ავტორი:

"სკოლის დამთავრების შემდეგ პირდაპირ მონასტერში წავედი... ჩემი შემოსავლის წყარო ხატვა და დეკორაციების კეთებაა" - თვითნასწავლი მხატვრის საოცარი შემოქმედება და ოცნება საკუთარ გამოფენაზე

"სკოლის დამთავრების შემდეგ პირდაპირ მონასტერში წავედი... ჩემი შემოსავლის წყარო ხატვა და დეკორაციების კეთებაა" - თვითნასწავლი მხატვრის საოცარი შემოქმედება და ოცნება საკუთარ გამოფენაზე

გეგმავს ყოველდღე შექმნას ყველა იმ ქართველი გენიალური მსახიობის პორტრეტი, ვინც თავისი სიტყვა დატოვა ხელოვნებაში, მისი ოცნებაა მოაწყოს გამოფენა - ეს თვითნასწავლი მხატვარი ლუკა ორჯონიკიძეა, რომლის ნამუშევრებსაც სოციალურ ქსელში განსაკუთრებული მოწონება და ინტერესი ახლავს...

ლუკა ორჯონიკიძე თავის შემოქმედებაზე და საინტერესო ცხოვრებაზე გვესაუბრა...

- ლუკა, სოციალურ ქსელში თქვენს ნამუშევრებს ძალიან დიდი აღფრთოვანება მოყვა, პროფესიონალი მხატვარი ხართ?

- თვითნასწავლი მხატვარი გახლავართ... პროფესიით მხატვარი დედაჩემია, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. ხატვა ჩემთვის უცხო არ იყო, თუმცა არასდროს მიფიქრია, რომ ხატვას დავიწყებდი. 13 წლის ასაკში მყავდა საყვარელი მომღერალი ემი უაინჰაუსი, რაც ჩემი ხატვის დაწყების შთაგონება გახდა. მისი დაახლოებით ასი პორტრეტი მაქვს შესრულებული. ყველაფერი აქედან დაიწყო... ჩემთვის ვხატავდი პორტრეტებს, სკოლის დამთავრების შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ მონასტერში წავსულიყავი. 6 წელი ვიცხოვრე მონასტერში, სადაც დავიწყე ხატწერა, ხატებს მონასტრისთვის ვწერდი. ჩემი პედაგოგი დედაჩემი იყო. ყოველთვის ვიღებდი მის კრიტიკას და მის რჩევებს ვითვალისწინებდი...

- მონასტერში ცხოვრების შესახებ უფრო მეტი რომ გვითხრათ...

- ბიძაჩემი (დედის ძმა) დეკანოზია, ბავშვობიდან ეკლესიურ ოჯახში ვიზრდებოდი, ბიძაჩემს სტიქაროსნად დავყვებოდი, შემდეგ მამა თეოდორე გიგნაძის სულიერი შვილი გავხდი... დღემდე არ ვიცი ჩემი ბავშვური ახირება იყო თუ უფლის ნება, გადავწყვიტე მონასტერში წავსულიყავი, ჩემთვის მონასტერში გატარებული ყოველი დღე ძვირფასი იყო, რისთვისაც უფალს მადლობას ვუხდი, ვიყავი შიო მღვიმის მონასტერში, სადაც შვილივით მიმიღო წინამძღვარმა და ძმასავით საძმომ... 6 წელი ვიყავი მორჩილი, ბოლო სამი წელი ჩემი მორჩილება ტრაპეზობა იყო... მონასტერში ცხოვრება საკმაოდ რთულია, თუმცა რამდენადაც რთულია, იმდენად მეტი სიხარულია... ამ ეტაპზე ვცხოვრობ ერში, ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო, თუმცა ეს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის!

- ახსენეთ, რომ კერპი გყავდათ...

- 13 წლის ასაკში ჩემი კერპი ემი უაინჰაუსი გახდა, როგორც საუკეთესო მომღერალი, მიყვარს მუსიკა და დღემდე ეს მომღერალი ჩემთვის საუკეთესოა! მისი სიმღერები მეხმარებოდა მხატვრობაში, ასევე მაქვს 13 წლის ასაკში გაკეთებული, ხის ფირფიტებზე ამოტვიფრული ჩემი შესრულებით ემი უაინჰაუსის ბიოგრაფიული წიგნი (ნახატებით).

- ჟანრობრივად რამდენად მრავალფეროვანია თქვენი შემოქმედება?

- ძირითადად ხატებს ვწერ და პორტრეტისტი ვარ, სხვა ჟანრის ნამუშევრებზე იშვიათად ვმუშაობ. ბავშვობიდან მიტაცებდა ძველი ქართული ფილმები, რაც ინსპირაცია გახდა, გენიალური ქართველი მსახიობების პორტრეტები შემექმნა. რაც იხილეთ, ეს მცირე ნაწილია… ვგეგმავ და ვმუშაობ ყოველდღე შევქმნა ყველა იმ ქართველი გენიალური მსახიობის პორტრეტი, ვინც თავისი სიტყვა დატოვა ხელოვნებაში, ჩემი ოცნებაა მოვაწყო გამოფენა სახელწოდებით „ეს ჩვენ შევქმენით ეპოქა". ამის გარდა, ვწერ მოთხრობებს, ნოველებს, წერილებს და ასევე დიდი სურვილი მაქვს წიგნების გამოშვების...

- რამდენად ხელსაყრელი გარემოა დღეს მხატვრისთვის საქართველოში?

- ამ თემასთან დაკავშირებით ჩემი აზრი ის არის რომ, მხატვარს თუ ხატვა უნდა, ყველგან და ყველაფრით დახატავს... მინდა გითხართ, რომ ჩვენს დროში, ძალიან ბევრი მხატვარი გვყავს, რომლებიც ჩრდილში იმყოფებიან და მხოლოდ სოციალური ქსელებით ვხედავთ კანტიკუნტად მათ ნამუშევრებს, რაც ძალიან სამწუხაროა.

- რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენს ნამუშევრებზე დიდ აღფრთოვანებას გამოხატავენ?

- პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა მოვუხადო იმ საქებარი და გამამხნევებელი სიტყვებისათვის ყველას, რომლებსაც ჩემთვის იმეტებენ. ეს დიდი მოტივაციაა ჩემთვის, არა მხოლოდ კომენტარებით არამედ პირადშიც ძალიან ბევრი ადამიანი მწერს, თუ როგორი განსაკუთრებულია, რასაც ვაკეთებ. მგონი რომ, საქართველოში პირველი ვარ, ვისაც ასეთი ჩანაფიქრი აქვს, რომ შექმნას დიდი არტისტების პორტრეტები.

- კიდევ რომელი არტისტების დახატვას აპირებთ?

- ბევრი საოცარი სახეა, რომლის დახატვასაც ვაპირებ, დიდი რამაზ ჩხიკვაძე, ეროსი მანჯგალაძე, ვერიკო ანჯაფარიძე, იპოლიტე ხვიჩია, ულამაზესი მედეა ჯაფარიძე და უამრავი სხვა... ფატიმას შესანიშნავი როლის შემსრულებელი, ულამაზესი თამარ კოკოვა და კინოსა და თეატრის სხვა მსახიობების პორტრეტების შესრულებას ვაპირებ, რომლებიც ჩემი მუზები არიან. ჩემი ჩანაფიქრი მინდა ბოლომდე მივიყვანო, და ქართველ ახალგაზრდებს შევახსენო თუ რაოდენ დიდი გენიოსი არტისტები გვყავდა, რომლებიც თითქოს მივიწყებულნი არიან. მინდა მკითხველს მივმართო, რომ არასდროს დაივიწყოს ქართული კულტურა, როგორიცაა ძველი კინო ხელოვნება, სადაც ნამდვილი სისპეტაკეა!. მინდა მადლობა მოგიხადოთ, რომ დაინტერესდით ჩემი ნახატებით. დავამატებ, რომ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი, დასახვეწი. მინდა გავხდე ნამდვილი მხატვარი. ეს ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა.

- დახატული გყავთ სასულიერო პირები...

- დიახ მყავს დახატული ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, ალექსანდრე ოქროპირიძე, წმინდა მამები და სასულიერო პირები...

- ამჯერად რა არის თქვენი პროფესია?

- სკოლის შემდეგ პირდაპირ მონასტერში წავედი, ამიტომ პროფესიის არჩევაზე არ მიფიქრია, თუმცა ჩემი შემოსავლის წყარო არის სხვადასხვა ხელნაკეთი დეკორაციების კეთება და ხატვა.