ავტორი:

"გამორიცხული არ არის, იმდენად დაბინძურდეს წყალი, შავი ზღვის სანაპიროები დაიკეტოს... თუმცა ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდია" - რას ამბობს სპეციალისტი შავ ზღვაში არსებულ ვითარებაზე?

"გამორიცხული არ არის, იმდენად დაბინძურდეს წყალი, შავი ზღვის სანაპიროები დაიკეტოს... თუმცა ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდია" -  რას ამბობს სპეციალისტი შავ ზღვაში არსებულ ვითარებაზე?

ბოლო ხანს არც საქართველოში არ წყდება მითქმა-მოთქმა, რამდენად უსაფრთხოა წელს შავი ზღვა დასასვენებლად. შფოთი უკავშირდება უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად ზღვის მასშტაბური დაბინძურების საფრთხეს. კახოვკის ჰესის დანგრევისა და წყალდიდობის შემდეგ უფრო აქტიურად დაიწყო იმ საფრთხეებზე ლაპარაკი, რაც შავ ზღვას შეიძლება შეექმნას. ეკოლოგები შიშობენ, რომ მომხდარი კატასტროფის შედეგად, როცა შავ ზღვაში ერთბაშად მდინარის, მტკნარი წყლის ასეთი დიდი ნაკადი ჩაიღვრება, ზღვის ეკოსისტემას რეალური საფრთხე დაემუქრება. შესაძლოა, განადგურდეს მარილიანი წყლის თევზების, თუ წყალმცენარეების არაერთი სახეობა.

მათივე თქმით, შავი ზღვა თავის აკვატორიაში გაზავებული იქნება მტკნარი წყლით რამდენიმე ათეულ კილომეტრზე, რაც გამოიწვევს მისი ბინადრების ძალიან დიდი რაოდენობით დაღუპვას ათეულობით კილომეტრის დაშორებითაც იმ ადგილიდან, სადაც დნეპრი ეშვება შავ ზღვაში.

ოკეანოლოგი, ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ნაპირდაცვის პრობლემების შემსწავლელი მეცნიერი ნოდარ წივწივაძე ambebi.ge-სთან საუბარში არ გამორიცხავს, რომ შავ ზღვაში მოხვდება დიდი ოდენობით ტოქსიკური ნივთიერებები, საწვავი, ზეთები და ცხოველთა ლეშის ბაქტერიები, რაც შავი ზღვის სანაპირო ზოლს მნიშვნელოვნად დააბინძურებს, გამოიწვევს ინფექციების გავრცელებას, მათ შორის საქართველოშიც.

"ჩვენი სპეციალისტები მონიტორინგს აწარმოებენ და ჯერჯერობით რთული სათქმელია, რა სიტუაცია შეიქნება. დაბინძურება რომ წამოვა საათის ისრის მიმართულების საწინააღმდეგოდ და ჩვენს მხარეს გამოივლის, ეს ფაქტია. რა დონის იქნება დაბინძურება, ჯერჯერობით ვერავინ ვერავითარ პროგნოზს ვერ გააკეთებს. ამის შედეგად, შესაძლოა, ინფექციებიც გავრცელდეს. ჩვენები აწარმოებენ პერმანენტულ მონიტორინგს დამაბინძურებლებზე - ბაქტერიოლოგიური იქნება, მექანიკური, რადიაქტიული თუ სხვა. ასე რომ, ვფიქრობ, ამ პრობლემას გაუმკლავდებიან და არ იქნება საშიშროება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორი ჰიდროდინამიკური სიტუაცია იქნება - იქნება ღელვა, გაძლიერდება თუ არა ჩვენკენ მომავალი ნაკადები, კაციშვილი ჯერჯერობით ვერაფერს იტყვის, მაგრამ შესაძლოა ივლისის შუა რიცხვებისთვის რაღაც ნიშნები მივიღოთ და მაშინ შეიძლება აიკრძალოს კიდეც ზღვაში ჩასვლა.

ზღვას თვითგაწმენდის უნარი გააჩნია გაცილებით სწრაფად, ვიდრე ეს ხმელეთზე ხდება, მით უმეტეს, როდესაც ჰიდროდინამიკური სიტუაცია გართულებულია, ანუ ტალღური მოძრაობაა და ტალღური ზემოქმედებით ხდება წყლის განზავება. იმასაც გააჩნია, რა რაოდენობის ცხოველი თუ ფრინველია დაღუპული, რა კონცენტრაცია იქნება თავში (კატასტროფის ადგილას) და როგორ გავრცელდება ეს საათის ისრის საწინააღმდეგოდ. ამ ეტაპზე შეუძლებელია დასკვნების გაკეთება.

ყველაფერი დასაშვებია და შესაძლოა, ჩვენამდე არც მოაღწიოს დაბინძურებამ, ეს დამოკიდებულია გარემო პირობებზე და პლუს ამას, იმაზე, ჩვენები რამდენად ეფექტიანად იმუშავებენ ამ პირობებში, რამდენად სწრაფად გააკეთებენ ანალიზებს, ჩაატარებენ შესაბამის მონიტორინგს და რამდენად სწრაფად მიაწვდიან მოსახლეობას ინფორმაციას.

სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, კონკრეტულად რამ გამოიწვია დაბინძურება, არაა კონკრეტული ინფორმაცია, რა რაოდენობის ზღვის ბინადარი დაიხოცა, რა კონცენტრაცია გვაქვს თავში - კახოვკაზე და მერე შეიძლება განვსაზღვროთ, რა მოხდება დროსა და სივრცეში. შესაძლოა, ნაღმების გამოც არაა დაბინძურება, ხდება ხოლმე, დიდ აფეთქებებას თან ახლავს მიწის ქერქის გარკვეული ფენის ძვრები. შესაძლოა, სადღაც რაღაც გაირღვა, გასკდა, წამოვიდა წყალი და წამოიღო დაბინძურება. ჯამში, ავარიამ შესაძლოა მის სიახლოვეს ეკოკატასტროფაც გამოიწვიოს, მაგრამ ეს რამდენად მოვა ჩვენამდე, არავინ იცის.

გამორიცხული არ არის, იმდენად დაბინძურდეს წყალი, შავი ზღვის სანაპიროები დაიკეტოს და არ მოხდეს საზაფხულო რეკრეაციული საქმიანობის განვითარება, ეს ტურისტულ სეზონსაც ურტყამს, თავისთავად. ძალიან სამწუხარო მომენტია, მაგრამ რას ვიზამთ... თუმცა ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ ვარაუდია.

ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენი ეკოლოგიური მონიტორინგის ჯგუფის ოპერატიულ მუშაობაზე, რამდენად სწრაფად მოახდენენ რეაგირებას და შეატყობინებენ დამსვენებლებსაც და ადგილობრივ მოსახლეობასაც. ვერაფერს ვერაფრით ვერ განვაზავებთ, ზღვა თვითონ წმინდავს, არაა პრობლემა, გააჩნია, როგორია დამაბინძურებელი, აქ ცოტა სხვადასხვა გრადაციებია და ამიტომ ძალიან რთულია იმის განსაზღვრა, რამდენ ხანში მოხდება გაწმენდა".

იხილეთ ასევე: