ავტორი:

"მე გიორგი ვარ გახარია, ეს ლოლაა. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში გახშირდა სასტიკი მოპყრობა ცხოველებისადმი" - რა ვიდეოს აქვეყნებს ექსპრემიერი

"მე გიორგი ვარ გახარია, ეს ლოლაა. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში გახშირდა სასტიკი მოპყრობა ცხოველებისადმი" - რა ვიდეოს აქვეყნებს ექსპრემიერი

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია ცხოველების მიმართ ადამიანთა სასტიკ მოპყრობას ეხმიანება და ამ თემაზე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს:

"გამარჯობა, მეგობრებო, მე გიორგი ვარ გახარია, ეს ლოლაა. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში გახშირდა სასტიკი მოპყრობა ცხოველებისადმი. ნებისმიერ საზოგადოებაში როგორ ეპყრობიან ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს, ბევრ რამეზე მეტყველებს, ამიტომ იმისთვის რომ ვაჩვენოთ, როგორ გვიყვარს ჩვენი ოთხფეხა მეგობრები, მოდით, შევიკრიბოთ კვირას, შვიდ საათზე, პარლამენტის წინ", - წერს ექსპრემიერი.

ცნობისთვის, წალკაში მოქალაქემ მიუსაფარი ძაღლი მოკლა. სამართალდამცველებმა ძაღლის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებული სისხლის სამართლის 259-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ცხოველის წამებას, ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

მანამდე, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ძაღლს მოქალაქემ ჯერ ავტომობილიდან ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ესროლა, შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა, ცხოველს მიუახლოვდა და სავარაუდოდ, კვლავ ესროლა.