ავტორი:

"გამოვიდა როგორც ქართულ ანდაზაშია: "თაგვმა თხარა, თხარა და ვენეციის კომისია გამოთხარაო“ - რომან გოცირიძე

"გამოვიდა როგორც ქართულ ანდაზაშია: "თაგვმა თხარა, თხარა და ვენეციის კომისია გამოთხარაო“ - რომან გოცირიძე

ვენეციის კომისიის დასკვნა თქვენთვის ძალიან მძიმედ გადასატანი იქნებოდა, ვინაიდან გეგონათ, რომ მორიგ იურიდიულ პასუხს მიიღებდით. ფაქტობრივად, გამოვიდა როგორც ქართულ ანდაზაშია, "თაგვმა თხარა, თხარა და ვენეციის კომისია გამოთხარაო“, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც "ქართული ოცნების“ დეპუტატებს მიმართა.

გოცირიძის თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, ქვეყანაში, სადაც ოლიგარქიული მმართველობაა, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღებას არავითარი აზრი არ აქვს.

"მათ თქვეს, რომ სულ სხვა მდგომარეობაშია უკრაინა და უკრაინასთან დაკავშირებით მსგავსი დასკვნა ვენეციის კომისიას არ გაუკეთებია ისევე, როგორც მოლდოვასთან დაკავშირებით. კონტექსტის გათვალისწინებით ეს კანონი გადააგდეთო - აი, ეს პასუხი მიიღეთ ვენეციის კომისიიდან. თუკი არაფორმალური, ოლიგარქიული მმართველობა საქართველოში მეტ-ნაკლებად მაინც აღიქმებოდა, როგორც პოლიტიკური ტერმინი, თუ ცნება, ვენეციის კომისიამ დადო სამართლებრივი დოკუმენტი, რითაც ერთხელ და სამუდამოდ, საქართველო იურიდიულად ამ დიდი ავტორიტეტის მქონე ინსტიტუტის მიერ ოლიგარქიულ მმართველობად შეფასდა. პარლამენტის სხდომაზე, როდესაც "ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონს ვიხილავდით და კანონზე ვეტოს დაძლევას აპირებთ, პრეზიდენტის წარმომადგენლებს ეკითხებოდნენ, რა მმართველობაა საქართველოშიო. ამით იმის თქმა უნდოდათ, რომ ჩვენ საპარლამენტო მმართველობა გვაქვს და პრეზიდენტს რა უფლება აქვს მინიჭებული გამოიყენოს თავისი უფლებები და წარმოადგინოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიო. რა მმართველობა გვაქვს და გვაქვს არაფორმალური, ოლიგარქიული მმართველობა, ვუპასუხე გუშინ. არ დამიჯერეს, აი, ახლა დაუჯერეთ ვენეციის კომისიას. ფაქტობრივად, ვერდიქტი დადო ამ კომისიამ და ამ მმართველობას ისტორიაში უკვე სამართლებრივად ვუწოდებთ უსამართლო და ერთ კაცზე ჩამოკიდებულ მმართველობას თავისი საშინელი შედეგებით, რაც მივიღეთ ეკონომიკაში, ასევე სოციალურ ცხოვრებაში“, - განაცხადა გოცირიძემ.