ავტორი:

იახტები, ქრთამი, საყვარელი... - სერგეი ლავროვის ორმაგი ცხოვრება: ვინ არის ქალი, რომელსაც რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ყველა ხუშტურს უსრულებს?

იახტები, ქრთამი, საყვარელი... - სერგეი ლავროვის ორმაგი ცხოვრება: ვინ არის ქალი, რომელსაც რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ყველა ხუშტურს უსრულებს?

თავის იმპერიალისტურ ამბიციებს რუსეთი ხშირად სარწმუნოებით, ტრადიციული ოჯახური ფასეულობებითა და კულტურით ნიღბავს. პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თავის გამოსვლებში ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ რუსეთი პატიოსანი ოჯახის ინსტიტუტით იცხოვრებს. დაზომბებული Z რუსები, შესაძლოა, პუტინის ამ რიტორიკას იჯერებენ, თუმცა საზოგადოების ნაწილმა იცის, რომ პრეზიდენტის მსგავსი მიმართვა თვალებში ნაცარის შეყრა და მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების გამყარების მცდელობაა.

დღეს მოგიყვებით ადამიანზე, რომელსაც რეიტინგით მხოლოდ პუტინი უსწრებს. კამერების წინ და პიარის თანახმად, ის სამაგალითო მეოჯახეა. საარჩევნო პლაკატებზე ხშირად ფიგურირებს, როგორც "პატიოსანი ცხოვრების" ეტალონი და რუსეთის სახე მთელ მსოფლიოში...

მოკლედ, ჩვენი სტატიის გმირი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვია.

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ უკვე მრავალი წელი ლავროვი ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს.

საჯაროდ ის პატიოსანი მეოჯახეა, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც ოფიციალურ ცოლთან - მარიასთან ქორწინებაშია, წყვილს ერთი ქალიშვილი - ეკატერინა ჰყავს... და ის თითქოს პარტიის სხვა წევრებისგან განსხვავებით, მოკრძალებულად ცხოვრობს.

ოფიციალურ ცოლთან და შვილთან ერთად

სინამდვილეში კი, მას მეორე ოჯახიც ჰყავს, საყვარელი, რომელიც უძვირფასესი მანქანების და მოსკოვში, პოდმასკოვიესა და ლონდონში ელიტარული უძრავი ქონების მფლობელია.

ვიდრე მის არაოფიციალურ ოჯახზე მოგიყვებით, აქვე გეტყვით, რომ ლავროვის ქალიშვილმა ეკატერინამ სკოლა აშშ-ში, კერძოდ, ნიუ იორკში დაამთავრა და სწავლობდა კოლუმბიის უნივერსიტეტში.

ახლა რაც შეეხება სერგეი ვიქტორის ძის ოჯახს მიღმა ვნებებს, საგარეო საქმეთა სამინისტროში ლავროვის საყვარელს - სვეტლანა პოლიაკოვას, ფაქტობრივად, მის ცოლად მიიჩნევენ. მეტიც, თურმე სატელეფონო ნომრების ბაზაში, ის ლავროვის გვარით ჰყავთ ჩაწერილი.

სვეტლანა პოლიაკოვა

წყაროები გამომძიებელ ჟურნალისტებს უყვებიან, რომ სამინისტროში სვეტლანას უზარმაზარი გავლენა აქვს. თუ ვინმე თვალში არ მოსდის, შეუძლია გააქროს სამინისტროდან. ხშირად სტუმრობს ოფიციალურ წვეულებებს. ბოლოს და ბოლოს, როდესაც ლავროვი პუტინს ხვდება, სვეტლანაც თითქმის სულ თან ჰყავს.

და, რა თქმა უნდა, როგორც მინისტრის საყვარელს შეეფერება, ძალიან მდიდარია. ოფიციალურად სვეტლანა არსად მუშაობს. თუმცა მოსკოვის ერთ-ერთ უბანში 260 კვ.მ სახლი აქვს. უძრავი ქონების სავარაუდო ფასი - 700 მილიონი რუბლია.

საინტერესოა, რომ ამავე სახლში სვეტლანა პუტინის საყვარლის, ალინა კაბაევას დედას, ლუბოვ კაბაევას ემეზობლება.

ლავროვის საყვარელი მოსკოვის ბინით არ დაკმაყოფილდა. გადამღლელი "სამუშაო პერიოდის" შემდეგ, დასვენებაა საჭირო. ამიტომ აგარაკი მოსკოვის ოლქში აუცილებელია.

თანაც ავტობუსით ხომ არ იმგზავრებს? ამიტომაც 20 მილიონი რუბლის ღირებულების ავტოპარკი აქვს.

სვეტლანას ქალიშვილს ლონდონის სუპერელიტურ უბანში 400 მილიონი რუბლის ღირებულების სახლი აქვს. გოგონამ ასეთი სახლი 21 წლის ასაკში "იყიდა“.

ცხადია, რომ პუტინის მინისტრები წლობით ძარცვავენ ქვეყანას, ითვისებენ სახელმწიფო ბიუჯეტს, იღებენ ქრთამებს და გეომეტრიული პროგრესიით მდიდრდებიან.

როგორც წესი, პუტინის მინისტრები მოხერხებულად იყენებენ მდიდარ ოლიგარქებს, პრინციპით, "ხელი ხელს ჰბანსო...“

მე მოგიგვარებ პოლიტიკურ და სამართლებრივ პრობლემებს, შენ კი ამის საფასური მიხადე, - ამ მიდგომით მთავრობის წარმომადგენლები მილიარდერ ოლიგარქებს "წველიან“. ლავროვის გზაც სწორედ ამ ქვედა დინებების ნათელი მაგალითია...

2021 წელს "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტებმა ამჟამად რუსეთის სათათბიროში ჟირინოვსკის მემკვიდრეზე, "სოციალ-ლიბერალური" ფრაქციის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკიზე საგამოძიებო სიუჟეტი მოამზადეს და მისი 11 წლის ქალიშვილის "ტიკტოკზე" საინტერესო მასალებს მიაგნეს. გოგონა გამომწერებს "ბენტლის" მარკის მანქანით აწონებდა თავს. ასევე ჰყვებოდა, რომ 5 წლის შემდეგ შვეიცარიის პასპორტს მიიღებდა. შეგახსენებთ, ეს ის ლეონიდ სლუცკია, რომლის სახელიც 2018 წელს პრესის ფურცლებიდან არ ჩამოდიოდა. ის სამმა რუსმა ჟურნალისტმა სექსუალურ ზეწოლაში დაადანაშაულა.

გარდა სლუცკის ქალიშვილის ვიდეოებისა, ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ სლუცკი თურქეთში დაახლოებით, 3 მილიონევროიან ვილას ფლობდა, რომელსაც საკუთარი ნავსაყუდელი აქვს, სადაც იმჟამად მდიდრული იახტა Saluzi იყო გაჩერებელი. აი, როგორ გამოიყურება ის.

ადგილობრივმა თურქმა ბლოგერმა, რომელიც გატაცებულია თურქეთის ზღვის ტერიტორიაში შემავალი გემების შესწავლით, 2021 წლის 3 აგვისტოს "ტვიტერში" პოსტი გამოაქვეყნა:

"საინტერესო იახტა. სუპერ იახტა მარშალის კუნძულების დროშით, რომელზეც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ისვენებს“.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Yacht of Interest: chartered Marshall Islands flag super yacht Saluzi near D-Maris, south of Datça Peninsula. Russian Foreign Minister Sergey Lavrov is vacationing on this yacht. <a href="https://t.co/n2GO32OsZh">pic.twitter.com/n2GO32OsZh</a></p>&mdash; Yörük Işık (@YorukIsik) <a href="https://twitter.com/YorukIsik/status/1422503617731366926?ref_src=twsrc%5Etfw">August 3, 2021</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

"ტვიტი" არც ისე დამჯერებელი საბუთია. თანაც იმ პერიოდში საარჩევნო კამპანია იყო გაჩაღებული, ლავროვი კი - "ედინაია რასიას“ მთავარი სახე იყო. ასეთი დასვენებისთვის, წესით, ვერ უნდა მოეცალა. ამიტომაც ჟურნალისტებმა გადაამოწმეს, იქნებ მართლაც ნავარდობდა უძვირფასესი იახტით ლავროვი?

2021 წლის 26 ივლისს იახტა იალიკავაკის პორტიდან გავიდა, ეს ქალაქი ბოდრუმის სიახლოვესაა.

1-ლ და 2 აგვისტოს გაჩერდა იმ ადგილას, სადაც ლეონიდ სლუცკის ვილაა. 6 აგვისტოს კი იახტა ბოდრუმში დაბრუნდა. Saluzi სტუმრებთან ერთად 11 დღის განმავლობაში იმყოფებოდა ზღვაში. საინტერესოა, ამ პერიოდში სად იყო ლავროვი, როგორც რუსული ოფიციალური წყაროები იუწყებოდნენ, - მოსკოვში იყო და მუშაობდა.

თუმცა ჟურნალისტებმა გამოიძიეს და ამ ხნის განმავლობაში ლავროვი საჯაროდ არცერთ სახელმწიფო ღონისძიებაზე არ გამოჩენილა. მხოლოდ მისი სახელით სოციალურ ქსელში ქვეყნდებოდა ოფიციალური განცხადებები თუ მისასალმებელი წერილები. მაგალითად, 2021 წლის 1-ელ აგვისტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე ლავროვის ვიდეომილოცვა გავრცელდა, რომელშიც ის რკინიგზის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავდა. ჟურნალისტებმა მასალა გადმოწერეს და გადაამოწმეს, აღმოჩნდა, რომ ვიდეო შექმნილი იყო 22 ივლისს, ხოლო გამოქვეყნდა, ფაქტობრივად, 1 კვირის შემდეგ.

ზოგადად პუტინის მთავრობას სჩვევია, როდესაც რამდენიმე დღით ადრე სხვადასხვა ვიდეოს ჩაწერს და მერე პერიოდულად აქვეყნებს. ლავროვიც არ აღმოჩნდა გამონაკლისი.

შესაძლოა, ვინმესთვის ეს გარემოებაც არ იყოს მთლად დამაჯერებელი, მაგრამ იმავე პერიოდში ლავროვის საყვარლის ქალიშვილმა პოლინა პოლიაკოვამ - ეს ის გოგოა, 21 წლის ასაკში 400 მილიონ რუბლად ლონდონში ბინა რომ შეიძინა, ვიდეო გამოაქვეყნა, რომლის გეოლოკაციაც ზუსტად იქ იყო მითითებული, სადაც სლუცკის ვილაა. შემდეგ "სთორიში" კი პოლინა ემშვიდობება ზუსტად იმ იახტას, რომელზეც თურქი ბლოგერი წერდა...

მოკლედ, სლუცკის იახტაზე იმყოფებოდნენ ლავროვი და მისი საყვარლის შვილი, თუმცა სად იყო თავად სვეტლანა?

26 ივლისს ბიზნეს-ჯეტი ფალკონ 7X მოსკოვიდან მილას-ბოდრუმის აეროპორტში გაფრინდა.

იმავე დღეს იახტა Saluzi ზღვაში გავიდა და აეროპორტთან ახლოს გაჩერდა. 6 აგვისტოს Saluzi ნაპირთან ნახეს, საიდანაც ლავროვის დე ფაქტო ოჯახი კერძო თვითმფრინავით ემბრაერ 650-ით უკან, მოსკოვში დაბრუნდა.

გამომძიებელი ჟურნალისტები წერენ:

"Saluzi-ს ქირაობა კვირაში 480 000 ევრო ღირს, ანუ 11-დღიანი მოგზაურობა ლავროვის ოჯახს 754 000 დოლარი დაუჯდა, რაც 55 მილიონი რუბლია. 11 დღეში 55 მილიონი რუბლი. ეს არის ლავროვის ბოლო 7 წლის ხელფასი. ვიღაცამ ეს ფული გადაიხადა, მაგრამ ლავროვი ამას ფიზიკურად ვერ შეძლებდა, თუ ბოლო 7 წელი ხელფასს მხოლოდ აგროვებდა და არაფერს ხარჯავდა საერთოდ".

მიუხედავად იმისა, რომ სვეტლანა საგარეო სამინისტროს ოფიციალური თანამშრომელი არ არის, ის ლავროვს, ფაქტობრივად, ყველა გასვლით შეხვედრაზე თან ახლავს. წყვილი ოფიციალური ვიზიტით ერთად იმყოფებოდა: ადის აბებაში, პარიზში, ბაქოში, მიუნხენში, ლუანდაში, ანგოლაში და სხვა. 7 წლის განმავლობაში პოლიაკოვამ 60-ჯერ ისარგებლა სამინისტროს სამსახურში მყოფი თვითმფრინავით.

სხვათა შორის. ლავროვის საყვარელი ფილმშიც გადაიღეს, რომელშიც დიმა ბილანიც თამაშობდა, სვეტლანა პოლიაკოვა ეპიზოდურ როლშია და მის გმირს ანალოგიური სახელი და გვარი სვეტლანა პოლიაკოვა ჰქვია. ქალი გრაფინიას როლს თამაშობს, სულ სამ სიტყვას ამბობს. თუმცა ისეთი როლი აქვს, სადაც ყველა პატივს სცემს და ხელზე ეამბორება.

როგორც ირკვევა, წყვილს თან დაჰყავდათ პოლინაც.

2017 წლის 19-დან 21 მარტის ჩათვლით, ლავროვი, მისი საყვარელი და შოიგუ იაპონიაში გაემგზავრნენ. ისინი იქ კოლეგებს უნდა შეხვედროდნენ. პოლინას "ინსტაგრამზე" სწორედ ტოკიოში გადაღებული სურათები გამოჩნდა...

როგორც ირკვევა, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ თვითმფრინავს იყენებდა პოლიაკოვას დედაც, 73 წლის თამარა პოლიაკოვა. თამარა და ლავროვი 2016 წლის დეკემბერში ჰამბურგში გაფრინდენ. 2017 წელს კი - ვენაში, 2020 წელს კი მიუნხენის კონფერენციაზეც გაჰყვა.

2021 წელს კი საყვარლის ნათესავი, 18 წლის ვალერია პოლიაკოვაც წაიყვანეს ოფიციალურ "მივლინებაში“. აქ ლავროვს არაფერი დაუმალავს და ვალერიას გამგზავრების მიზანში ოჯახის გამცილებლის სტატუსი აქვს მითითებული.

მოკლედ, სახელმწიფო ბიუჯეტით სერგეი ლავროვს მოგზაურობაში დაჰყავს: საყვარელი, საყვარლის დედა, საყვარლის შვილი და საყვარლის ნათესავები.

ჟურნალისტური გამოძიებით მტკიცდება, რომ წლებია, ლავროვის ოჯახს ოლიგაქრი ოლეგ დერიპასკას თვითმფრინავები ემსახურება. ოლეგ დერიპასკას ქონება "ფორბსის" მიერ 4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

სვეტლანა დერიპასკას თვითმფრინავებით 2014, 2015, 2016 და 2017 წლებში აქტიურად დაფრინავდა. ჩერდებოდა, მაგალითად, ჩერნოგორიაში, სწორედ დერიპასკას ვილაში, ავსტრიაში კი მისივე კუთვნილ სასტუმროში... როგორც ჩანს, დიდი ხნის განმავლობაში ოლიგარქი სწორედ ის პირი გახლდათ, ვინც ლავროვს მფარველობის სანაცვლოდ, არაფერზე ეუბნებოდა უარს...

აღსანიშნავია, რომ დერიპასკა აშშ-ის ეკონომიკური სანქციების ქვეშ 2018 წლიდან იმყოფება. მის საკუთრებაშია რუსეთის ალუმინის მომპოვებელი უმსხვილესი კომპანია Rusal-ის 45%-იანი წილი.

  • მოამზადა ანრი კურტანიძემ