უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსულ ძალებს შორის, გასული დღის განმავლობაში, 30-ზე მეტი შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.
"მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე - გასული დღის განმავლობაში 30-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა“, - აცხადებენ გენშტაბში.
უწყების ცნობით, ღამით რუსეთმა უკრაინაზე ირანული Shahed-ის ორი დრონის გამოყენებით მორიგი საჰაერო დარტყმა განახორციელა, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა ორივე მათგანი გაანადგურა.
"გასული დღის განმავლობაში მტერმა 5 სარაკეტო დარტყმა განახორციელა Х-101/Х-555 და Х-59 ტიპის ფრთოსანი რაკეტებით. გარდა ამისა, 60-ზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელეს და ჩვენი ჯარების პოზიციების და მშვიდობიანი დასახლებების წინააღმდეგ მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 80-ზე მეტჯერ გახსნეს.
სამწუხაროდ, მშვიდობიან მოსახლეობაში არიან დაღუპულები და დაჭრილები, დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივი-რიჰში დაზიანებულია სამრეწველო ობიექტები, ხერსონის ოლქში დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურა“, - აცხადებენ გენშტაბში.
ამასთან, გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღის განმავლობაში, 13 დარტყმა მიაყენა იმ ადგილებს, სადაც მტრის ცოცხალი ძალა იყო დისლოცირებული.
"ჩვენმა დამცველებმა, ასევე, გაანადგურეს Shahed -131/136 ტიპის ირანული დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი, "ორლან-10“ ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი და 3 სადაზვერვო დრონი“, - აცხადებენ გენშტაბში.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ გასული დღის განმავლობაში, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა მოწინააღმდეგის 2 სამეთაურო პუნქტს, S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემას, ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის განლაგების 4 ტერიტორიას, 3 საბრძოლო საცავსა და 7 საარტილერიო დანადგარს დაარტყეს.