ავტორი:

"აქ ყველანი სიკვდილის მოლოდინში ვართ“ - ჩრდილოეთ კორეა შიმშილის ზღვარზე: რას ჰყვებიან ქვეყნის მოქალაქეები BBC-სთან?

"აქ ყველანი სიკვდილის მოლოდინში ვართ“ - ჩრდილოეთ კორეა შიმშილის ზღვარზე: რას ჰყვებიან ქვეყნის მოქალაქეები BBC-სთან?

ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებმა BBC-სთან ამ ქვეყანაში ცხოვრების სირთულეებზე ისაუბრეს. მათ შორის ისეთზეც, როგორიც არის ხშირად საკვების გარეშე ყოფნა. ექსკლუზიური ინტერვიუ ცხადყოფს, რომ მსოფლიოს ყველაზე ჩაკეტილ ქვეყანაში 90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე საკმაოდ მძიმე ვითარებაა.

ადგილობრივების თქმით, 2020 წლიდან ხელისუფლებამ მთლიანად გადაკეტა საზღვრები და საკუთარი მოქალაქეების ცხოვრების კონტროლი დაიწყო. ამის პარალელურად, ოფიციალური ფხენიანი აცხადებს, რომ თავისი მოქალაქეების ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებს.

ორგანიზაცია Daily NK-ის დახმარებით, რომლებსაც ჩრდილოეთ კორეაში თავისი წყაროები ჰყავს, ბრიტანულმა გამოცემამ სამ რიგით მოქალაქესთან ინტერვიუს ჩაწერა მოახერხა. ისინი შიშობენ, რომ საზღვრების დაკეტვის შემდეგ, მათ ან შიმშილით სიკვდილი მოუწევთ, ან წესების დარღვევისთვის სიკვდილით დასჯიან.

როგორც ფხენიანის ერთ-ერთმა მკვიდრმა, პირობითად ჩჟი იონმა, გამოცემას უამბო, ის პირადად იცნობდა 3-სულიან ოჯახს, რომლის წევრებიც შიმშილით დაიხოცნენ.

სახელი, ბუნებრივია, ნამდვილი არ არის და ის BBC - მ მათივე უსაფრთხოების გამო შეცვალა.

ჩინეთის საზღვართან მცხოვრები მშენებელი კი ამბობს, რომ სოფელში იმდენად ცოტა საჭმელია, რომ შიმშილით უკვე ხუთი ადამიანი დაიღუპა.

"ჯერ ვშიშობდი, რომ კოვიდით მოვკვდებოდი, მაგრამ ახლა მეშინია, რომ შიმშილი იქნება ამისი მიზეზი“, - ყვება ის.

ჩრდილოეთ კორეას არასოდეს შესწევდა უნარი, თავისი 26 მილიონი მოსახლეობისთვის საკმარისი საკვები ეწარმოებინა, ხოლო 2020 წელს, საზღვრების დახურვის მერე, მათ შეწყვიტეს ჩინეთისგან სიმინდისა და ამა თუ იმ კულტურის მოსაყვანი პროდუქტებისა და ტექნიკის იმპორტი.

საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ, მესაზღვრეებს უბრძანეს, ესროლათ ყველასთვის, ვინც საზღვრის გადაკვეთას შეეცდებოდა. ამ გზით მათ, ფაქტობრივად, წერტილი დაუსვეს საკვების კონტრაბანდას, რომელიც შავ ბაზარზე იყიდებოდა და სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ვაჭრობდა.

ბაზრის გამყიდველი, პირობითად მიონ სუკი ყვება, რომ მის დახლზე პროდუქტების სამი მეოთხედი ჩინეთიდან მოდიოდა, ახლა კი ყველაფერი ცარიელია. შესაბამისად, ის და მისნაირები შემოსავლის დიდი ნაწილის გარეშე დარჩნენ. სუკი ყვება, რომ ასეთი გაჭირვება არასოდეს ახსოვს, რადგან ხალხი დადის კარდაკარ და საკვებს თხოულობს.

ის აღიარებს, რომ უჭირს შვილების გამოკვება და იხსენებს კრიტიკულ პერიოდს, როდესაც 2 - დღიანი შიმშლის შემდეგ, ეგონა, რომ მოკვდებოდა.

90-იანი წლების ბოლოს ჩრდილოეთ კორეაში მასობრივი შიმშილის შედეგად, სამ მილიონამდე ადამიანი დაიღუპა. დღეს ქვეყანა ახალი კატასტროფის წინაშეა.

თვით კიმ ჩენ ინმაც კი მიანიშნა სიტუაციის სერიოზულობაზე და ღიად აღიარა, რომ ქვეყანა "სასურსათო კრიზისის“ ზღვარზეა. თუმცა, არჩევანის შემთხვევაში, ფინანსურ პრიორიტეტს ის თავის ბირთვულ პროგრამას ანიჭებს. 2022 წელს დაფიქსირდა ბალისტიკური რაკეტის გაშვების 63 მცდელობა, რაც რეკორდული რიცხვია. ამ მცდელობების ჯამური ღირებულება 500 მილიონი დოლარია, რაც ქვეყნის მასშტაბით მარცვლეულის წლიური დეფიციტის დასაფარად საკმარისი თანხაა.

ადამიანები აღწერენ, როგორ გაამკაცრა ხელისუფლებამ გასული სამი წლის განმავლობაში ადამიანების სიცოცხლეზე კონტროლი, გამკაცრდა სასჯელი და მიიღეს ახალი კანონები.

სამხრეთ კორეის მთავრობის ცნობით, პანდემიამდე, ყოველწლიურად ათასზე მეტი ადამიანი გარბოდა ჩრდილოეთ კორეიდან ჩინეთში, მდინარე იალუს გავლით. ახლა კი გაქცევა თითქმის შეუძლებელია.

"ახლა მდინარესაც კი რომ მიუახლოვდე, სასტიკად დაისჯები. ამიტომ თითქმის არავინ რისკავს“, - ამბობს გამყიდველი გოგონა.

ქვეყნიდან გაქცევისთვის განსაკუთრებულად მკაცრად - სიკვდილით სჯიან. "ჩვენ აქ ყველანი სიკვდილის მოლოდინში ვართ“, - ამბობს ის.

BBC - მ სცადა, ამ ინფორმაციის თაობაზე ქვეყნის მმართველობისგან კომენტარი მიეღო.

"ხალხის კეთილდღეობა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, თუნდაც გაჭირვების პირობებში“, - განუცხადა გამოცემას“ ლონდონში ჩრდ. კორეის საელჩოს სპიკერმა.

ქვეყნის ხელისუფლებამ აღნიშნულ მონაცემებს აბსურდულიც უწოდა და განაცხადა, რომ ის ანტიკორეული ძალების მიერ ინფორმაციის გაყალბების შედეგად იქნა მოპოვებული.

ჯი იონგი ფხენიანიდან ამბობს, რომ დაკავებები იმდენად ხშირი გახდა, რომ ადამიანები ერთმანეთს აღარ ენდობიან. ის თავად დაიბარეს დაკითხვაზე 2020 წლის დეკემბერში მიღებული ახალი კანონით, რომელიც უკრძალავს ადამიანებს უცხოური ფილმების, სატელევიზიო შოუების ყურებას, მოსმენას და გავრცელებას.

ყოფილმა დიპლომატმა რიუ ჰიუნ-ვუმ, რომელმაც ქვეყანა 2019 წელს დატოვა, აღიარა, რომ გაოცებული იყო, თუ რა ზომამდე მიაღწია ჩრდილოეთ კორეის მთავრობის ბრძოლამ საგარეო გავლენასთან.

"კიმ ჩენ ინს ეშინია, რომ თუ ხალხი გააცნობიერებს რა სიტუაციაში არიან და რამდენად მდიდარია სამხრეთ კორეა, აჯანყდებიან“, - განმარტავს ის.

ბოლო სამი წლის განმავლობაში, ზოგიერთი ჩრდილოეთ კორეელის ლოიალობა მათი მთავრობის მიმართ მკვეთრად შემცირდა.

"თუ კოვიდამდე ხალხი უმეტესწილად დადებითად იყო განწყობილი კიმ ჩენ ინის მიმართ, ახლა ყოველი მეორე უკმაყოფილოა“, - ამბობს მიონ სუკი.

მოამზადა ეკა დარჩიაშვილმა