ავტორი:

"როდესაც ზვიგენი გავკვეთეთ, შიგნით გარდაცვლილის თავი და ხელი ვიპოვეთ" - რა ხდება ცნობილი ეგვიპტეში მომხდარზე, რა დროსაც მტაცებელმა თევზმა რუსი ტურისტი იმსხვერპლა?

"როდესაც ზვიგენი გავკვეთეთ, შიგნით გარდაცვლილის თავი და ხელი ვიპოვეთ" - რა ხდება ცნობილი ეგვიპტეში მომხდარზე, რა დროსაც მტაცებელმა თევზმა რუსი ტურისტი იმსხვერპლა?

8 ივნისს, ეგვიპტეში, ჰურგადის ტურისტულ სანაპირო ზოლში 23 წლის რუსი ტურისტი ვლადიმერ პოპოვი ზვიგენმა შეჭამა. იმ დღეს ბიჭი სანაპიროზე მამასთან და შეყვარებულთან ერთად მივიდა. ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, გარდაცვლილის მამამ განაცხადა, რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, ფაქტობრივად, 20 წამში... მაშველების თქმით, მათ ახალგაზრდისკენ მაშინვე გაცურეს, როდესაც ყვირილი გაისმა, მაგრამ დახმარება დაგვიანებული აღმოჩნდა.

ტრაგედიას 23 წლის მაშველი მოჰამედი შეესწრო. ხუთშაბათს ის კოლეგებთან ერთად სანაპიროზე მორიგეობდა. მისი თქმით, იმ დღეს საცურაო პირობები იდეალური იყო.

"როდესაც მისკენ მივცურავდი, წყალი წითლად შეიღება. მერე დავინახე, რომ მას ხელი აღარ ჰქონდა. შემდეგ კი ზვიგენი გამოჩნდა. მაშინვე მივხვდი, რომ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდებოდა. იქვე ახლოს ქალი ცურავდა. მისი ნავში ჩასმა და ნაპირზე გამოყვანა მოვახერხეთ, შემდეგ კი ისევ გავცურეთ მამაკაცისკენ. ამ ინციდენტის შემდეგ ტრავმირებული ვარ. მას შემდეგ არ მძინებია და ნორმალურად ვერ ვაზროვნებ, ”- იხსენებს მაშველი.

ადგილზე დაბრუნების შემდეგ მაშველს ზვიგენი აღარ დახვედრია, თუმცა მოგვიანებით, ზვიგენი დაიჭირეს.

"თავდაპირველად გვეგონა, რომ ორსული მდედრი ზვიგენი იყო, რადგან მას უზარმაზარი მუცელი ჰქონდა. როდესაც გავკვეთეთ, შიგნით გარდაცვლილის თავი და ხელი ვიპოვეთ", - განაცხადეს მედიასთან მეთევზეებმა.

ზვიგენი ორმა ადგილობრივმა მეთევზემ ბადით დაიჭირა. ერთ-ერთი მათგანი, ჰამიდი მედიასთან ჰყვება, რომ მტაცებლის ნაპირზე გამოყვანაში 15 ადამიანი დაეხმარა.

  • რას ამბობენ გარდაცვლილის ახლობლები

ვლადიმერ პოპოვის მამა აღიარებს, რომ მისი შვილის გადარჩენა შეუძლებელი იყო. გარდაცვლილის მეგობრის სარა მერეშკოვას თქმით კი, ინციდენტი ნაპირიდან 30 მეტრში მოხდა და ეს იყო ცურვისთვის ნებადართული ზონა. იქვე იყო წყლის ატრაქციონები, სადაც ბავშვები მშობლებთან ერთად თამაშობდნენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მომხდარში თავად ტურისტები არიან დამნაშავე, რადგან თევზის გამოკვება არ შეიძლება, ეს იზიდავს დიდ მტაცებლებს.

მომხდარი დამსვენებლებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. ეგვიპტის კურორტები, ჰურგადა და შარმ ელ-შეიხი, წლებია რაც რუსებისთვის დასვენების ყველაზე სასურველი ადგილია. მათ დიდი არჩევანი აღარც აქვთ, განსაკუთრებულად უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ.

თვითმხილველების ინფორმაციით, ვლადიმერ პოპოვი მამასთან ერთად ზღვაზე ისვენებდა სასტუმრო Dream Beach-ის სანაპიროზე. ინციდენტის დროს დაზარალებულთან ახლოს არავინ იყო. მის გვერდით კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალი ცურავდა, რომელიც სიკვდილს მაშველების დახმარებით გადაურჩა.

სანაპიროს გასწვრივ წყალში უამრავი ადამიანი იყო, მათ შორის ბავშვებიც. ისინი მთელი ძალით გამორბოდნენ ნაპირისკენ. "გამოცურეთ უფრო სწრაფად. უფრო სწრაფად!" - უყვიროდა მათ ხალხი ნაპირიდან. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მაშველებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს, მაგრამ ახალგაზრდის გადასარჩენად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

პოპოვის მამა ეგვიპტეში შვილის ცხედრის კრემაციას აპირებს და მისი ფერფლის რუსეთში გადატანას გეგმავს...

  • როგორ ეხმაურება მომხდარს ეგვიპტური მედია

ეგვიპტეში წითელ ზღვაში მომხდარ ტრაგედიას განიხილავდნენ, როგორც ჩვეულებრივ მოვლენას, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას არ იმსახურებს. ეგვიპტური წამყვანი გაზეთების მოკლე მიმოხილვამ აჩვენა, რომ ეს თემა პირველ გვერდებზეც კი არ გასულა. ადგილობრივი ჩინოვნიკები სხვა ქვეყნებში მომხდარ ინციდენტებს იშველიებენ და ამბობენ, რომ ამერიკასა და ავსტრალიაში სიტუაცია ბევრად უარესია, ვიდრე ეგვიპტეში. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა...

საქმე ისაა, რომ მომხდარი ტრაგედიისადმი ზედმეტი ყურადღება ეგვიპტის მთავრობას არ აწყობს, რადგან შესაძლოა, ამ შემთხვევის გამო, ქვეყანაში ტურისტული სეზონი ჩავარდეს, რაც ქვეყნის ბიუჯეტისთვის სერიოზული დარტყმა იქნება.

თუმცა ადგილობრივები შეშინებულები არიან, მათი აზრით, ტურიზმის სამინისტრო თავის ფუნქციას სათანადოდ ვერ ასრულებს, ისინი იხსენებენ იგივე ადგილას მომხდარ სხვა ინციდენტსაც. ეს შეეხება შარშან მომხდარ ტრაგედიას, როდესაც ჰურგადაში, 1-ლ ივლისს, ავსტრიის 68 წლის მოქალაქეს ზვიგენი დაესხა და ხელსა და ფეხზე უკბინა. დაზარალებულმა შეძლო წყლიდან გამოსვლა, მაგრამ ქალი ვერ გადაარჩინეს - ის საავადმყოფოში შოკისგან გარდაიცვალა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს არ იყო ზღვის მტაცებლის ერთადერთი მსხვერპლი. 3 ივლისს ცნობილი გახდა კბენით გარდაცვლილი რუმინეთის 44 წლის მოქალაქის შესახებ, რომლის ცხედარი რიფზე იპოვეს.

  • რა არის ზვიგენების ასეთი აგრესიული ქცევის მიზეზი?

რა გახდა ეგვიპტეში ზვიგენების ასეთი აგრესიული ქცევის მიზეზი მაშინ, როცა ისინი ჩვეულებრივ თავს არიდებენ ზედაპირულ წყალს?

ერთ-ერთი ვერსიით, მუსულმანური დღესასწულების მოახლოებისას ვაჭრებს ათიათასობით შესაწირი ცხვარი და ძროხა წყლით გადაჰყავთ. გზაში გარდაცვლილ ცხოველებს კი დაუფიქრებლად ყრიან წყალში, რაც ზვიგენებს სანაპიროსკენ იზიდავს.

მეორე ვერსიით, მოგზაურები სპეციალურად აჭმევენ ზვიგენებს ხორცს, რათა ისინი ნაპირისკენ მოიზიდონ და შემდეგ ფოტოები გადაუღონ.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჰურგადას სანაპიროსთან ცურვა და დაივინგი ორი დღით აკრძალა. ამჟამად აკრძალვა უკვე მოხსნილია. ხელისუფლების წარმომადგენლები ტურისტებს სიფხიზლისკენ მოუწოდებენ.