ავტორი:

"საქართველოში ერთ-ერთ ცნობილ ბანკში ვმუშაობდი... ამერიკაში სამი წლის წინ წამოვედი" - გაიცანით გოგონა, რომელიც აშშ-ში ტრაილერის მძღოლად მუშაობს

"საქართველოში ერთ-ერთ ცნობილ ბანკში ვმუშაობდი... ამერიკაში სამი წლის წინ წამოვედი" - გაიცანით გოგონა, რომელიც აშშ-ში ტრაილერის მძღოლად მუშაობს

უმშვენიერესი ნათია რეხვიაშვილი გარშემომყოფებს თავის საქმიანობით აოცებს. იგი ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს, ოცმეტრიანი ტრაილერის მძღოლია. უკვე შეეჩვია, რომ გზად მიმავალი თუ სოციალურ ქსელში უზღვავ კომპლიმენტს იღებს. გოგონები წერენ, რომ მათთვის სტიმულის მიმცემია...

ნათია რეხვიაშვილს სასაუბროდ ამერიკაში დავუკავშირდით...

- ნათია რა პროფესიის ხართ, როდის წახვედით საქართველოდან?

- ბევრი პროფესია მაქვს: თავიდან სამოდელო სფეროში ვიყავი, ჩვენებებზე გამოვდიოდი. შემდეგ უნივერსიტეტი დავამთავრე, ფინანსისტი ვარ. ამ პროფესიის მიხედვით საქართველოს ერთ-ერთ, ცნობილ ბანკში ვმუშაობდი. სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების ექსპერტის თანამდებობაზე... შემდეგ ესთეტიკურ მედიცინაში გადავედი. ინექციებს, პერმანენტულ მაკიაჟს ვაკეთებდი. დაახლოებით სამი წლის წინ ამერიკაში ცოტა ხნით წამოვედი, მაგრამ ჩამოსვლისთანავე მივხვდი, რომ ჩემი ადგილი აქ იყო და უნდა დავრჩენილიყავი. ამერიკაშიც მქონდა შემოთავაზება ერთ-ერთი ცნობილი ბანკიდან - Bank of America ძალიან დიდი დაინტერესება იყო მათთან მეთანამშრომლა, მაგრამ უარი ვთქვი... ამერიკაში "ტრამპ თაუერში" ვთანამშრომლობდი. ტურების მიღება, განაწილება მევალებოდა. ძალიან მაღალი კლასის სტუმრები იყვნენ... ემიგრაციას ძალიან დიდი სტრესი ახლავს. მოწყვეტილი ხარ შენს სამშობლოს, ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს. ყველაფრის დაწყება ნულიდან გიწევს. სამსახურთან დაკავშირებული ძალიან ბევრი სირთულეა... ისეთი სამსახური მინდოდა, სადაც თავს ფსიქოლოგიურად, ემოციურად ჯანსაღად ვიგრძნობდი. მომეწონებოდა ის საქმე, რაც უნდა მეკეთებინა და ანაზღაურების მხრივაც მისაღები იქნებოდა. მანქანის ტარება ყოველთვის მიყვარდა. როცა დასტრესილი ვიყავი, მანქანა ჩემი ერთადერთი განტვირთვის საშუალება იყო იყო. აქ მეგობრები არ მყავდა, არავის ვიცნობდი და მანქანით გასეირნებას, მუსიკის ხმამაღლა მოსმენას არაფერი მერჩივნა. მამასგან, უფროსი ძმებისგან სულ მანქანის ნაწილებზე მესმოდა და მანქანა ჩემთვის უცხო არ იყო. დაახლოებით წელიწადნახევრის წინ იდეა გამიჩნდა, რომ დიდი სატვირთო მანქანის ტარებას შევძლებდი. ვისაც არ ვუთხარი, ცოტა არ იყოს გაოცებული დარჩნენ, მაგრამ მეგობრები, მშობლები ყოველთვის გვერდით მედგნენ.

სულ სტიმულს მაძლევდნენ, რომ შენ ამას შეძლებო. თავიდან მეც მეშინოდა, რადგან მარტივი არ არის. სპეციალური მოწმობა ჭირდება, რთულია, მაგრამ არც ისეთი და შეუძლებელი, ვინმემ მოინდომოს და აღება ვერ მოახერხოს. მიზანი დავისახე, რადგან ვთქვი, რომ მე ეს საქმე უნდა დამეწყო, უნდა გამეკეთებინა. თეორიული მასალა პირველ გამოცდაზე ჩავაბარე, უამრავი მასალა იყო. ღმერთის წყალობით, ჩემი მონდომებით და ცოტა იღბალიც - წარმატებულად ჩავაბარე. შემდეგ აუცილებელია სკოლის გავლა, ფორმალობაა, მაგრამ საჭიროა... გამოცდაზე გავედი, სადაც უამრავი რამ იყო და როგორც კი მართვის მოწმობა ავიღე, მაშინვე მუშაობა დავიწყე. ძალიან მინდა იმ კომპანიაზე გითხრათ, სადაც ვმუშაობ. საოცრად მიდგანან გვერდში და ხელს მიწყობენ. ჩემს მიმართ იმდენად კარგად არიან განწყობილი, არ შემიძლია მათზე არ ვთქვა, რომ არაჩვეულებრივი კომპანიაა...

- გარკვეული პერიოდები არ ისვენებთ?

- კი გავდივარ დასვენებებზე, მაგრამ ბოლოს უკვე თვენახევარია, რაც რეისში ვარ. ძალიან მომწონს ეს საქმე... ბევრი ემიგრანტი ქალბატონი, რომელიც სახლში მუშაობს, ძალიან დასტრესილია. ისე ვერ იკვებება, როგორც სურს, ოჯახის წევრებთან ვერ საუბრობს... აქ კი, ღმერთო ჩემო - ძალიან ვაფასებ! ჰაერზე ვარ, ბუნებას ვუყურებ, მუსიკას როგორ ხმაზეც მინდა, იმდენად ხმამაღლა ვრთავ, რაც მინდა ვჭამ, ვსვამ, სადაც მინდა მანქანას ვაჩერებ და ბოლომდე თავისუფალი ვარ. ჩემი მოვალეობა მხოლოდ ის არის, ტვირთი ა პუნქტიდან ბ პუნქტში მშვიდობით, დაცულად გადავიტანო.

- შეფერხება, ტრანსპორტის გაუმართაობა არ გამოგიცდიათ?

- რა თქმა უნდა, სირთულე ყველა საქმეს ახლავს. მითუმეტეს, როცა 24 საათი გარეთ, გზაზე ხარ... ძალიან დიდი მანძილის გავლა მიწევს. დაახლოებით ხუთი ათასი, რვა ათასი კილომეტრის გავლა კვირაში. ეს ძალიან ბევრია და ზოგჯერ ძილის გატეხვაც მიწევს. გზაზე ათასი დაბრკოლებებია. თუმცა ისეთი არ მახსოვს, ვერ გადამელახოს. კოლეგები ერთმანეთის მიმართ ძალიან კეთილგანწყობილი ვართ, ყოველთვის ვცდილობთ ერთმანეთს დავეხმაროთ. მეც მითხოვია დახმარება, როცა ისეთ ადგილას ვარ, მარჯვენა მხარეს ვერ ვხედავ, ან სხვა ტიპის დახმარება მჭირდება... წარმოიდგინეთ, ეს ტრაილერი სიგრძეში ოცი მეტრია.

მეც ხომ ახალგაზრდა გოგო ვარ, 32 წლის ვარ, მაგრამ სხვების დახმარება მეც მიწევს. ყველაზე მეტი სირთულე ამინდის გაუარესებაა... რასაც ვერ ვიტან და ყველაზე მეტად ნერვებს მიშლის, გზებზე მიმდინარე სამუშაოებია. ამერიკაში არის კონკრეტული მონაკვეთები, სადაც ჩვენ შეგვიძლია მოძრაობა - სიგრძე, სიგანე, სიმაღლის გამო. არის ხიდები, სადაც ვერ გავეტევით და იქ შემოვლითი გზის გავლა გიწევს. მაგალითად, სოფლებში ძალიან ცუდ გზებზე მიმგზავრია. მქონია ისეთი შემთხვევები, ვერ გავსულვარ, ვერ გავტეულვარ. მიწვალია, მაგრამ ისეთი არაფერი დამმართნია, გამოსავალი ვერ მეპოვა. ბევრს კითხვა გაუჩნდა, საბურავი რომ გაგიფუჭდეს, რას იზამო... ამისთვის ამერიკაში დაზღვევა არსებობს, რომელიც ყველა ავტომობილს ეხება. როცა საჭიროა, შესაფერის სამსახურში დარეკავ, მოვლენ და ყველა პრობლემას აღმოფხვრიან.

- გაკვირვებული სახეები, ფრაზები ბევრია?

- ყოველდღე, ყოველი ფეხის ნაბიჯზე... არის სპეციალური ადგილები, სადაც კოლეგები ვაჩერებთ. როცა მხედავენ მანქანიდან ჩავდივარ, ან საწვავს ვასხამ, გაოცებულები მიყურებენ. თუმცა სკეპტიკურად არა, პირიქით, მოსწონთ, უხარიათ... ყოველი ფეხის ნაბიჯზე, გზად რომ მივდივარ, სულ კეთილგანწყობით მესალმებიან. ცერა თითით მანიშნებენ, მაგარი ხარო. უამრავ კომპლიმენტს ვიღებ, რადგან ეს ყველაფერი რაღაცნაირად ესთეტიკურად გამომდის. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ უამრავი გოგონას შეტყობინება მომდის და ამბობენ, რომ მათთვის სტიმულის მიმცემი ვარ. ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესია.

- დიდხანს აპირებთ ამ საქმეს ემსახუროთ?

- დიახ, ჯერჯერობით ვაპირებ... შემდეგ მაქვს სამომავლო გეგმები, რომელიც ამ საქმეს უკავშირდება, ასევე ჩემს პროფესიას. მაქვს გეგმები, რომლის მიხედვით შესაძლებლობა მექნება ქალბატონები დავასაქმო. ვფიქრობ, სამყაროსთვის ყველაზე კარგია, რაც უფრო ჯანსაღი და არადასტრესილი ადამიანები იქნებიან. ამერიკული ოცნებები ხდება, ოღონდ თავისით არა, ამისთვის ძალიან ბევრი შრომაა საჭირო. ამერიკა ძალიან კარგი ქვეყანაა, ისევე როგორც ჩვენი ქვეყანა, საქართველო.. უბრალოდ ამერიკა გაძლევს საშუალებას, თუკი რამ მიზნები გაქვს, აისრულო. თუ ამის მზაობა ადამიანს ექნება, ეს ქვეყანა ენერგეტიკულად ნებისმიერს დაუბრუნებს.

- პირად ცხოვრებაზე რას გვეტყოდით?

- პირადზე არ ვფიქრობ, მიმაჩნია, რომ არ არის დიდად საინტერესო და საუბრისგან თავს შევიკავებ... ჩემს ოთხფეხა მეგობართან, ჩემს ძაღლთან ერთად ვმოგზაურობ, საუკეთესო კომპანიონია და თავგადასავლებით სავსე გზა გვაქვს...