ავტორი:

"მაშ, ვინ მოკლა ჩემი შვილი?!" - რას ამბობენ 18 წლის ბიჭის მშობლები, რომლის მკვლელობის საქმეზე დაკავებული თარაშ კანდელაკიც სასამართლომ დამნაშავედ მხოლოდ ნაწილობრივ ცნო?

"მაშ, ვინ მოკლა ჩემი შვილი?!" - რას ამბობენ 18 წლის ბიჭის მშობლები, რომლის მკვლელობის საქმეზე დაკავებული თარაშ კანდელაკიც სასამართლომ დამნაშავედ მხოლოდ ნაწილობრივ ცნო?

დღეს ცნობილი გახდა, რომ გორში, 18 წლის ერეკლე თედლიაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული თარაშ კანდელაკი სასამართლომ ძალადობაში დამნაშავედ ცნო, ხოლო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ნაწილში გაამართლა.

გორის რაიონული სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, პროკურატურა სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გორის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალდებული თ.კ, რომელმაც 2020 წლის 9 ივნისს, გორში, რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა შელაპარაკებისას, ხელის დარტყმით დაზარალებულს თავის არეში სხეულის მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა, დამნაშავედ ცნო დაზარალებულის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტზე და გაამართლა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ნაწილში.

უწყების განმარტებით, პროკურატურა აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 9 ივნისს, გორში, რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა შელაპარაკებისას, ხელის დარტყმით დაზარალებულს თავის არეში სხეულის მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის) წარუდგინა. გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) გადააკვალიფიცირა და მას სასჯელის სახედ და ზომად 8 თვით და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. პროკურატურა განაჩენს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსნებთ, თარაშ კანდელაკი ცნობილი მოკრივის, გიორგი კანდელაკის შვილია.

სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოხმაურნენ მოკლული ბიჭის მშობლები. მათ კომენტარს "რუსთავი 2" ავრცელებს.

ერეკლე თედლიაშვილის მამა:

"ვერაფერი ვთქვი სასამართლოზე, ისე წარმოადგინეს ადვოკატებმა ყველაფერი, ვიფიქრე, ჩემი შვილი არ დაადანაშაულონ-მეთქი. ვერ გავიგე, მაშ, ვინ მოკლა ჩემი შვილი, ვინ დაარტყა, ვინ სცემა? დამნაშავე არავინ ყოფილა? - ვერ გავიგე სასამართლოსგან... მაშინ, რამ გამოიწვია ერეკლე თედლიაშვილის ასეთი ტრავმა. ვინ დაარტყა, რა დაარტყა, თუ იმან არ დაარტყა, მაშინ ვინ დაარტყა, ვერ გასცა ამ კითხვებს სასამართლომ პასუხი".

ერეკლე თედლიაშვილის დედა:

"აქამდე კიდევ რაღაცას ვებღაუჭებოდით, იქნებ, სამართალს კიდევ ეზეიმა, რათა ამ ბავშვის მსგავსად კიდევ სხვები არ დაიღუპნონ. როგორც უნდოდათ, ისე წაიყვანეს საქმე, სად წავიდა ის სისხლიანი პერანგები, რომელიც მაგათ ეცვათ და გააქრეს, მტკიცებულებები გააქრეს, კამერები გააქრეს, ექსპერტიზა არ გვაქვს..."

18 წლის ერეკლე თედლიაშვილი სამ თვეს ებრძოდა სიკვდილს. ის 2021 წლის 12 სექტემბერს "ჯერარსის" კლინიკაში გარდაიცვალა. ახალგაზრდა 9 ივნისს გორში, სტალინის ქუჩაზე, რესტორან "ჯოსეფის" მიმდებარე ტერიტორიაზე მძიმედ დააშავეს. სამი თვის განმავლობაში მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ახალგაზრდის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. ამ საქმეზე სამართალდამცავებმა მსოფლიო ჩემპიონ გიორგი კანდელაკის ვაჟი, მოკრივე თარაშ კანდელაკი დააკავეს. სწორედ გიორგი კანდელაკი იყო რესტორან "ჯოსეფის" მფლობელი. როგორც თვითმხილველები იმჟამად ამბობდნენ, ჩხუბში 20-მდე კაცი მონაწილეობდა, რაც შემდგომ ახლომდებარე კორპუსთან გაგრძელდა.