უკრაინული მხარის სარაკეტო თავდასხმას სამხრეთ ზაპოროჟიეს ფრონტზე 35-ე გაერთიანებული შეიარაღების არმიის შტაბის მეთაური, გენერალ-მაიორი სერგეი გორიაჩევი ემსხვერპლა. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სამხედრო კორესპონდენტი, იური კოტენოკი "ტელეგრამ“ არხზე წერს.
"გუშინ, 12 ივნისს მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა "ვოსტოკის“ დაჯგუფების სამხედრო კონტაქტის თითქმის მთელ ხაზზე“, - წერს კოტენოკი.
გავრცელებული ინფორმაციით, გორიაჩევი დიდი ბრიტანეთის მიერ მიწოდებული "Storm Shadow“ რაკეტით მოკლეს. იგი წარსულში მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში რუსულ კონტინგენტს მეთაურობდა, ამის შემდეგ ხელმძღვანელობდა ტაჯიკეთში განთავსებულ რუსეთის 201-ე სამხედრო ბაზასაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გორიაჩევის გარდაცვალების შესახებ კომენტარს ჯერ არ გაუკეთებია.
ზაპოროჟიეს რეგიონი, რომლის დაახლოებით 80%-ს რუსული ძალები აკონტროლებენ, ამ დრომდე უკრაინის კონტრშეტევის ერთ-ერთ მთავარ ფოკუსად ითვლება.