"ამ კომპლექსის აშენების ისტორია ჯერჯერობით დაუდგენელია გადმოცემებით ვიცით რომ მეთვრამეტე საუკუნისა ნაგებობაა, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია. მოგეხსენებათ ჩვენს კუთხეში სამცხე ჯავახეთში დაიბადა ერთადერთი საუკუნოვანი პოეტი შოთა რუსთაველი… იდეა გამიჩნდა მისი უკვდავი პოემა "ვეფხისტყაოსანი“ და თამარ მეფის ცხოვრება კედლებზე გამეცოცხლებინა და ნახატად მექცია" - ამბობს ავთანდილ მაღრაძე, რომელმაც საკუთარი ოდა მოხატა და იქ მისი შემოქმედების გასაცნობად მრავალი ვიზიტორი მიდის...
ავთანდილ მაღრაძე თავის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე გვესაუბრა...
- როგორ იხსენებთ ბავშვობას, როგორ გარემოში იზრდებოდით, რა იყო თქვენი მისწრაფებები?
- დავიბადე ბორჯომის რაიონ სოფელ ბალანთაში, იქვე გავიზარდე. როგორც ყველა ბავშვი გატაცებული ვიყავი მულტფილმის გმირების ხატვით და არა მარტო. ვხატავდი რაც მომეწონებოდა, თუნდაც ეს ყოფილიყო ნატურმორტი, პეიზაჟი და ასე შემდეგ... გარემო არც ისე სახარბიელო იყო, ჩვეულებრივ ოჯახში ვიზრდებოდი. მისწრაფებები მქონდა ვყოფილიყავი ფეხბურთელი, მოცეკვავე, და მოჭიდავე. წარმატებები სკოლის პერიოდში ის იყო, რომ სირბილში როგორც ყველა მოსწავლე სიგელით დამაჯილდოვეს... შემდეგ სტუდენტობის დროს ესეთ თამაშში მივიღე მონაწილეობა s yti game, ავიღე პირველი ადგილი და სერტიფიკატი, სიგელი გადმომცეს...
სამი წლის ასაკში პირველად დავხატე მზე შემდეგ ეტაპობრივად ვხატავ სხვადასხვა სახის ნამუშევრებს მაგალითად პეიზაჟს, ნატურმორტს, პორტრეტს არაერთი მათგანი შემონახული მაქვს. ასევე შემიძლია ხატწერა 3d ნახატების შექმნა. ახლა უკვე დავიწყე ჩემი ფანტაზიით მანქანების მოდელების შექმნა. ვმუშაობ ნებისმიერი სახატავი საშუალებებით შემიძლია როგორც ხეზე ასევე ქვაზე კვეთა და ტანსაცმლის დიზაინიც… 2020 წელს დავიწყე ჩემივე სოფლის სკოლაში მუშაობა. დაახლოებით ერთი წელია ჩემი ნამუშევრები გამოფენილია ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
- პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევით?
- დიახ...თავიდან როცა მუშაობას ვიწყებდი, თვითნებური განცდა მქონდა, თუ როგორ გავუმკლავდებოდი ამ პასუხისმგებლობას. შემდეგ როცა კალაპოტში ჩავდექი, არც ისე რთული აღმოჩნდა. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ბავშვები ძალიან მეგობრულები და გადასარევი მოსწავლეები არიან. გულმოდგინედ სწავლობენ იმ საგანს რომელსაც მე ვასწავლი.
- თქვენ ისტორიულ ნახატებს ქმნით...
- ჩვენი ქვეყანა დიდი ისტორიის და კულტურის მატარებელია... ჩვენ გვაქვს შემონახული ძველებური ოდა სახლი. ამ კომპლექსის აშენების ისტორია ჯერჯერობით დაუდგენელია. გადმოცემებით ვიცით, რომ მეთვრამეტე საუკუნისა ნაგებობაა, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია. მოგეხსენებათ ჩვენს კუთხეში სამცხე ჯავახეთში დაიბადა ერთადერთი საუკუნოვანი პოეტი შოთა რუსთაველი… იდეა გამიჩნდა მისი უკვდავი პოემა „ვეფხისტყაოსანი“ და თამარ მეფის ცხოვრება კედლებზე გამეცოცხლებინა და ნახატად მექცია.. ერთ მხარეს თვითონ შოთა რუსთაველი, ქაჯეთის ციხე, ვეფხისა და მოყმის ბრძოლა. მეორე მხარეს თამარ მეფე, დავით სოსლანი და დავით აღმაშენებელი თავისი მეომრებით სიმართლე გითხრათ რთული სულაც არაა ჩემთვის. ძალიან შრომატევადი კი არის. ყოფილა მომენტი გვიან ღამემდე მიხატია მაგალითად ერთ ნახატს ერთი თვე ვხატავდი.
ეს იდეა მოვიდა ისტორიის დიდი სიყვარულის გამო... მაგალითად დავით აღმაშენებლის ნახატზე იკითხება ასეთი სცენა დიდგორის ბრძოლა, დავით სოსლანის ნახატზე კი ბასიანის ბრძოლა რუმის სულთნის წინააღმდეგ, ქაჯეთის ციხის აღება სამი ძმის მიერ, და ლომ ვეფხის ბრძოლა ტარიელთან ავთანდილის დახმარებით...
აქ ძალიან ბევრი რამაა გასაკეთებელი და ეს ყველაფერი დროსთან თანხებთან არის დაკავშირებული.. უკვე არაერთი დაინტერესებული სტუმარი მოსულა. ალბათ როგორც ყველა ხელოვანს, მეც მსურს, მქონდეს ჩემი საკუთარი სახელოსნო და ვაკეთო ის საქმე,რაც მე მიყვარს. ამასთანავე ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული როლი უკავია მწერლობასაც მინდა რამდენიმე წიგნის გამოცემა რომანის სახით, თუ ეს შესაძლებელი იქნება. ეს უფრო დეტექტიური სახის რომანია. სოციალურ ქსელში (ნიჭიერთა სამყარო) გვერდზე დევს სახელწოდებით (მენდე) ჩემი ავტორობით 7 ნაწილია.