ავტორი:

"ერთხელ ვიყავი შეყვარებული და იცოდა საზოგადოებამ, რომ ეს ამბავი დასრულდა... ვცდილობ, პრობლემები არ შემეტყოს და ყველას ჰგონია, უდარდელი ცხოვრება მაქვს" - ბაბი კირკიტაძე

"ერთხელ ვიყავი შეყვარებული და იცოდა საზოგადოებამ, რომ ეს ამბავი დასრულდა... ვცდილობ, პრობლემები არ შემეტყოს და ყველას ჰგონია, უდარდელი ცხოვრება მაქვს" - ბაბი კირკიტაძე

ბოლო თვეების მანძილზე ბაბი კირკიტაძე მუსიკალურ ჯგუფ „ღამსი შოუს ბენდთან“ ერთად სკანდალში არაერთხელ გაეხვა. მედიაში ხშირად წერენ, რომ ბენდი სახელმწიფოს მხარდაჭერის გამო მრავალათასად ღირებულს კონცერტებს მართავს. მხოლოდ 2022 წლის ზაფხულში რეგიონებში გამართული კონცერტებისთვის ქალაქების მთავრობების მიერ გადახდილი ჰონორარების 50%-ზე მეტი სწორედ ამ ბენდმა მიიღო. ბაბი ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოლისტია. მასზე ხშირად ვრცელდება სხვადასხვა შინაარსის ჭორები, აწყვილებენ ცნობილ სახეებთან, თუმცა, როგორც ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში ამბობს, ძალიან მშვიდი პირადი ცხოვრება აქვს

ბაბი კირკიტაძე:

- იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ხშირად ჩანან ეკრანზე, რომლებიც საჯარო სივრცეში ტრიალებენ, არავინ მეგულება ისეთი, რომ არ აინტერესებდეს, რას ფიქრობს ხალხი მასზე. რა თქმა უნდა ეს მეც მაინტერესებს. როცა ისეთი გადაწყვეტილების მიღება მიწევს, რომელიც საჯარო უნდა გახდეს, სანამ ნაბიჯს გადავდგამ, ვფიქრობ, რას იტყვის ხალხი. ხალხის აზრი ყველაფერში მაინტერესებს.

- რას ფიქრობს ხალხი შენს პირად ცხოვრებაში მომხდარ ამბებზე, ესეც გაინტერესებს?

- ძალიან მშვიდი პირადი ცხოვრება მაქვს, ერთადერთხელ ვიყავი შეყვარებული და იცოდა საზოგადოებამ, რომ ეს ამბავი დასრულდა. როდესაც საქმე პირადს ეხება, ფრთხილი უნდა იყო. ხომ არსებობს გამოთქმა სიყვარულზე მალვა უნდაო. პირადი ცხოვრება პირადი უნდა იყოს. ამ თემაზე მეგობართანაც შეიძლება არ ილაპარაკო, არათუ საჯაროდ. ძალიან ინტიმური თემაა ეს უკვე ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს.

- ოდესმე შენს ცხოვრებაში უხეშად ჩარეულან?

- არა, ჩემს ცხოვრებაში უხეშად არავინ შემოჭრილა. ფრთიანი ანგელოზი არავინ ვართ, ყველას გვითქვამს სხვა ადამიანზე რაღაც, ყველას გვიჭორავია, ესეც ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ჩარევა არასწორი საქციელია. საკუთარ ცხოვრებაში ჭირს გადაწყვეტილებების მიღება და როგორ შეიძლება, სხვის ცხოვრებაში რა არის სწორი და რა არასწორი, ეს გაიგო.

- იმის გამო, რას იტყვის ხალხი, რაიმე პრობლემა დაგიმალავს?

- ამის გამო არა მაგრამ სხვა მიზეზით დამიმალავს. არ მიყვარს პრობლემების საჯაროდ გამოტანა. მირჩევნია მე ვიყო ამ ყველაფრის მატარებელო და სახლის ზღურბლს იქით არ წავიღო. ძალიან ვცდილობ პრობლემები არასოდეს შემეტყოს. ამიტომ ყველას გონია უდარდელი ცხოვრება მაქვს.