ავტორი:

"მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანაო" - გია ვოლსკი მარინა კალიურანდის განცხადებაზე

"მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანაო"  - გია ვოლსკი მარინა კალიურანდის განცხადებაზე

"მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანაო" - თვითონ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც კეზერაშვილი მედია მენეჯერია და ბიძინა ივანიშვილი - ოლიგარქი და ახლა მის შესრულებაზე აკეთებს აქცენტს,- ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებას.

ამასთან, ვოლსკი აცხადებს, რომ ევროპარლამენტში არიან დეპუტატები, რომლებიც საქართველოში არსებულ ვითარებაში ვერ ერკვევიან.

"როგორ არის იცით? - "მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანაო", თვითონ მიიღო რეზოლუცია და ახლა მის შესრულებაზე აკეთებს აქცენტს, რომ არაფერი ჩაითვლება შესრულებულად, თუკი ის რეზოლუცია არ შესრულდა, რომელშიც კეზერაშვილი მედია მენეჯერია და ბიძინა ივანიშვილი - ოლიგარქი.

გასაგებია, რომ 300- ზე მეტი მხარდამჭერია რეზოლუციის, არიან იქ ადამიანები, ვისაც სჯერა, რომ გიორგი ვაშაძეს მოჭიდავეები ცემას უპირებენ, არიან ადამიანები, ვინც ვერც ერკვევიან, რა სიტუაციაა შექმნილი", - განაცხადა ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა დემოკრატიული რეფორმებსა და კანონის უზენაესობაში არსებითი პროგრესის არარსებობაზე, ასევე ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე ისაუბრა.

“ჩვენ გავუზიარეთ ჩვენი შეშფოთება დემოკრატიულ რეფორმებსა და კანონის უზენაესობაში არსებითი პროგრესის არარსებობის გამო და უარყოფითი მოვლენები, რომლებიც შეინიშნება გარკვეულ ძირითად სფეროებში, როგორიცაა უკიდურესი პოლარიზაცია, კანონის უზენაესობის ხელყოფა და სასამართლოს დამოუკიდებლობის წარუმატებლობა, მათ შორის პოლიტიკური მართლმსაჯულების საქმეებში.

ამ კონტექსტში, ჩვენ გავიმეორეთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ევროპარლამენტის 2022 წლის 14 დეკემბრის რეზოლუციაში გამოთქმული პოზიციები და მოვუწოდეთ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს პატიმრობის შეჩერება საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით, ჰუმანიტარული საფუძვლით, როგორც წვლილი უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საქმეში, ისევე როგორც მოვუწოდეთ პატიმრობაში მყოფი მედიის მფლობელების გათავისუფლება, როგორიცაა მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია”, - აცხადებს ევროპარლამენტარი.