ავტორი:

"მორჩა, რუსული კომპანია მაინც შემოვიდა" - ბიჭვინთაში "მოსკოვი რეზორტის" აშენება გადაწყდა: რუსული დელეგაციის აფხაზეთში ვიზიტის დეტალები და ადგილობრივების პოზიცია

"მორჩა,  რუსული კომპანია მაინც შემოვიდა" - ბიჭვინთაში "მოსკოვი რეზორტის" აშენება გადაწყდა: რუსული დელეგაციის აფხაზეთში ვიზიტის დეტალები და ადგილობრივების პოზიცია

"როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის დელეგაციის აფხაზეთში ვიზიტის მიზეზი ბიჭვინთის აგარაკებია, რომლის "ეფ ეს ბესთვის" გადაცემა ისე შეფუთეს, როგორც ბჟანიას ხელისუფლების პოლიტიკური, დიპლომატიური და ეკონომიკური წარმატება... მორჩა, ჩვენი პროტესტის მიუხედავად, ყველაფერი მოგვარდა, ბიჭვინთა 30 მილიარდ რუბლად გადაიფორმეს - ჩვენ კი ვიძახოთ, აფხაზეთი არ იყიდება! შემდეგ კი, შინ კმაყოფილები დავბრუნდეთ და ახალ ამბებში გავიგოთ, რომელ რუსულ კომპანიას რა გეგმები აქვს აფხაზეთში" - წერს აფხაზი აქტივისტი ელენ ამიჩბა.

abkhaz-auto.ru-ს ინფორმაციით, ამ ცნობების გავრცელებამდე, აფხაზეთში სამუშაო ვიზიტით რუსეთის სამთავრობო დელეგაცია იმყოფებოდა. ასლან ბჟანია რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელ ალექსანდრე ნოვაკს შეხვდა, სადაც ერთობლივ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს...

ადგილობრივების თქმით, მაშინ შეხვედრის დეტალები არ გახმაურებულა, მაგრამ რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ ნოვაკმა დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ბიჭვინთაში 46,5 ჰექტარზე გათვლილი სასტუმრო კომპლექსის "მოსკვა რეზორტისთვის" განკუთვნილი ტერიტორია დაათვალიერა.

  • ეს ის კომპლექსია, რომლის გარშემოც აფხაზეთში დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი და არაერთხელ აქციაც გაიმართა

ბჟანია პირადად ხელმძღვანელობდა მარშრუტს, რომელიც სოხუმიდან ბიჭვინთის მიმართულებით გადაადგილდებოდა, რათა რუსეთის მაღალი თანამდებობის პირებისთვის აფხაზეთის პოტენციალი დაენახვებინა... დელეგაციაში იყვნენ ისეთებიც, ვინც ქვეყანაში ომის შემდეგ არ ყოფილა. მაგალითად, ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე მიხაილ ბაბიჩი.

ამასთანავე, აფხაზეთს სტუმრობდნენ ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრების მოადგილეები სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებში და რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლები.

ადგილობრივი მედია წერს, რომ რუსული თანხები უკვე გადმოირიცხა, ის აფხაზურ ბიუჯეტს მოხმარდება და გაპროტესტება უკვე დაგვიანებულია.

კომპლექსი, 2026 წელს გაიხსნება. მასში რუსეთმა 30 მილიარდ რუბლზე მეტი გადაიხადა... კომპლექსში შედის აპარტ-ჰოტელები, კერძოდ, 450 სასტუმრო ნომერი და ხანგრძლივი ვადით საცხოვრებელი ფართები, მათ შორის, ცალკეული აპარტამენტები...

აღნიშნულ კომპლექსში შედის, ორ კილომეტრზე მეტი სიგრძის სანაპირო ზოლი. როგორც აფხაზური მედია წერს, დელეგაციამ მოინახულა ასევე პანსიონატების კომპლექსი “ბიჭვინთის კურორტი”, რომელიც დიდი ხანია ასევე რუსული ბიზნესის სამიზნეა.

გამოცემის ცნობით, საკითხი საბოლოოდ, რუსეთის დღესთან დაკავშირებულ გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე გადაწყდა. თანხის ნაწილის გახარჯვის დეტალებიც ცნობილია. პირველი პროექტი გუდაუთას ეძღვნება და მისი რეაბილიტაციისთვის 70 მილიონ რუბლამდეა გამოყოფილი.

როგორც გუდაუთის მუნიციპალიტეტის საბჭოს წარმომადგენელი ვალერი მელია აცხადებს, მისი ინფრასტრუქტურული მოწყობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს...

  • ადგილობრივებს არ სჯერათ, რომ გადმორიცხული თანხა რეგიონის განვითარებას მოხმარდება. მათი თქმით, თავს მოტყუებულად და დამცირებულად მიიჩნევენ.

"ახლა გამოვიდნენ იმ აქციის ორგანიზატორები, ვინც პატარა ბავშვებს პლაკატები დააკავებინა და ამ სისტემასთან ბრძოლისკენ მოუწოდა. ახლა ისინი არ ჩანან, იმ ბავშვების მშობლებს, ოჯახის წევრებს კი, პრობლემები შეუქმნეს. რუსული კომპანია მაინც შემოვიდა, აპარტამენტ-ჰოტელები მაინც აშენდება, მიწებსა და სხვა უძრავ ქონებას მაინც შეიძენენ, ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის... ანუ არაფერი იცვლება, გარდა იმისა, რომ თანდათან ძალიან ცუდ რამეს, მორჩილებას გვაგუებენ" - წერს ადგილობრივი ირაკლი სუხუმსკი.

"ამ ფულით, დავაზუსტებ, აფხაზეთის გაყიდვიდან შემოსული ფულით, მხოლოდ ერთი - ორი ქუჩა გაკეთდება, ფასადურად, ერთი-ორი გზა დაიგება, დანარჩენით ვნახავთ, კარგ ადგილებში წამოჭიმულ სამსართულიან სახლებს, რომლის პატრონებიც აფხაზი და აწ უკვე, რუსი ჩინოვნიკები იქნებიან. სამოქალაქო საზოგადოება არ გვყავს, ოპოზიცია უავტორიტეტოა და ჩავარდა. დასკვნა თავად გააკეთეთ" - წერს ადგილობრივი ემზარ ჩირიკბა.