღლითობაზე ალაპარაკდა. ლაპარაკია სქემაზე, რითიც არაერთი ადამიანი დაზარალდა - მიიღო როგორც ფინანსური, ასევე მორალური ზიანი, სამშენებლო კომპანიებმა კი მოახერხეს და ასეთი ადამიანების ხარჯზე ხელი მოითბეს. პარტია "მოქალაქეების" გენერალური მდივანი ივანე ნორაკიძე, თბილისის სხვადასხვა უბანში, რამდენიმე კონკრეტული ფაქტიდან გამომდინარე თაღლითურ სქემაზე საუბრობს და მოქალაქეებს მოუწოდებს, მშენებარე ბინის შეძენამდე ყურადღება გამოიჩინონ.

ივანე ნორაკიძე:

- გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია თაღლითური სქემის შესახებ და მაგალითები, როგორ სარგებლობს ზოგიერთი სამშენებლო კომპანია ნდობით, მოტყუებით ზიანს აყენებს ადამიანებს და სხვების გაღატაკების გზით ცდილობს გამდიდრებას. ეს სქემა შეეხება მშენებარე ბინების მყიდველებს - თქვენ ყიდულობთ ბინას მანამ, ვიდრე საძირკველს ჩაასხამენ და მისი ასეთი კონდიციის გამო იხდით გაცილებით ნაკლებს, ვიდრე აშენებული ფართის შემთხვევაში გადაიხდიდით - პირობითად, თუკი აშენებული კვადრატული ღირს 1000 დოლარი, წინასწარ შეძენის შემთხვევაში შეიძლება 500 დოლარად მოგცენ, ბუნებრივია, ასეთი შეთავაზება ბევრი ადამიანისთვის არის მიმზიდველი. მას შემდეგ, როდესაც ეს შენობა უკვე აშენდება და მხოლოდ მისი ექსპლუატაციაში მიღებაა დარჩენილი, სამშენებლო კომპანიები გატყობინებენ, რომ გარკვეული პრობლემების გამო მშენებლობის დასრულებას ვეღარ ახერხებენ და გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას გთავაზობენ. საერთოდ უბინაოდ და თანხის გარეშე დარჩენით შეშინებული უყოყმანოდ თანხმდებით თანხის უკან მიღებას.

ბუნებრივია, ვერავის გაამტყუნებ ამის გამო, ჯერ კიდევ "ცენტრ პოინტის" და "აქსისის" მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე ბევრი ადამიანი შეშინებულია. სინამდვილეში რა ხდება, თაღლითობით დაკავებული სამშენებლო კომპანიების მიზანია აშენებული ფართობი ორმაგ ფასად გაყიდონ. ანუ გამოდის, რომ სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ამ მეთოდს მიმართავენ, გარკვეული დროით ჩვენგან უფასოდ იღებენ ფულს, შემდეგ ამ ფულს გვიბრუნებენ და იგივე ქონებას, რაც წესით ჩვენი უნდა გამხდარიყო, ყიდიან ორმაგ ფასად. მსგავსი არაერთი დაზარალებული უკვე მიმართავს დახმარებისთვის იურისტებს, ზოგი კი ფიქრობს, რომ თანხის სრულებით დაკარგვას გადაურჩა. ასეთი ფაქტები ძირითადად, თბილისსა და ბათუმში ხდება, იქ, სადაც მშენებლობის ბუმია.

- მყიდველი, ხომ ხედავს დასრულებულ შენობას, როგორ შეიძლება მისი დარწმუნება, რომ მშენებლობა ვერ დაასრულეს?

- კონკრეტული ფაქტი ვიცით, ბათუმში ერთ-ერთმა კომპანიამ 20 სართული უკვე ააშენა, მყიდველებს ბინების ღირებულების 90% უკვე გადაახდევინა, ახლა კი სთავაზობს თანხების უკან დაბრუნებას იმ მოტივით, რომ მშენებლობას დათქმულ ვადებში ვეღარ ასრულებენ. ვარკეთილში აშენებს კორპუსს ერთი სამშენებლო კომპანია, რომელმაც თითქმის დაასრულა მშენებლობა, მაგრამ ლიფტს არ აკეთებს და მყიდველებს ეუბნება ფინანსური პრობლემები გვაქვს და თქვენ გადახდილ თანხას დაგიბრუნებთო. დიდ დიღომშია კიდევ ერთი კომპანია, რომელიც 12-სართულიანის ბოლო ორ სართულს აღარ აკეთებს და ეგეც ფულის დაბრუნებას სთავაზობს მყიდველებს. ამ კომპანიების სახელებს მალე დავასახელებ, როდესაც ამის უფლებას დაზარალებულები მომცემენ.

- ასეთ შემთხვევაში, რას სთავაზობთ მყიდველს, რა შეიძლება რომ გააკეთოს?

- მხოლოდ ერთი გამოსავალია, როდესაც გავაფორმებთ ხელშეკრულებას უძრავი ქონების ყიდვის თაობაზე, მაშინ, როდესაც ის არ არის აშენებული, აუცილებლად უნდა მივუთითოთ, რომ სამშენებლო კომპანიის მიერ დათქმული ვადის დარღვევის შემთხვევაში, კომპანიას უნდა დაეკისროს ჯარიმა და პირგასამტეხლო, ჩვენს სასარგებლოდ. ანუ, იმ შემთხვევაში, თუ ბინა არ დასრულდება, იგივე თანხა კი არ უნდა დაგვიბრუნოს, რა თანხაც ჩვენ მას წინასწარ გადავუხადეთ, არამედ უნდა დაგვიბრუნოს ჯარიმით და პირგასამტეხლოთი, რაც ერთგვარი კომპენსაცია იქნება. თუ ეს პუნქტი ჩვენს ხელშეკრულებაში იქნება, დამერწმუნეთ, რომ ასეთ შემთხვევაში სამშენებლო კომპანიას აღარ ექნება იმის მოტივაცია, რომ ეს ბინა ხელახლა გადაყიდოს სხვა მყიდველზე, რადგან თქვენთან ანგარიშსწორება მას ძვირი დაუჯდება, ამიტომ ეს პრობლემა ამით მოგვარდება. არსებობს მოსაზრება, რომ კანონით უნდა აიკრძალოს ე.წ. ჰაერის გაყიდვა, ანუ თუკი სახლი აშენებული არ არის, რეესტრმა ამონაწერი არ უნდა გასცეს და შესაბამისად, შეუძლებელი უნდა შეიქმნას მისი გაყიდვა. თუმცა, ამ ინიციატივასაც აქვს ორი მხარე. მეორეს მხრივ, ეს გამოიწვევს იმას, რომ ის ადამიანები, ვისაც ურჩევნიათ, რომ გარკვეული რისკი გაიღონ და უფრო იაფად შეიძინონ უძრავი ქონება, ამას ვერ შეძლებენ და კეთილსინდისიერი სამშენებლო კომპანიებიც, რომლებიც პატიოსნად ასრულებენ თავის საქმიანობას, დათქმულ ვადებში აბარებენ მყიდველებს უძრავ ქონებას, დაზარალდებიან, რადგან წინასწარ ეს კომპანიები ვერ შეძლებენ მყიდველებისგან ფულის მიღებას. რადგან ვიცით, რომ ბევრი კომპანია არ მიმართავს საბანკო სესხს, არ აქვს თავისი კაპიტალი, უბრალოდ, ბინის მყიდველებისგან წინასწარ აღებული თანხით ახერხებს მშენებლობას და ბევრი მათგანი კეთილსინდისიერად იქცევა. თუმცა, როგორც გითხარით, არსებობს ასეთი თაღლითური სქემებიც და ჩემს მიერ ჩამოთვლილ რჩევებს თუ გაითვალისწინებთ, ასეთი თაღლითური სქემებისგან 100%-ით იქნებით დაცული.

ჩვენ, პარტია "მოქალაქეები“ პარლამენტში ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებთ და ვიმსჯელებთ საკანონმდებლო გადაწყვეტის გზებზე. თუმცა, მანამდე ყურადღებით იყავით და აუცილებლად დეტალურად, გულდასმით გაეცანით ხელშეკრულებას და ჩაამატებინეთ მასში სამშენებლო კომპანიას პირგასამტეხლოს და ჯარიმის მუხლი, რათა იყოთ დაცული.