აღმოჩენა გერმანიაში - ერთ-ერთ საფლავში ნაპოვნია 3000 წელზე მეტი ხნის, ბრინჯაოს ხმალი, რომელიც ახალივით არის შენახული

აღმოჩენა გერმანიაში - ერთ-ერთ საფლავში ნაპოვნია 3000 წელზე მეტი ხნის, ბრინჯაოს ხმალი, რომელიც ახალივით არის შენახული

გერმანიაში არქეოლოგებმა 3000 წელზე მეტი ხნის, ბრინჯაოს ხმალი აღმოაჩინეს, რომელიც ახალივით იყო შენახული. ის ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქ ნორდლინგენში, ერთ-ერთ საფლავში ნახეს და სავარაუდოდ, ძვ.წ. XIV საუკუნის ბოლოთი თარიღდება. ბრინჯაოს იარაღს რვაკუთხა სახელური აქვს და სხვადასხვა ორნამენტითაა შემკობილი.

ბავარიის ძეგლთა დაცვის სახელმწიფო ოფისის თქმით, ხმლის მდგომარეობა იმდენად კარგია, რომ ის თითქმის ახალივით პრიალებს. საფლავში მამაკაცის, ქალის და ბიჭის ძვლებთან ერთად, სხვა ბრინჯაოს ნივთებიც იყო ჩამარხული. არქეოლოგები დარწმუნებით ვერ ამბობენ, ერთად დამარხულ ადამიანებს ნათესაური კავშირი აქვთ, თუ არა. ამავდროულად, ხმლის აღმოჩენის ასეთი იშვიათი შემთხვევა მეცნიერებს იარაღის წარმოშობის შესახებაც უჩენს კითხვებს. მათი თქმით, ასეთი ხმლის დამზადება რთული ეტაპების გავლას ითვალისწინებდა. პირველადი დაკვირვებით ჩანს, რომ ნორდლინგენის ხმალი ბრძოლაში არ გამოყენებულა, თუმცა ის რეალურ იარაღს წარმოადგენს.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა