20-27 ივლისს სვანეთის კინოფესტივალს მესტია მესამედ უმასპინძლებს.
ფესტივალი, რომელიც ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა, 2021 წელს, რეჟისორმა მარიამ ხაჭვანმა და პროდიუსერმა თეიმურაზ ჩხვიმიანმა დააარსეს.
სვანეთის კინოფესტივალის ახალგაზრდა გუნდი აქტიურად მუშაობს, რომ ფესტივალი ყოველწლიურად განვითარდეს, გაიზარდოს და სულ უფრო მეტად ცნობილი გახდეს, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. ღონისძიების მთავარი მიზანია მხარი დაუჭიროს ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებს პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე, ამიტომაც ფოკუსირებულია ინდუსტრიული მიმართულების გაძლიერებაზე.
აღსანიშნავია, რომ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ფესტივალმა 2021/2022 წელს თავიანთი პროექტების განვითარებაში არაერთ ახალგაზრდა რეჟისორს დაუჭირა უკვე მხარი.
ფესტივალის ფარგლებში წელს მესამედ ჩატარდება Pitching forum კონკურსი, რომელშიც გაიცემა ფულადი ჯილდოები პროექტის განვითარებისათვის. საუკეთესო პრეზენტაციის ავტორს გადაეცემა დამოუკიდებელი კინოპროექტის / Independent film project ჯილდო - 5000 ლარი, ხოლო საუკეთესო ქალი რეჟისორის პროექტს კი გადაეცემა 3000 ლარი, - "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჯილდო.
წელს ფესტივალს ასევე დაემატა Work in progress კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ რეჟისორებს თავიანთი მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმებით, რომლებიც პოსტ-პროდუქციის ბოლო ეტაპზეა. აღნიშნულ კონკურსზე გაიცემა ფულადი ჯილდოები: არებატო ფილმების /Arrebato films ჯილდო - 10 000 ლარი და 1TV- ის ჯილდოები - 5000 და 2000 ლარი.
წლევანდელი ფესტივალის სტუმრების ვინაობა უკვე ცნობილია. ფესტივალზე ჩამოვლენ:
მერაბ ნინიძე - მსახიობი ფესტივალის განსაკუთრებული სტუმარია, რომელიც სპეციალურად ფესტივალისთვის ჩამოვა საქართველოში.
ლევან კოღუაშვილი - რეჟისორი
გიორგი ოვაშვილი - რეჟისორი
და სხვები.
უცხოელი სტუმრების სია ასე გამოიყურება:
Ida Makarevic - ალჯაზირას ტელევიზია
Heidi Zwicker - სანდესის საერთაშორისო კინოფესტივალის საერთაშორისო მხატრული ფილმების მთავარი პროგრამერი
Sudeep Sharma - სანდესის საერთაშორისო კინოფესტივალის საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების მთავარი პროგრამერი
Yorgos Krassakopoulos - რეპორტერი: Athens Voice , flix.gr, თესალონიკის კინოფესტივალის პროგრამერი.
Hossein Eidizadeh - ირანელი ჟურნალისტი, კრიტიკოსი , რომელიც აქვეყნებს სტატიებს შემდეგ პლატფორმებზე Sight & Sound, Senses of Cinema, 8 ½Magazine, Kinoscope, Keyframe, MUBI Notebook and Indiewire.
Tesson Charles - კანის კინოფესტივალის კრიტიკოსი, French film magazine რედაქტორი
Edvinas Putska- ჟურნალისტი , A კლასის ტალინის კინოფესტივალის და ევროპული კინოაკადემიის პროგრამერი;
2023 წლის მხარდამჭერები: კინოცენტრი, მესტიის მუნიციპალიტეტი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, USAID-ი, დამოუკიდებელი კინოპროექტი, Arrebato film, "საზოგადოებრივი მაუწყებელი", დამოუკიდებელი კინოპროექტი, სასტუმრო "ფოსტა“, "თელიანი ველი“, ფრანგული ინსტიტუტი, ოლპრინტი და სხვა.
"სვანეთის ფესტივალზე გასულ წელთან შედარებით, წელს 10 -ჯერ მეტი ფილმი იგზავნება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფესტივალის მიმართ უკვე გაჩნდა დიდი საერთაშორისო ინტერესი. მასზე დასასწრებად, გავლენიან კინემატოგრაფისტებსა და A კლასის კინოფესტივალის მთავარ პროგრამერებთან ერთად, ჩამოვლენ სხვადასხვა ქვეყნის კინოინდუსტრიაში მომუშავე პრესის ცნობილი წარმომადგენლები, რომლებიც ფესტივალთან ერთად სვანეთზეც დაწერენ სტატიებს. ფესტივალის პოპულარობა ნიშნავს სვანეთის და მთელი საქართველოს პოპულარობას და ინტერესს საერთაშორისო დონეზე", - ამბობენ ფესტივალის ორგანიზატორები.