ავტორი:

"დაცვამ გოგონა საპირფარეშოში ძალით შეიყვანა, იქ კონორი დახვდა, ჰკოცნიდა და სექსს აიძულებდა" - კონორ მაკგრეგორს ძალადობაში სდებენ ბრალს

"დაცვამ გოგონა საპირფარეშოში ძალით შეიყვანა, იქ კონორი დახვდა, ჰკოცნიდა და სექსს აიძულებდა" - კონორ მაკგრეგორს ძალადობაში სდებენ ბრალს

შერეული ორთაბრძოლების პოპულარული მებრძოლი, ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი "მაიმისა“ და "დენვერის“ საკალათბურთო მატჩს დაესწრო, სადაც ნეიმარიც მოინახულა და სკანდალშიც გაეხვა. პაუზის დროს, მან ტრიბუნებს მიმართა და ტკივილგამაყუჩებელი სპრეის რეკლამა გააკეთა, შემდეგ კი "მაიამის“ მასკოტი ბერნი მოედნის ცენტრში დაანოკაუტა - გულშემატკივარს ეს არ მოეწონა და სტვენა დაუწყეს.

მატჩის შემდეგ, ბერნი საავადმყოფოში იმყოფებოდა, კონორმა კი განაცხადა, რომ ყველაფერი კარგად იყო.

კიდევ ერთი და უფრო სერიოზული ინციდენტის შესახებ კი მოგვიანებით გახდა ცნობილი. TMZ-ის ინფორმაციით, კონორს მამაკაცის საპირფარეშოში ქალის გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ. ადვოკატი არიელ მიტჩელი აცხადებს, რომ დაზარალებულმა ქალმა მას მიმართა და დეტალები გაუზიარა. მიტჩელის თქმით, გოგონა, რომელიც ტრიბუნებზე დაქალთან ერთად იმყოფებოდა, მაკგრეგორის დაცვამ საპირფარეშოი ძალით შეიყვანა.

ადვოკატის თქმით, დაცვის წევრები გარეთ დადგნენ და არავის უშვებდნენ. თვითონ კონორი შშმ პირების საპირფარეშო კაბინაში იმყოფებოდა, გამოვიდა, დაზარალებული კედელთან მოიმწყვდია, ჰკოცნიდა და ორალურ სექსს აძალებდა.

მიტჩელის განცხადებით, ქალმა თავი დაიღწია, მაგრამ ჩანთა საპირფარეშოში დარჩა. მან პოლიციას მიმართა.

მაიამის პოლიცია მომხდარს იძიებს. კონორის მხარემ განაცხადა: "ეს ტყუილია, მისტერ მაკგრეგორს ვერ შეაშინებენ“. ტელევიზიებში გასული სიუჟეტის შემდეგ, კონორმა თქვა, რომ ის მეოთხე შვილს ელოდება.

"საქმე კარგად მიდის. ჩვენ ველოდებით კიდევ ერთ შვილს და ყველა ვნერვიულობთ“, - თქვა სპორტსმენმა.

მომხდარზე კომენტარი UFC-ის ხელმძღვანელობამაც გააკეთა: "ჩვენ საქმის კურსში ვართ, რომ კონორს რაღაცებში ადანაშაულებენ. ჩვენ ამ ინციდენტზე ინფორმაციის შეგროვებას გავაგრძელებთ. UFC დაელოდება გამოძიებას, სანამ რაიმე განცხადებას გააკეთებს.“

დაახლოებით ანალოგიური განცხადება გააკეთა "მაიამიმაც“: "ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ კონორს ძალადობაში სდებენ ბრას. დაველოდებით სრულფასოვან გამოძიებას. მანამდე კლუბი განცხადების გაკეთებისგან თავს შეიკავებს.“

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კონორს ძალადობაში ედება ბრალი.

Time-ის ინფორმაციით, 2018 წელს პოლიციას მიმართა გოგონამ, რომელიც მაკგრეგორს სექსუალურ ძალადობაში სდებდა ბრალს. მისი თქმით, მებრძოლის მძღოლმა მას ნარკოტიკები შესთავაზა, აიყვანა პენტჰაუსში, სადაც დახვდა კონორი, რომელმაც მისთვის ტანსაცმლის გახდა მოინდომა. პოლიციამ ირლანდიელის მონაწილეობა ამ ამბავში ვერ დაამტკიცა და საქმე დაიხურა.

ერთი წლის შემდეგ დუბლინის პოლიციას ქალმა მიმართა. მისი თქმით, კონორმა ის პაბის პარკინგზე გააუპატიურა. საქმე სასამართლომდე არ მისულა.

2020 წლის სექტემბერში მორიგი განცხადება შევიდა პოლიციაში. ამჯერად კორსიკაში, სადაც კონორს საქორწილო მოგზაურობა ჰქონდა. მაშინაც სექსუალურ ძალადობაში ედებოდა ბრალი, თუმცა ვერაფერი დაუმტკიცეს და საქმე დაიხურა.

ბოლო შემთხვევა 2022 წლის ზაფხულში იყო. ინციდენტი იახტაზე მოხდა, სადაც მაკგრეგორი დაბადების დღეს აღნიშნავდა. იახტაზე მყოფი ერთ-ერთი გოგონა კი მაკგრეგორს ძალადობაში სდებდა ბრალს. "ის კრიმინალია. ვფიქრობ, იახტიდან რომ არ წამოვსულიყავი, მომკლავდა“, - ამბობდა გოგონა.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე