"ნაციონალური მოძრაობა" ამ ბოლო დროს ისეთ მდგომარეობაში იმყოფება, რომ ყველაფრის გასაღები დაკარგული აქვთ. სიტყვა „ნაცი“ არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოიცავს, არამედ სხვა პარტიებს, რომლებიც მათი კლასტერები არიან, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით რაიმე რისკი არსებობს, ამაში დამნაშავეები „გარე დავალებების შემსრულებლები“ არიან.
"ნაციონალური მოძრაობა“ ამ ბოლო დროს ისეთ მდგომარეობაში იმყოფება, რომ ყველაფრის გასაღები დაკარგული აქვთ. პრობლემა მხოლოდ პარტიაში არ არის, პრობლემა „ნაცობაშია", რაც უფრო ფართო მცნებაა. ეს ტერმინი არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოიცავს, არამედ სხვა პარტიებს, რომლებიც მათი კლასტერები არიან. მათი საერთო ნიშანი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა, დავალებების შესრულება და უსამშობლობაა. ამ სართო ნიშანში გაერთიანებულ ადამიანებს ვეძახით „ნაცებს“. რამდენად არ უნდა გიყვარდეს საკუთარი სამშობლო, რომ ამბობდე, კანდიდატის სტატუსისთვის არაფერი კეთდებაო, მაშინ, როდესაც კეთდება. ოდნავ მაინც რისკი თუ არსებობს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რაც შეიძლება განვიხილოთ, ამაში დამნაშავეები გარე დავალებების შემსრულებლები არიან. ამას საზოგადოება კარგად ხედავს, თორემ დღეს „ქართულ ოცნებას“ 11 წლის მმართველობის შემდეგ მზარდი რეიტინგი არ ექნებოდა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.