ავტორი:

"ზაფხულის ამინდები ჯერ არ დაიწყება" - როდემდე შენარჩუნდება წვიმიანი ამინდები საქართველოში: სვეტლანა ნიორაძის ვრცელი პროგნოზი

"ზაფხულის ამინდები ჯერ არ დაიწყება" - როდემდე შენარჩუნდება წვიმიანი ამინდები საქართველოში: სვეტლანა ნიორაძის ვრცელი პროგნოზი

"მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს” - რამდენიმე დღის წინ ამ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებდა.

ვინაიდან გახშირებულმა წვიმებმა და ტემპერატურის დაცემამ ბევრი შეაწუხა, მოსალოდნელი პროგნოზის გასაგებად გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსს, სვეტლანა ნიორაძეს დავუკავშირდით:

- ქალბატონო სვეტლანა, როდიდან დაიწყება ზაფხულის ამინდები საქართველოში?

- ზაფხულის ამინდები ჯერ არ დაიწყება... 23 ივნისამდე მთელი საქართველოს ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება, თუმცა ნალექის ინტენსივობა იკლებს. 24 ივნისიდან ნელ-ნელა გამოიდარებს, 25 და 26 ივნისს ჩვენ უმეტესად უნალექო ამინდს ველოდებით, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ მცირე ნალექის შესაძლებლობას.

27 ივნისამდე კარგი ამინდი გვექნება, 27 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 28-29 ივნისს კვლავ ველოდებით ამინდის პირობების გაუარესებას, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც.

ივნისი, ისევე როგორც მაისი აღმოსავლეთ საქართველოში ნალექების და სეტყვიანობის მაქსიმუმით ხასიათდება. ანუ ის რაც ახლა ხდება, არაფერი უჩვეულო არ არის. კი ბატონო გვქონია ნაკლებად ნალექიანი ივნისი, უფრო მეტად ნალექიანიც, მაგრამ ახლა ისე მოხდა, რომ ნალექების რაოდენობა ნორმაზე მეტი გვაქვს.

- კიდევ შეიძლება წყალმოვარდნები დაფიქსირდეს?

- რა თქმა უნდა... ეს ნალექის ინტენსივობაზეა დამოკიდებული. ვნახოთ მოვლენები როგორ განვითარდება, იმედს ვიტოვებთ, სერიოზული არაფერი მოხდება.

- ივლისის თვე როგორ ჩანს?

- შეგვიძლია ვთქვათ, რომ ივლისშიც გვექნება ნალექიანი პერიოდები... თუმცა მაღალ ტემპერატურებს, უნალექო დღეებსაც უნდა ველოდოთ.