ავტორი:

თინათინ ზოიძემ ტურიზმის დეპარტამენტი საქმიანობის ანგარიში წარადგინა

თინათინ ზოიძემ ტურიზმის დეპარტამენტი საქმიანობის ანგარიში წარადგინა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა უწყების ანგარიში უმაღლესს საბჭოში წარადგინა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე გამოსვლისას, თინათინ ზოიძემ რეგიონის პოპულარიზაციის, ტურისტული პროდუქტების განვითარებისა და სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს ბათუმი არაერთი საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძელია ქალაქია, რაც პოზიტიურად აისახება რეგიონში ტურისტების რაოდენობის ზრდასა და ბათუმის დადებითი იმიჯის პოზიციონირებაზე.

სტატისტიკა

2023 წელი რეგიონში წარმატებით და მზარდი სტატისტიკით გამოირჩევა. 2023 წლის იანვარ-მარტის მონაცემით უცხოელი ვიზიტორების მიერ აჭარაში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა ჯამში შეადგენდა 333’848 ვიზიტს, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 93 %-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +33 % - ით (წყარო საქსტატი).

გაზრდილია მიმართულებების და საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა ბათუმის აეროპორტშიც. გაზრდილია ფრენების რაოდენობაც. 2023 წლის 5 თვის მონაცემით განხორციელდა 711 საერთაშორისო ფრენა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +1.14 % -ით (2022 წ. 5 თვე - 703 ფრენა), ხოლო 2019 წლის მონაცემთან (598 ფრენა) შედარებით გაზრდილია 19 %-ით. არსებული მონაცემებით ივნისში დაგეგმილი საერთაშორისო მიმართულებებით ფრენების რაოდენობა შეადგენს 360 სიხშირეს, 12 ქვეყანაში რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +42 %-ით.

ტურისტული პროდუქტების განვითარება

მთიან აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს ახალი ტურისტული პროდუქტების განვითარება და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. კერძოდ:

ქობულეთში - ისპანის ტორფნარებზე გარემოსთან ადაპტირებული ტურისტული ბილიკებისა და ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. სახალვაშოში განახლდა ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმა, სოფელ ჩაქვისთავში კი სადამკვირვებლო პლატფორმის განახლების პარალელურად მოეწყო საპიკნიკე სივრცე და საქანელები.

ხელვაჩაურში - მიმდინარეობს მირვეთის ჩანჩქერთან მისასვლელი ბილიკების მოწყობა, სოფელ კაპნისთავში შეიქმნა ახალი კანიონგის - კასკადოვან ჩანჩქერებზე დაშვების ექსტრემალური ტურისტული პროდუქტი, მოეწყო დაშვების ლოკაციები, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს ეთნოსოფლის პროექტის ფარგლებში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მაჭახელაში, რომლის ფარგლებშიც უკვე გაიხსნა მაჭახელას ეთნოსოფლის ვიზიტორთა ცენტრი.

ქედაში - დაემატება ახალი საპიკნიკე ტერიტორიები ზედა მახუნცეთში და ხარისსაწოლის იალებზე, მოეწყო დანდალოს ჩანჩქერთან მისასვლელი ბილიკი და ჩანჩქერი უკვე შევიდა ტურისტულ მარშრუტებში. საპიკნიკე ინფრასტრუქტურა მოეწყო მთა ნაკონაღვარსა და მთა მილისზე. სპორტული ტურიზმის მოყვარულებისთვის ამოქმედებულია კავიანის სამთო ველობილიკიც.

შუახევში - უკვე გაიხსნა და ვიზიტორებს იღებს ჯვარიმინდორის ტურისტული თავშესაფრები, სადაც მოწყობილია საშხაპეებიც, საკოცონე და ღამისთვის სივრცეებიც. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ჭვანას ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის გამოყოფილი აქვს 10 მლნ ლარი. ასევე, დაახლოებით 10 მლნ ლარი დაიხარჯება ჩირუხის მთაზე ევროპაში ყველაზე გრძელი, ორზოლიანი ზიპლაინის მოწყობისთვის.

ხულოში - გრძელდება ხიხანის ციხეზე მისასვლელი ბილიკის მშენებლობა. ღორჯომში დაიწყო საცხენოსნო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები. უჩხოს ხეობაში მოეწყო კანიონინგის სადგურები. უკვე გაიჭრა და კეთილმოეწყო კანიონინგთან მისასვლელი ბილიკები, გადამზადნენ კანიონერები და აღიჭურვნენ სპეციალური ფორმებით.

აჭარული სამზარეულოს, ტრადიციებისა და რიტუალების პოპულარიზაციის მიზნით მომზადდა გზამკვლევები „აჭარის კულინარიული გზამკვლევი“ და „ხალხური ტრადიციები და რიტუალები აჭარაში“. წლის ბოლომდე აღნიშნულ წიგნებს შეემატება გზამკვლევები რეგიონის რეწვის დარგების, აჭარის ზღვისა და შიდა წყლების თევზეულობის შესახებ.

აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ახალი საპიკნიკე ზონების მოწყობა და ტურისტული ობიექტების განიშნულიანება. ასევე, ახალი სამთო-საველოსიპედე ბილიკების მარკირება. პარალელურად მიმდინარეობს, ისეთი მნიშბნელოვანი ფესტივალები ჩატარება და ორგანიზება რეგიონში, როგორებიცაა „ზაფხულის ფესტივალი“, სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ და ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისი ფესტივალი. წელს, პირველად ბათუმმა უმასპინძლა სოფლის ტურიზმის გენერალურ ასამბლეას, რომლის ფარგლებშიც სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაც გაიმართა.

რეგიონის პოპულარიზაცია

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობას, პრეს-ინფოტურების ორგანიზებასა და სარეკლამო კამპანიებს სამიზნე ქვეყნებში.

ზაფხულის 10 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა ბათუმი პრესტიჟულმა ბრიტანულმა ონლაინ გამოცემამ INDEPENDENT. ევროპული ქვეყნების ჩამონათვალში საფრანგეთის, პორტუგალიის, ესპანეთის, ხორვატიისა და შვეიცარიის გვერდით ბათუმმა მეორე ადგილი დაიკავა. ბათუმის საიმიჯო კამპანიები ტრიალებს ისეთ პრესტიჟულ და საერთაშორისო ტელევიზიებში, როგორებიცაა „ევრონიუსი“, „დოიჩე ველე“ და BBC.

აჭარის პოზიციონირებისა და პოპულარიზაციის მიზნით გაიმართა ღონისძიებები ისრაელში, სკანდინავიის ქვეყნებსა და უნგრეთში. რეგიონის ტურისტული პროდუქტები კი 40-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. ბათუმს სამიზნე ქვეყნებიდან 500-მდე უცხოელი ჟურნალისტი და ტუროპერატორი სტუმრობდა, რომლებმაც მოამზადეს და გამოაქვეყნეს რეგიონის შესახებ სტატიები, რეპორტაჟები, სიუჟეტები.

2022 წელი აჭარისთვის ტურისტული თვალსაზრისით გამორჩეული წელი იყო. 2022 წელს ბათუმმა ორი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა. World Travel Awards “-ის ევროპის ჯილდოს მოპოვების შემდეგ ქალაქმა ტურიზმის „ოსკარი “, უკვე როგორც მსოფლიოს სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ მოიპოვა. ბათუმი ევროპის საუკეთესო ჩამალულ მარგალიტად დაასახელა და ევროპულ მიმართულებებს შორის პირველი ადგილი მიანიჭა

ევროპაში პოპულარულმა სამოგზაურო პლატფორმა European Best Destinations . შედეგად, ბათუმი, როგორც ევროპის ფარული მარგალიტი, წამყვანი მედიაგამოცემების ყურადღების ქვეშ მოექცა: Euronews, Forbes USA, Conde Nast Traveller, Sapo Brasil, Viaggi Corriere, Yahoo France, Ouest France.

წელს, პირველად ბათუმი World Trawel Awards-ის ევროპის დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც რეგიონს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი კომპანიების, სასტუმროების, ტურსააგენტოების, ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების, ასევე საერთაშორისო მედიის 300-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრება.

სერვისის განვითარება

სერვისის დონე აჭარის რეგიონში ჯერ კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, რომელზეც ტურიზმის დეპარტამენტი აქტიურად აგრძელებს მუშაობას. მუდმივად იგეგმება საინფორმაციო შეხვედრები, ტრენინგები, მასტერკლასები და პრაქტიკული მეცადინეობები სექტორის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლისთვის, მათ შორის გიდებისთვის, სააგენტოებისთვის, განთავსებისა და კვების ობიექტებისთვის. სერვისის გაუმჯობესების მიზნით აჭარაში წლიურად ტურისტული სექტორის 1000-მდე წარმომადგენელის გადამზადება ხდება.

შეიქმნა სერვისის განვითარების ხელშეწყობისთვის ონლაინ პორტალი serviceajara.ge, რომელზე განთავსებულია ტურიზმის დეპარტამენტის ტრენინგების კალენდარი, ვიდეოგაკვეთილები, სახელმძღვანელოები, რომლის მეშვებითაც პორტალზე რეგისტრირებულ სექტორის წარმომადგენლებს მუდმივად აქვთ წვდომა სერვისის გაუმჯობესების კუთხით რეგიონში დაგეგმილ ღონისძიებებზე, ტრენინგებსა და მასტერკლასებზე.

მარტი-მაისის პერიოდში ტურიზმის სექტორშიდასაქმებული 445 ადამიანი გადამზადდა, ასევე ტურისტული სერვისების, სტანდარტების, კულინარიის, ტრაციციების და ტურისტული პროდუქტების შესახებ პრეზენტაციები ჩაუტარდა 200- ზე მეტ ტურიზმის სექტორის წარმომადგენელს.