ავტორი:

"ეს არის გარემო, სადაც არავინ გმტრობს, არ გერჩის, არ გატყუებს..." - დედა სიდონიას შექმნილი წალკოტი წინანდალში, მშობლების დანატოვარ კარ-მიდამოში

"ეს არის გარემო, სადაც არავინ გმტრობს, არ გერჩის, არ გატყუებს..." - დედა სიდონიას შექმნილი წალკოტი წინანდალში, მშობლების დანატოვარ კარ-მიდამოში

ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდში გადაწყვიტა სოფელ წინანდალში მამისეული სახლ-კარისთვის მიეხედა და იქაურობისთვის ახალი სიცოცხლე შთაებერა. დღეს იქ ნამდვილი წალკოტია, რასაც დედა სიდონიამ დაუღალავი შრომის შედეგად მიაღწია.

"აქ პერიოდულად ვარ ხოლმე, სწორედ ამ დროს მიწევს ამ ბაღის მოვლა-პატრონობაც. ვიდრე უკრაინაში და მონასტერში წავიდოდი, მაგალითად, ლობიო დავთესე, რომ დავბრუნდი, გაზრდილი დამხვდა. მერე გავმარგლე, გავთოხნე და ისევ წასვლა მომიწია. ასეთი ინტერვალებით, მაგრამ მაინც ვახერხებ, რომ აქაურობას ვუპატრონო. ასე რომ, ვთოხნი, ვმარგლავ, სასუქი შემაქვს, ვსხლავ და ვთიბავ“, - გვეუბნება დედა სიდონია, რომელსაც ახლა ambebi.ge სრულიად სხვა რაკურსით გაგაცნობთ. ის თავის სამეურნეო გამოცდილებასა და გაერემოსთან ურთიერთობაზე გვიამბობს.

- აქ მამა ცხოვრობდა. ის ჩემს ცხოვრებაში მთავარი ადამიანი იყო... აქ არის მისი დარგული ხეები. დედას,მაგალითად, ლეღვის ხე უყვარდა და იმ ხესთან რომ გავივლი, - ასეთი სურათი იღვიძებს - მზიანი დღეა, დედა ბედნიერი სახით დგას და კრეფს ლეღვს... ამ მოგონებებით კი არ ვცხოვრობ, უბრალოდ, ამ ბაღს კარგი ამბები უკავშირდება... გვაქვს თხილის პლანტაცია. იმდენი კი არ არის, რომ გაყიდო, მაგრამ საკმაოდ ბევრია. თხილის ბუჩქებისგან ცოცხალი ღობეა შექმნილი... პანდემიისას აქ რომ შემოვედი, ეზო დიდი ხნის მიტოვებული გახლდათ. ჩემი და აქედან 6 წლის წასული იყო. გადაბურული დამხვდა მთელი ფართობი. ჰოდა, თავი რომ დავხარე და მუშაობას შევუდექი, ჯერაც არ გავჩერებულვარ. ძველ სახლსაც რაღაცნაირი მიტოვებული იერი ჰქონდა. ბერძნულ ფერებში შევღებე - თეთრი კედელი და ცისფერი დარაბებია. სახლ-კარი "გავაღიმე" და გამოვაცოცხლე.

მე აქაურობა არ მიმიტოვებია... საერთოდ ბავშვობაში აქ არ მიცხოვრია, დეიდა მზრდიდა, ზაფხულში მოვდიოდი ხოლმე. ისე, რა მნიშვნელობა აქვს, მიცხოვრია თუ არა, ეს ჩემი მშობლების სახლია... მერე მშობლები რომ გენატრება, ის ადგილები განსაკუთრებით გეძვირფასება, სადაც ისინი დადიოდნენ.

- მოკლედ, მიტოვებულ გარემოს ახალი სიცოცხლე შთაბერეთ.

- სახლის სახურავის შეცვლაც კი მე და ჩემს დისშვილს მოგვიწია... თავის დროზე საბერძნეთში წავედი, 9 წელი იქ ვიყავი... მერე კი გამოვიდა, რომ აქ ღმერთმა დამაბრუნა... მამა ისეთი მადლიანი ადამიანი იყო, ეტყობა, იქიდან ლოცულობდა და ღმერთმა მისი ლოცვა შეისმინა...

ზოგს ალბათ ჰგონია, აქ იმიტომ ვარ და ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებ, რომ მონასტერმა არ მიმიღო... ჯერ ერთი მანამდეც კეთილმოწესე გახლდით, მონასტრის მდივანი... ახლა წასული რომ ვიყავი, ჩემი დატოვება უნდოდათ... იურიდიულად ნორვეგიას ვეკუთვნით... საბერძნეთში ვინც ვიყავით, სხვადასხვა ქვეყანაში გადანაწილდნენ... ამერიკაშიც გვაქვს ძალიან კარგი და ცნობილი მონასტერი. მოძღვარმა მითხრა, - იქაც გელოდებიანო, მაგრამ რაღაც პერიოდი ბევრი რამის გადასაფასებლად, მიკროკლიმატი მჭირდებოდა... სულ აქ ვერ ვიქნები, ნელ-ნელა გადამიყვანენ იქით. უბრალოდ რაღაც პერიოდი ასეთი მისია მაქვს, რომ აქ უნდა ვიყო... თან, პანდემიის შემდეგ შევრჩი... მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ბერძენ მოძღვარს ყველა კონტინენტზე აქვს მონასტერი, აქაურობას სულ ვერ ვტოვებ. როცა საქართველოში საქმეებზე ჩამოვდივარ, ვუვლი, ვპატრონობ. აქ ყოფნა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ცალკე თერაპიაა. ბევრს ვფიქრობ - პატარა ტიბეტი მაქვს და ათონის მთა. თან მამაჩემის საქმეს, რაც დაგვიტოვა, ვაგრძელებ. როგორც გაუხარდებოდა, რომ ენახა... ასე მგონია, რაღაცნაირად მას ვაცოცხლებ კიდეც. გარდა იმისა, რომ ბუნება ძალიან მიყვარს. ღმერთმა თითქოს თავის პლანეტის გარკვეული ტერიტორია ჩამაბარა და იმაზე პასუხისმგებელი ვარ. უნდა იყოს ისეთი, როგორიც მოგვცა, უნდა ყვაოდეს...

- გადაბურული ეზოს გალამაზება თავიდან როგორ დაიწყეთ?

- ხეების გასხვლით. აქ გავლა შეუძლებელი იყო... ყველანაირი ხეხილი ხარობს. იმ შემოდგომითვე, როცა მოვედი, გავსხალი ხეები და თებერვალში კვიპაროსები და ახალი ხეხილიც დავამატე. ქლიავმა წელს უკვე დაისხა, ბროწეული ახლა პირველად აყვავდა, მსხალიც ისხამს. სულ ვრწყავდი, ვბარავდი, სასუქი შემქონდა. გასხვლა თხილებსაც უნდოდა... ამ წუთას ხელები სეკატორისგან გადატყავებული მაქვს...

თუთაზე დეკორაციისთვის ჩიტებისთვის პატარა სახლი დავკიდე, იმდენად დაბლა იყო, არ მეგონა, თუ შესახლდებოდნენ და ერთხელაც იქიდან ჭიკჭიკი გავიგონე.

- მოკლედ, თქვენზეა ნათქვამი, მადლიანი ხელი აქვსო...

- ეგ არ ვიცი, მაგრამ სადაც რაიმე თესლი ჩავყარე, ყველაფერი ამოვიდა. უდროოდაც რომ დავრგე, არაფერი გაფუჭებულა... კვიპაროსებს ველაპარაკებოდი, რომ გაეხარათ... ყველა სეზონის ხილი ხომ არის და ორი სეზონის მარწყვი მაქვს, ერთმანეთს ენაცვლებიან. ცოტა ხნის წინ ალუბალიც დავკრიფე. წელს ცოტა უცნაური ამინდებია და ისე ვერ დაისხა, როგორც შარშან, მაგრამ მურაბა მაინც გავაკეთე. ტყემლისგან საწებელი პირველად მოვათუხთუხე. მურაბები პირველად შარშან მოვხარშე. მერე სხვებს ვჩუქნიდი, ვახარებდი.

ჩემი პატარა კელიაა აქ და მის კედელზე ვაზი თავისით ავიდა. მამაჩემის გაშენებული ვენახი იყო, რომელიც თავის დროზე მოიჭრა, მაგრამ ფესვიდან ამოვიდა და აგერ უკვე მტევანიც აქვს, გამიხარდა.

- ბუნებასთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობის ფონზე რას მიხვდით?

- აი, ჩემთვის მთავარი ამ შემთხვევაში რა არის - მცენარეები კანონზომიერებას მიჰყვებიან. ღმერთმა როგორც შექმნა ისინი, ისევე არიან, მათ არ გადაუხვევიათ იმ გზისთვის. ფოთოლი, ნაყოფი იმ დროს გამოაქვთ, როცა საჭიროა. მიყვებიან წესს, რომელიც მათთვის დაწესდა. ჩემთვის ისინი ღმერთის მორჩილები არიან. მათი ეს რიტმი კი მიკროკლიმატს მიქმნის... თებერვალში გაღვიძებას იწყებენ და შემოდგომამდე გარკვეულ პროცესებს და ეტაპებს გადიან. მათი ეს წესრიგი ძალიან მამშვიდებს - ჩვენგან დამოუკიდებლად რომ ცოცხლობენ, გახარებენ... ჩემთვის მათთან ურთიერთობა სულის სავარჯიშოცაა.

- ბოსტანიც რა ლამაზია...

- ბოსტანში მაქვს პომიდორი, კიტრი, ლობიო, ყაბაყი, მაქვს მწვანილი, სიმინდი. კი, ლამაზი ბოსტანია... ყველაზე რთული ჩემთვის გეგმარება იყო. სად დამეთესა და სად დამერგო ჩითილები, სად იყო უკეთესი მიწა, რომელ მცენარეს უყვარს მზე თუ ჩრდილი... პირველ წელს, როცა დავიწყე, მართლა სასაცილო რამ იყო, მცენარეების თესლებს ორმოებში მუჭა-მუჭა ვყრიდი. მერე რომ ამოვიდა, მისი გამოხშირვა მიწევდა და უკვე გახარებული ჩითილები გადასაყრელად მენანებოდა. ერთ ბუდეში სამი მარცვლის ნაცვლად მგონი, 100 მქონდა ჩაყრილი.

- ეტყობა, ამ მიმართულებით გამოცდილება არ გქონდათ...

- მართალია, არ ვიცოდი. მეურნეობა მონასტერში მე არ მებარა. ამიტომ, არასდროს მქონია მასთან შეხება, მერე ავადაც რომ ვიყავი, ამის მიზეზი ესეც იყო... ახლაც აკრძალული მაქვს მზეში ყოფნა... მაგალითად, ლობიოს უფრო მეტსაც დავთესავდი, სხვისთვისაც რომ გამენაწილებინა, მაგრამ სარწყავი წყლის პრობლემაა... ზოგადად აქ ძალიან გემრიელი პროდუქტი მოდის. ერთ ადგილას ძველი ხეები ამოვყარეთ და რადგან ორმოები გაჩნდა, კარტოფილი დავთესე, უგემრიელესი კარტოფილი მოვიდა.

- მწვანე, ხასხასა ეზო გაქვთ...

- იმიტომ, რომ მწვანე მოლი მიყვარს, გოლფის მოედანი რომაა, ისეთი. ბალახი დაბალზე უნდა იყოს გაკრეჭილი და ამისთვის შესაბამისი ელექტროსაკრეჭი მაქვს. თვითონ ვთიბავ. თავიდან ცოტა უხეში ბალახი იყო და გაკრეჭის შემდეგ თითქოს გაკეთილშობილდა და ისეთი უხეში აღარ არის. რბილი და ნაზია... ხეებს კირით ვღებავ, ეს აუცილებელია და თან, ლამაზიც.

- ყვავილნარიც იქცევს ყურადღებას...

- სხვადასხვა სექცია მაქვს - ერთში არის ლავანდები, ბაზილიკები, ტიტები... მეორე სექციაში დიდი ბუჩქი ყვავილებია... თავიდან უნდა დაადგინო, მჟავე ნიადაგი რომელს უყვარს... ვარდები ჩემმა მეგობარმა დამიკალმა. ყველა გადარჩა. ცხოვრებაში პირველად მაქვს შეხება ვარდებთან და მეგონა, არასდროს მექნებოდა... ბებიას ჰქონდა ძალიან კარგი ბოსტანი და ყვავილნარი, ვარდებიც უყვარდა. ეტყობა, მისგან გამომყვა ბუნების ასეთი სიყვარული. ჩემს უკრაინელ ბებიასაც ჰქონდა ბოსტანი და ეზოს საოცრად უვლიდა. ბევრს შრომობდა. ასე რომ, ვარდების მოვლას ჯერ კიდევ ვსწავლობ...

ჩემს ეზოს ბევრი ფრინველიც სტუმრობს. ბალახს რომ მოვთიბავ, მოლს ჩიტები შემოესევიან ხოლმე, რადგან ბალახის თესლი მოთიბულში იყრება, რომელსაც გემრიელად მიირთმევენ. დიდი ჟრიამული აქვთ. მოდიან შაშვები, იმ დღეს აივნის წინ ოფოფიც დადიოდა... დაბალ ბალახზე საკვებს ადვილად კრეფენ... არიან მოლაღურებიც. ზღარბიც მყავს, ეჟე დავარქვი...

ეს არის გარემო, სადაც არავინ გმტრობს, არ გერჩის, არ გატყუებს, პირიქით, გიღიმის, თავის საქმეს აკეთებს... დისციპლინაა... ამ გარემოს კი სიხარული მოაქვს. ასე რომ, რაც ჩემ გარშემოა, მინდა, მოვლილი, ლამაზი და ჯანმრთელი იყოს.