ავტორი:

"ჩვენ ვიპოვეთ შოიგუს ვაჟი არა სამხედრო ნაწილში ან სანგარში, გენშტაბის თბილ სავარძელშიც კი არა..." - რუსეთის თავდაცვის მინისტრის უკანონო ვაჟის მუსიკალური ვნებები ომის ფონზე

"ჩვენ ვიპოვეთ შოიგუს ვაჟი არა სამხედრო ნაწილში ან სანგარში, გენშტაბის თბილ სავარძელშიც კი არა..." -  რუსეთის თავდაცვის მინისტრის უკანონო ვაჟის მუსიკალური ვნებები ომის ფონზე

პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გუნდმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს უკანონო შვილზე გამოძიება ჩაატარა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რითაა დაკავებული მინისტრის შვილი რუსეთ-უკრაინის ომის დროს.

"ჩვენ ვიპოვეთ შოიგუს ვაჟი არა სამხედრო ნაწილში ან სანგარში, გენშტაბის თბილ სავარძელშიც კი არა... ჩვენ ის "ევროპა პლუსის“ ჰიტებში ვიპოვეთ,“ - წერს navalny.com

მინისტრის ვაჟი დანილა შებუნოვი შოუბიზნესის სამყაროში შებას ან sheba singer-ის სახელით არის ცნობილი.

ამბობენ, რომ ბიჭი "რუსული შოუბიზნესის ამომავალი ვარსკვლავია“. სხვათა შორის, გარეგნულად მამამისს საკმაოდ ჰგავს.

ომის მიუხედავად, 22 წლის დანილა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს. ადრე ფეხბურთელობა სურდა, შემდეგ კი, ნავალნის გუნდის ინფორმაციით, არაერთი მილიონი დაიხარჯა იმისთვის, რომ წარმატებული მომღერალი გახდეს.

შოიგუს დანილა არაოფიციალური ცოლისგან, რუსეთის საგანგებო-სამაშველო სამინისტროს "სტიუარდესასგან", ელენა შებუნოვასგან ჰყავს.

"მიუხედავად იმისა, რომ შოიგუ ოფიციალურად დღემდე იულიასა და ქსენიას დედაზეა დაქორწინებული, მინისტრს ეს ფაქტი ხელს არ უშლის იმაში, რომ ბავშვები სხვა ქალებისგანაც ჰყავდეს. ელენა შებუნოვამ შოიგუს სამი შვილი გაუჩინა. გოგონას დაშა ჰქვია, რომელიც 15 წლისაა. სტეპანი 2011 წელს დაიბადა, ხოლო დანილა 2001-ში,“ - წერს საიტი.

როგორც ჟურნალსიტებმა მოიკვლიეს, შოიგუს ყველა შვილი ერთსადაიმავე სკოლაში, "პრეზიდენტში“ დადიოდნენ, რომელიც მოსკოვში ე.წ. მილიონერების რაიონში - რუბლიოვკაზეა. სკოლის წლიური გადასახადი დაახლოებით, 2 მილიონი რუბლია. შება 19 წლის ასაკიდან ბიზნესმენობს კიდეც. მას მოსკოვის ცენტრში ორი დიდი ოფისი აქვს გაქირავებული.

"იცით, შოიგუს შვილი სექტემბერში, მობილიზაციის გამოცხადებამდე 4 დღით ადრე სად გაემგზავრა? - თურქეთში, ე.წ. მივლინებაში ის თავის მუსიკალურ პროდიუსერთან ერთად წავიდა. ეს მაშინ, როდესაც მის თანატოლებს ქუჩებში დასდევდნენ და სახლიდან ძალით მიჰყავდათ ფრონტზე, ამ დროს შება ზღვაში ცურავდა და მასაჟებს იკეთებდა", - წერს გამოცემა.

პერიოდულად შოიგუს შვილი გამომწვევ პოსტებსაც დებს. მაგალითად, სექტემბერში მან ზღვაზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დააწერა: "გავიგე, რომ მოსკოვში აცივდა... აი, დაიჭირეთ ცხელი ფოტო“, - წერდა შება.

მინისტრის შვილის მდიდრულ ცხოვრებასა და ომისთვის თავის არიდებას სოციალურ ქსელებში უარყოფითი კომენტარები მოჰყვა. შოიგუს, რომლის რეპუტაცია ისედაც კითხვის ნიშნის ქვეშაა, ჯერ სიძის, შემდეგ "ვაგნერის“ მეთაურის ევგენი პრიგოჟინის და ახლა უკვე შვილის გამო, არაერთხელ შეექმნა უხერხულობა.

ავტორი: ანრი კურტანიძე