ავტორი:

ყველაზე ცნობილი უდი გურამ საღარაძის დედა იყო - რა გვარის ხალხი ითვლება უდიების შთამომავლებად და ვინ იყო მათი წინამძღოლი, რომელიც კომუნისტებმა არ დაინდეს

ყველაზე ცნობილი უდი გურამ საღარაძის დედა იყო - რა გვარის ხალხი ითვლება უდიების შთამომავლებად და ვინ იყო მათი წინამძღოლი, რომელიც კომუნისტებმა არ დაინდეს

"საქართველოში უდიების გადმოსახლების შემდეგ დაარსდა "ქართველ უდინთა დამხმარე საზოგადოება", რომლის გამგეობაში შედიოდნენ: ივანე ჯავახიშვილი, შალვა დადიანი... პირველ საორგანიზაციო კრებაზე, 1923 წელს, ზინობი სილიკაშვილი მადლობას უხდიდა ქართულ საზოგადოებას თანადგომისთვის" - წერდა 1925 წლის 25 აგვისტოს გაზეთი "კომუნისტი“.

უდიები კავკასიის ერთ-ერთი უძველესი ავტოქტონური ხალხია, რომლებიც ძველი ალბანელების შთამომავლებად ითვლებიან. მათი ისტორიული საცხოვრებელი ადგილი თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაა. ამჟამად ცხოვრობენ რუსეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთისა და უკრაინის ტერიტორიებზე. საერთო მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 8 440 კაცს. მიიჩნევიან კავკასიის ალბანელების შთამომავლებად.

საქართველოს უდიების შესახებ ცნობებს სოფელ ზინობიანის უდიური ეთნოგრაფიული მუზეუმის და საგამოფენო სივრცის მენეჯერი ანა აივაზაშვილი გვაწვდის

- მკვლევართა აზრით, მსოფლიოში დაახლოებით 8500 უდი უნდა იყოს. ისინი ცხოვრობენ აზერბაიჯანში, სომხეთში, რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, თუმცა სულ რამდენიმე კომპაქტური დასახლება აქვთ. საქართველოში ეს ზინობიანია, აზერბაიჯანში - ოღუზი (ყოფილი ვართაშენი) და ნიჯი... სომხეთ-აზერბაიჯანის მაშინდელ ომს არაერთი ადამიანი შეეწირა, ქრისტიანმა უდებმა აზერბაიჯანიდან, კერძოდ, სოფელ ვართაშანიდან სიცოცხლის გადასარჩენად ქრისტიანულ საქართველოს მოაშურეს... სხვადასხვა წყაროში სხვადასხვა წელია მითითებული, მაგრამ ძირითადი ნაკადი 1920-22 წლებში წამოვიდა...

ზინობი სილიკოვი (სილაკაშვილი) იქცა საქართველოს უდების წინამძღოლად. სწორედ მის სახელს უკავშირდება ზინობიანის სახელიც. თავიდან სოფელს სწორედ ზინობიანი ერქვა, საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში - ოქტომბერი. 2010 წელს კი ძველი სახელი დაუბრუნდა... უდების გადმოსახლებამდე დიდი ძებნის მერე შეირჩა ტყიანი ადგილი მთის ძირას ყვარელში, სადაც პირველი მიგრანტები დასახლდნენ. რომ ჩამოსულან, გვიანი შემოდგომა ყოფილა და იძულებული გამხდარან, მიწა გაეჭრათ და მიწურები გაეკეთებინათ..

ზინობიანის უდიები - ნანა აგასაშვილის საოჯახო ფოტო არქივი

ცოტა ზემოთ, მთაზე, ვართაშანიდან წამოღებული ნიში დადგეს. ქვემოთ - მიწურები იყო და პირველი წლები სწორედ მიწურებში გაატარეს. ხელისუფლებამ მიგრანტებს 1924 წელს გამოუყო მიწა სოფლის ასაშენებლად. ზინობთან ერთად მთელი თემი იყო ჩართული და დაიწყო სოფლის შენებაა: გაიყვანეს პარალელური ქუჩები, აშენდა საცხოვრებელი სახლები, დაარსდა კოლმეურნეობა, დაფუძნდა რამდენიმე საწარმო. სოფლის დაარსებიდან რამდენიმე წელში უკვე გაჩნდა: სკოლა, საბავშვო ბაღი, აბრეშუმის, აგურის, კრამიტის, ხის სახერხი, ღვინის ქარხნები... საქართველოში უდების გადმოსახლების შემდეგ დაარსდა „ქართველ უდინთა დამხმარე საზოგადოება“, რომლის გამგეობაში შედიოდნენ: ივანე ჯავახიშვილი, შალვა დადიანი. პირველ საორგანიზაციო კრებაზე, 1923 წელს, ზინობი სილიკაშვილი მადლობას უხდიდა ქართულ საზოგადოებას თანადგომისთვის... "აღსანიშნავია ის თავდადებული ამაგი, რომელიც მიუძღვის ამხ. ზინო სილიკაშვილს ამ სოფლისადმი: იგი თავის თაოსნობითა და დაუღალავი ენერგიით წინ მიუძღვის გადმოსახლებულთ" - წერდა 1925 წლის 25 აგვისტოს გაზეთი "კომუნისტი“.

- როგორც ცნობილია, ზინობი სილიკაშვილი კომუნისტებმა არ დაინდეს...

- 1938 წელს ზინობი სილიკაშვილი, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდა: დააპატიმრეს ბრალდებით, რომ „იყო მემარჯვენეთა ორგანიზაციის წევრი და ეწეოდა ძირგამომთხრელ საქმიანობას“. ზინობი სილიკაშვილს 11 ოქტომბერს დახვრეტისა და პირადი ქონების კონფისკაციის განაჩენი გამოუტანეს, 16 ოქტომბერს განაჩენი სისრულეში მოიყვანეს და დახვრიტეს. იმ დროს ზინობიანსაც ოქტომბერი დაერქვა. ზინობის დახვრეტის შემდეგ ოქტომბერი თანდათან იქცა საბჭოთა სოფლად. ადამიანები შრომობდნენ და სოფელი ვითარებოდა. უდიური თემი თანდათან ადაპტირდებოდა ქართულ საზოგადოებასთან.

ვართაშენელი (ამჟამინდელი ოღუზი) უდიები ერთ-ერთ ადგილობრივ სალოცავთან - ნანა აგასაშვილის საოჯახო ფოტო არქივი

- რა გვარები არიან უდიები?

- სილიკოვი, მამული, ჯეირანი, ნეშუმი, ჰაივაზი, დალაქი, ქუმსი, კიწბაბა, კულატამა, ყაზარი, აჯანი... - ასეთი გვარები ჰქონდათ ადრე უდებს და დღესაც ასევე მოიხსენიებენ ერთმანეთს, თუმცა საქართველოში გადმოსვლის მერე, 50-იანი წლებისთვის გვარებს ქართული სუფიქსი - შვილი დაემატა და ასე იქცნენ: სილიკაშვილებად, მამულაშვილებად, ჯეირანაშვილებად, ნეშუმაშვილებად, აივაზაშვილებად, ქუმსიაშვილებად, კიწბაბაშვილებად, კულატამაშვილებად, ყაზარიშვილებად, აჯიაშვილებად... ზინობიანი - უდებით დასახლებული ერთადერთი დასახლებაა საქართველოში.

- როგორია მათი სამზარეულო?

- უდიური კერძები საკმაოდ მრავალფეროვანია. განსაკუთრებით გამოირჩევა: ჭაინახუპი (ერბოს ფლავი), რომელიც წაბლის, ბრინჯის, ქიშმიშის და ქათმისაგან მზადდება. ასევე შილახუპი (შილაფლავი), ფახლიხუპი (ლობიო და ბრინჯი), ყაყაფუნი (კვერცხითა და პომიდვრით). პური უდიური ტრადიციის მიხედვით ცხვება დღესაც. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი პურს სახლში აცხობს. აფუებულ ცომზე ჯვარს სახავენ, ქრისტიანობის სიმბოლოდ და ღმერთს ოჯახის მფარველობას სთხოვენ, გუნდებს აკეთებენ, სპეციალურად პურისთვის შეკერილ ბალიშზე ,,დაფზე“ ათავსებენ და ისე აკრავენ თონეში. ის განსხვავდება სომხური ლავაშისგან და ქართული შოთისგანაც. სომხურთან შედარებით ცოტა სქელია, განსხვავებულია თონეებიც.

შუმ - პური

ყველიერის კვირის ბოლო დღეს ანუ აღდგომის მარხვის დაწყების წინა დღეს იმართება ჭიაკოკონობა, სწორედ ამ დღეს მზადდება საგანგებოდ ჭაინახუპი, იგივე ერბოს ფლავი... გამუდმებული თავდასხმების, რელიგიურ ნიადაგზე შევიწროვების, გასაბჭოებისა და სხვა მრავალი მიზეზების მიუხედავად, უდმა ხალხმა მაინც მოახერხა შეენარჩუნებინა ეთნიკური იდენტობა და მათი სხვა მოსახლეობაში აღრევა, რაც სხვა ალბანურ ტომებს დაემართათ საუკუნეების მანძილზე. უდებმა მოახერხეს როგორც სხვა ქვეყნის მოსახლეობასთან ჰარმონიული თანაცხოვრება, ასევე იდენტობის შენარჩუნება.

- ვინ იყო მათგან ყველაზე ცნობილი?

- გურამ საღარაძის დედა იყო უდი, თავად გურამ საღარაძეც არაერთხელ ჩამოსულა სოფელში და ხვდებოდა ადგილობრივებს... ასევე გალაკტიონ ტაბიძე, მის დღიურებში არაერთხელ ახსენებს უდიური თემის წინამძღოლს ზინო სილიკაშვილს (სილიკოვს), რომელიც მას 1930 წელს სოფელ ზინობიანში სტუმრობას სთავაზობდა.

გურამ საღარაძის მშობლები

ფოტოები აღებულია "ფეისბუქ" გვერდიდან - საქართველოს უდიები • Georgian Udis