ავტორი:

პროტესტის მე-11 დღე: მაღაროელების მხარდასაჭერად ჭიათურაში მასშტაბური მსვლელობა გაიმართა - "ჩვენ არ გავჩერდებით, ეს უკვე სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია..."

პროტესტის მე-11 დღე: მაღაროელების მხარდასაჭერად ჭიათურაში მასშტაბური მსვლელობა გაიმართა - "ჩვენ არ გავჩერდებით, ეს უკვე სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია..."

ჭიათურელები გაფიცული მაღაროელების მხარდასაჭერად ქუჩებში გამოვიდნენ და ქალაქში საპროტესტო მსვლელობა გამართეს. ჭიათურის მერიის წინ გაფიცულ მაღაროელებს კარვები აქვთ გაშლილი. ისინი უკვე მეხუთე დღეა შიმშილობენ.

დღეს ერთ-ერთმა მათგანმა მალხაზ სარალიძემ პირი ამოიკერა.

როგორც გაფიცულები აცხადებენ, მან პროტესტის უკიდურეს ფორმას, ხელმძღვანელობასთან უშედეგო მოლაპარაკებების გამო მიმართა.

უკვე მეთერთმეტე დღეა გაფიცული მაღაროელები ხელფასების გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომის უსაფრთხოების დაცვას მოითხოვენ.

მათი თქმით, შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კომპანია დათმობაზე არ წავიდა. როგორც ისინი აცხადებენ, სახელმწიფო, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ მედიატორის ფუნქციით შემოიფარგლება, უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს პრობლემების მოგვარებაში.

მაღაროელთა თქმით, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" არ თანხმდება მთავარ მოთხოვნას - ხელფასის 40%-ით მომატებას და სამუშაო გრაფიკის უცვლელად დატოვებას. კომპანიის ადმინისტრაცია მათ სახელფასო ანაზღაურების მხოლოდ 5%-იან მატებას სთავაზობს, რაც მათთვის მიუღებელია. ასევე მიუღებელია 12-საათიანი სამუშაო გრაფიკის ნაცვლად, დღეში 8-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლა, რადგან ამით დასვენების დღები 14-დან 8-მდე უმცირდებათ.

"მეთერთმეტე მაღაროელმა დაიწყო შიმშილობა და მან დღეს პირი ამოიკერა. ის არ არის ერთადერთი და შესაძლოა, სხვებმაც იგივე გააკეთონ. ველოდებით მედიატორის პასუხს. პროტესტი არ შეწყდება თუ მთავარი მოთხოვნები არ დაკმაყოფილება", - განაცხადა ერთ-ერთმა მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ.

"ჩვენ არ გავჩერდებით, ეს უკვე სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, გთხოვთ, დაგვეხმარეთ ჩვენი კანონიერი მოთხოვნების შესრულებაში", - განაცხადა მსვლელობის მონაწილე ერთ-ერთმა მაღაროელმა.

გუშინ, ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებთან სახალხო დამცველი ჩავიდა. ლევან იოსელიანი გაფიცულებს და მოშიმშილეებს შეხვდა და მათ მოთხოვნებს გაეცნო. იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ფლობს ინფორმაციას მიმდინარე პროცესების შესახებ.

"ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვაკეთებთ ყველაფერს და გავაგრძელებთ, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მიიღწეს, ამის მოლოდინი აქვთ. რაც დავინახე, ყველაზე მთავარი, ეს ხალხი არ არის განწყობილი რადიკალურად, მზად არიან, წავიდნენ დათმობებზე, მაგრამ ამავე დროს მეორე მხარესაც მოუწოდებენ, რომ დათმონ და მათი მოთხოვნებიც იყოს გაზიარებული." - განაცხადა ლევან იოსელიანმა გუშინ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, უკვე მე-11 დღეა ჭიათურაში დაწყებული პროტესტის გამო, მაღაროები გაჩერებულია. გაფიცულები კომპანიისგან 14 პუნქტის დაკმაყოფილებას ითხოვენ. მათ შორის: ხელფასების ზრდას, დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება; დასაქმებულებისთვის შვებულებით სარგებლობის უფლება; ტექნიკური განახლება/გაუმჯობესება; უსაფრთხოების გაკონტროლება და ა.შ.

კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს შეწყვიტონ პროტესტი, განაახლონ მუშაობა და მუშაობის შედეგად რა ეკონომიკური ეფექტიანობაც იქნება მიღწეული, იმის მიხედვით განისაზღვროს თანამშრომელთა ბონუსები და ბენეფიტები.

კომპანიასა და დასაქმებულებს შორის მედიაციის პროცესში ჯანდაცვის სამინისტრო 12 ივნისს ჩაერთო, სადაც აცხადებენ, რომ პროცესში, ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული.

ასევე იხილეთ: