ავტორი:

"რაგბი ერთიანობა და ურთიერთგაგებაა, ერთმანეთის სიყვარული, ერთმანეთისთვის მუშაობაა" - საქართველოს შვიდკაცას ისტორიული წარმატება: რას ჰყვება გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელი?

"რაგბი ერთიანობა და ურთიერთგაგებაა, ერთმანეთის სიყვარული, ერთმანეთისთვის მუშაობაა" - საქართველოს შვიდკაცას ისტორიული წარმატება: რას ჰყვება გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელი?

2023 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე საქართველოს შვიდკაცამ ისტორიულ შედეგს მიაღწია - პორტუგალიაში, კერძოდ, ალგარვეში ირლანდიასთან ფინალურ მატჩის შემდეგ გუნდი მეორე ადგილზე გავიდა, რაც ჩვენი გუნდისთვის უდიდესი მიღწევაა. სერიას 20 ქულით ირლანდია ლიდერობს, საქართველო 18 ქულით მეორე ადგილზეა, მესამე და მეოთხე ადგილებს კი საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი იკავებენ. მას შემდეგ, რაც შვიდკაცა ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ნაწილი გახდა, მის მიმართ ყურადღება უფრო გაიზარდა. 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ეს სახეობა მესამედ იქნება წარმოდგენილი. მანამდე, 25-27 ივნისს პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, ევროპული თამაშების ფარგლებში, ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირი გაიმართება და პარიზის საგზურისთვის საქართველოც იბრძოლებს. წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ეტაპის შემდეგ, საქართველოს აქვს რეალური შანსი, რომ გახდეს პირველი გუნდი, რომელიც ოლიმპიადის მონაწილე გახდება.

ბესიკ ხამაშურიძე და გია ლაბაძე

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპი ჰამბურგში, 7-9 ივლისს გაიმართება, მანამდე კი წინ ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირია, რომელშიც საქართველოს კონკურენტები ბელგიის, ჩეხეთის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ირლანდიის, იტალიის, ლიეტუვის, პოლონეთის, პორტუგალიისა და რუმინეთის ნაკრებები იქნებიან.

ჩვენს გუნდს ორი მწვრთნელი - ბესიკ ხამაშურიძე და გია ლაბაძე ჰყავს.

"ალგარვეში წარმატება ბიჭებისთვის მართლა დიდი სტიმულია, ისინი მოხვდნენ საქართველოს ნაკრებში და ითამაშეს ჩემპიონატის ფინალი, რაც დიდი მიღწევაა. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ბიჭებით და მიდგომით, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩვენ დიდი პოტენციალი გვაქვს რაგბიში“, - ამბობს ambebi.ge-სთან გია ლაბაძე:

"ახალგაზრდებით დაკომპლექტებული ახალბედა გუნდი გვყავს. სეზონი ძნელად დავიწყეთ, რადგან ეს ბიჭები საქართველოს ჩემპიონატში სხვადასხვა კლუბებიდან არიან შერჩეულნი და ყველანი თავიანთ გუნდებში 15 კაცა რაგბს თამაშობენ, მათ მერე უწევთ შვიდკაცაში გადმოსვლა. ვცდილობდით, კვირაში ერთი დღე მაინც გვეთამაშა, ზოგი მოდიოდა, ზოგი - ვერ, ზოგი ტრავმირებული იყო, ხან 5 კაცი ვიყავით, ხან - 8 და ასე გაგრძელდა სადღაც 6-7 თვის განმავლობაში, დიდი წვალება გამოვიარეთ.

რაგბის ორივე სახეობაში კონტაქტი, ფაქტობრივად, ერთი და იგივეა, უბრალოდ შვიდკაცაში უფრო დიდი სივრცეებია და მისი გამოყენებაა საჭირო, აქ უფრო აგრესიული ბოჭვებია, დიდ სისწრაფეს მოითხოვს... ჩვენ დაბალი ტურნირებით ვიწყებთ და რაც უფრო მაღლა, საერთაშორისო ტურნირებზე ავდივართ, იქ უკვე ძალიან მომზადებული გუნდები გვხვდებიან, როგორიცაა: საფრანგეთი, ირლანდია, ესპანეთი, პორტუგალია, გერმანია... მათი ბიჭები მთელი წლის განმავლობაში ამ სისტემით ვარჯიშობენ, ჩვენ ამას ჯერ ვერ ვახერხებთ, რადგან ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. ისინი ყველანი უკვე პროფესიონალები არიან, ჩვენ კი ჯერჯერობით არაპროფესიონალები ვართ და რასაც ვაკეთებთ, ასე ცოტა ძნელია დიდი მიღწევების მოპოვება. რაც არ უნდა იყოს, აქ სხვანაირი და მეტი და მეტი ვარჯიშია საჭირო. ის ფიზიკური მომზადება, რაც ჩემპიონატში თხუთმეტკაცაში გვაქვს, შვიდკაცას არ ადგება იმიტომ, რომ ეს მეტ ფიზიკურ მოთხოვნილებებზეა დაფუძნებული.

მოლოდინი? პირადად ჩემი ფილოსოფია ასეთია, რომ ყოველ დღე გავიზარდოთ და ჩვენი მიზნები მოედანზე მოვიყვანოთ სისრულეში. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველგან თამაშის და ტურნირის მოსაგებად მივდივართ, ყველაფერს გვერდზე ვდებთ და რაზეც გვაქვს ნამუშევარი, იმაზე ვამახვილებთ ყურადღებას. რაგბი კოლექტიური სპორტია და როცა პატარ-პატარა მიზნებს ვახორციელებთ, იქ უკვე დიდი რეზულტატიც სახეზეა. რაგბში ასეა, ჯერ ყველა საკუთარ თავზე მუშაობს, მერე გუნდურად და შედეგიც ამის შემდეგ მოდის. კმაყოფილი ვარ ჩვენი ბიჭების, სტაფის, მენეჯერის, ექიმების, გუნდის ყველა წევრის... პორტუგალიაში 2 ბიჭი დაგვემტვრა, იყო ცოტა გადაღლილობაც, გზაც - დიდი, ამასთანავე, ერთი თამაში ხომ არაა მხოლოდ, მთელი დღის განმავლობაში სპორტში ხარ ჩართული - დილის 8-დან საღამოს 8-მდე, მანამდე მთელი პროცედურები გვაქვს ჩასატარებელი. თამაშამდე მზად რომ მივიდეთ, ყველაფერი საათებში, წუთებსა და წამებში გვაქვს გათვლილი. ერთი თამაში რომ დამთავრდება, მერე მიდის ძალების აღდგენა და ახლა მეორე თამაშისთვის ვემზადებით. პორტუგალიაში დღეში 2 თამაში გვიწევდა - 12-ზე და 6-ზე. რაგბში წარმატება და ბევრი რამ დამოკიდებულია როგორც შინაგან, ისე გუნდის გარე დისციპლინაზე, ყურადღების კონცენტრირებაზე, დასვენება გინდა და, იმ ხმაურში უნდა მოახერხო და დაიძინო, იკვებო, რათა ენერგია აღიდგინო, იქ მასაჟებია გასაკეთებელი, ექიმები არიან ჩართულები, აქეთ - ფიზიკური მომზადება, გახურება და ა.შ. ყველაფერი უცებ ხდება და სამი დღის განმავლობაში დიდი რუტინა გიწევს. ამასთან, ესპანეთში ვცხოვრობდით და პორტუგალიაში ვთამაშობდით, ყველაფერი წამებსა და წუთებში გვქონდა გათვლილი, არაფერი უნდა შეგეშალოს, რეჟიმიდან არ უნდა ამოვარდე. ჩვენმა სტაფმა უმაგრესად იმუშავა და ძალიან კარგია, რომ ბიჭებიც მოგვყვებიან. ბედნიერებაა, ასეთი სპორტსმენები რომ გვყავს, დიდ იმედს ვამყარებთ მათზე“.

გია ლაბაძემ ჩვენთან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. წინ ზაფხულის ოლიმპიური შესარჩევი ტურნირია და საქართველოს ნაკრებს სერიოზულ გუნდებთან მოუწევს შეჭიდება.

"წინ ოლიმპიური შესარჩევი ტურნირი გველის, სადაც ჩვენი მოწინააღმდეგეები იქნებიან: ესპანეთი, ბელგია და ჩეხეთი - სამივე სერიოზული გუნდია. ასპარეზობა კრაკოვში ჩატარდება და პოლონეთში 24 ივნისს გავემგზავრებით. ყველა ეს გუნდი ცდილობს პირველ ადგილზე გავიდეს, ბოლოს, ფინალის მოგებული იღებს ოლიმპიურ საგზურს 2024-ში პარიზში გასამგზავრებლად. ჩვენ ჩვენსას გავაკეთებთ, წინასწარი პროგნოზები არ მიყვარს...

რაგბი ერთიანობა და ურთიერთგაგებაა, ერთმანეთის სიყვარული და ერთმანეთისთვის მუშაობაა, ასევე, მაღალ დონზე დისციპლინა და რეჟიმია. რაგბით დაკავებულს შინაგანი და გარეგანი ეთიკა თუ არ აქვს, დიდს ვერაფერს გააკეთებს. თან, სათითაოდ ყველა თუ არ აკეთებს, მერე ეს მთელს გუნდზე მოქმედებს. ცხოვრებაშიც ისეთი ტიპაჟი უნდა იყო - რეჟიმში იყო, წონაში არ უნდა მოიმატო, რაციონიდან ცხიმიანი ამოიღო, არ დალიო, იცხოვრო სპორტულად და ჯანსაღი ცხოვრების წესით, იყო მოწესრიგებული... პროფესიონალურ სპორტს ცოტა თავის გადადება სჭირდება მანამ, ვიდრე თამაშობ.

პორტუგალიიდან გუშინ ჩამოვედით, ახლა ცოტას დავისვენებთ და ხვალიდან დავიწყებთ მზადებას, ვარჯიშებს. ქუთაისელები ქუთაისში, თბილისელები თბილისში ითამაშებენ. კრაკოვში დაახლოებით იგივე შემადგენლობა გვეყოლება 2-3 კაცის გარდა, რომლებიც ტრავმირებულნი არიან. ყველაზე პატარა მოთამაშე 18 წლის გვყავდა - ტატიშვილი, ხოლო ყველაზე უფროსი 32 წლისაა - ჭუაძე, "კახელოს“ ვუძახით, დანარჩენების საშუალო ასაკი 25 წელია.

ალგარვეში წარმატება ბიჭებისთვის მართლა დიდი სტიმულია, ისინი მოხვდნენ საქართველოს ნაკრებში და ითამაშეს ჩემპიონატის ფინალი, რაც დიდი მიღწევაა, ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ბიჭებით და მიდგომით, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩვენ დიდი პოტენციალი გვაქვს რაგბიში“.

  • თავად გია ლაბაძე რაგბს დიდი ხნის წინ დაუმეგობრდა, ასე, 14 წლის ასაკში, როცა ფეხბურთიდან რაგბში გადაინაცვლა და მიხვდა, სწორ ადგილას მოხვდა, მისი სპორტი იპოვა. თავდაპირველად "ლელოში“ თამაშობდა ბათო კევლიშვილთან და რაგბის შეყვარებას მას უმადლის. სსრკ-ს ნაკრებშიც ითამაშა, შემდეგ საფრანგეთში წასვლამ მოუწია, სადაც 20 წელი იცხოვრა და ამასობაში 12 წელი თამაშობდა, 6 წელი კი მერიაში, სპორტის დეპარტამენტში იმუშავა, თუმცა რაგბთან კონტაქტი არ გაუწყვიტავს - საფრანგეთში, პარალელურად, პატარებს 15 კაცას ავარჯიშებდა, მერე "ფედერალ 1“-ში გადავიდა, ნახევრად პროფესიონალურ გუნდში... საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ფედერაციაში ბავშვთა განვითარებაზე ზრუნავდა და უკვე წელიწადზე მეტია, რაც ბესო ხამაშურიძესთან ერთად შვიდკაცას წვრთნის, რომელზეც გულშემატკივრები დიდ იმედებს ამყარებენ.