ავტორი:

საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერება და სუროგაცია უცხოეთის მოქალაქეებისთვის 2024 წლის 1-ლი იანვრიდან აიკრძალება - რას აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი

საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერება და სუროგაცია უცხოეთის მოქალაქეებისთვის 2024 წლის 1-ლი იანვრიდან აიკრძალება - რას აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ინ ვიტრო განაყოფიერება და სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის 2024 წლის 1-ლი იანვრიდან იქნება დაშვებული.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, აღნიშნულ საკითხზე საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს მიმდინარე კვირაში წარედგინება.

მინისტრის თქმით, ინ ვიტრო განაყოფიერებით და ასევე, სუროგაციით შვილის გაჩენა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის აიკრძალება.

"თუ შეიძლება, რომ ეს დემოგრაფიული მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გამრავლების ერთ-ერთი შესაძლებლობა იყოს, ვტოვებთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, როგორც ინვიტრო განაყოფიერებას, ასევე, სუროგაციას. კანონპროექტი პარლამენტს მიმდინარე კვირაში გაეგზავნება. ვფიქრობთ, რომ შემოდგომაზე დამტკიცდება და 2024 წლის 1-ლი იანვრიდან ძალაში შევა, რის შემდეგაც ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება,“ - განაცხადა აზარაშვილმა.

მინისტრმა ასევე, იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მთავრობამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სუროგაციისა და ინ ვიტრო განაყოფიერების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.

"დაკავშირებულია სხვადასხვა არაეთიკურ და ძალიან ცუდ პრაქტიკასთან, რადგან ეს მიმართულება არ იყო დარეგულირებული. ბევრ სხვადასხვა საშიშროებას აჩენდა, იგივე ბავშვებით ვაჭრობასთან დაკავშირებით შეიძლება ყოფილიყო, არ მინდა მტკიცებით ფორმაში ვისაუბრო. ასევე, მოგეხსენებათ, ძალიან დიდი გამოწვევაა ორგანოებით ვაჭრობასთან დაკავშირებით.

გამომდინარე იქიდან, რომ საკითხი დაურეგულირებელი იყო, ვერ ვადევნებდით თვალს, სად მიდიოდნენ ეს ბავშვები. არ აქვს მნიშვნელობა ერთსქესიანი შეიძლებოდა ყოფილიყო, იგივე ტრეფიკინგის და ბავშვით ვაჭრობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემები ყოფილიყო. აქედან გამომდინარე ჩაიკეტა ეს საქართველოს მოქალაქეებზე,“ - განაცხადა აზარაშვილმა.

მისივე განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, საქართველოში ინვიტრო განაყოფიერებასთან და სუროგაციასთან დაკავშირებული რეკლამების განთავსება აიკრძალება.

ამასთან, აზარაშვილი აცხადებს, რომ კანონით "უანგარობის პრინციპი“ დარეგულირდება.

"მნიშვნელოვანი და პრინციპული, რაც ამ კანონით რეგულირდება, არის უანგარობის პრინციპი. საქართველოს მოქალაქე, ვისაც სურს იყოს დონორი ან სუროგატი, უნდა მოქმედებდეს უანგარობის პრინციპიდან გამომდინარე და მხოლოდ და მხოლოდ ის კომპენსაცია მიიღოს, რაც ამ პროცესთან დაკავშირებით უხერხულობას შეიძლება ახლდეს თან, ან სამედიცინო გამოკვლევებს, ან მშობიარობასთან დაკავშირებულ ხარჯებს“, - განაცხადა მინისტრმა.