ავტორი:

"საქართველოდან რომ მოვდიოდი, მახსოვს კოლეგების კომენტარები - აბა შენ იცი, მუშად მუშაობა არ დაიწყო.. არ სჯეროდათ ჩემი წარმატების" - ქართველი ფოტოგრაფის თავბრუდამხვევი მოღვაწეობა ამერიკაში

"საქართველოდან რომ მოვდიოდი, მახსოვს კოლეგების კომენტარები - აბა შენ იცი, მუშად მუშაობა არ დაიწყო.. არ სჯეროდათ ჩემი წარმატების" - ქართველი ფოტოგრაფის თავბრუდამხვევი მოღვაწეობა ამერიკაში

მისი კომპანია უდიდესსა და უმდიდრეს ივენთებსა და ღონისძიებებს უძღვება ისეთ ცნობილ ჰოლებში, როგორიც არის - გოთემ ჰოლი, კიპრიანი, ლასთ ჰაუსი ჩელსი, ლინკოლნის ცენტრი, პლაზა ჰოტელი და ასე შემდეგ... იქ შეხვედრია ისეთ ცნობილ მეგა არტისტებს, როგორიც არიან - ქარდი ბი , ფეტ ჯო , დიჯეი ქალედ, ჯონი მარტინო (ნათლიმამიდან)... ამის გარდა კიდევ ბევრი მიღწევები აქვს და თავის ცხოვრების, მოღვაწეობის შესახებ მიშო მაიკლ გოგიძე ამერიკიდან გვესაუბრა...

- მიშო, როგორ გახსენდებათ ბავშვობა?

- ალბათ, როგორც ჩემი თაობის ყველა ახალგაზრდისთვის, ჩემთვისაც ცოტა მძიმე იყო 90-იანი წლების ქართული რეალობა. გამიმართლა, ისეთ ოჯახში რომ დავიბადე, სადაც განათლება და კულტურა ყვაოდა. შესაბამისად, ჩემი აღზრდაც ამ კუთხით მიდიოდა... ბებია და ბაბუა მეცნიერები იყვნენ, მამა კომპოზიტორი და მუსიკალური პროდიუსერია, დედა ისტორიკოსი...…

- სკოლის პერიოდი როგორი იყო?

- სკოლის პერიოდი ცოტა მტკივნეულად მახსოვს, რადგან ოთხჯერ მომიწია სკოლის შეცვლა. ახალი გარემო, ახალი მეგობრები... თუმცა ახლა ვხვდები, რომ სკოლიდან ძალიან დიდი სამეგობრო შევიძინე. დღემდე მომყვება ეს სითბო და სიყვარული. კარგად ვსწავლობდი, ასევე ფორტეპიანოს და ვიოლინოს ვეუფლებოდი. მაღალ კლასებში გიტარის შესწავლით დავინტერესდი, რაც სტუდენტობის დროსაც გავაგრძელე... შემდეგ დღევანდელმა პროფესიამ - ფოტოგრაფიამ და სინემატოგრაფიამ რეჟისურასთან ერთად ყველაფერს გადაძლია და იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო.

- ფოტოგრაფია როდის დაიწყეთ?

- ზოგადად სიუჟეტური ფოტო-ხედვა ბავშვობიდან მქონდა, ვიღებდი პორტრეტებს, პეიზაჟებს, ჩანახატებს... რა თქმა უნდა, მოყვარული ფოტო კამერებით, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, უკვე სტუდენტს, ახალ წელს საჩუქარი დამხვდა, რომელიც მამამ მომიძღვნა. გავხსენი და იმ დროისთვის ყველაზე სუპერ აპარატი აღმოჩნდა. აი აქედან უკვე დაიწყო ჩემი პროფესიული ზრდა, განვითარება და ეს ხელოვნება ამყავს მეცნიერულ დონეზე.

- საქართველოში კარიერა როგორ აიწყვეთ?

- საქართველოში ჩემი საქმიანობა თითქმის ყველა მიმართულებით გავშალე. ეს ეხებოდა როგორც დიზაინერებთან და მოდელებთან თანამშრომლობას, ასევე კერძო და კომერციულ ფოტოგრაფიას. მქონდა ჩემი ფოტო სტუდიაც. მინდა აღვნიშნო ჩემი თანამშრომლობა დიზაინერ ლაშა დევდარიანთან, რომელიც ჟურნალ "ბომონდში" დაიბეჭდა. ასევე კოლაბორაციები დიზაინერ ნიკოლასთან, რომელიც ბევრჯერ გაშუქებულა სხვადასხვა ტელევიზიებში.

- ამერიკაში როდის წახვედით და თუ არის ის ქვეყანა, სადაც ოცნებები სრულდება?

- ამერიკა ოცნებების ასრულების ქვეყანაა, თუ შენს საქმიანობას და პოტენციალს სწორად წარმართავ. ჩემს შემთხვევაში სამშობლოსა და აწყობილი კარიერის დატოვების საბოლოო გადამწყვეტი როლი მამის ამერიკაში გამგზავრებამ ითამაშა. თავიდან სირთულეები იყო, ახალ გარემოსთან ადაპტირება და დღეს ვფიქრობ, რომ სწორედ იმ გზაზე ვდგავარ, რომლითაც უფრო დიდი და მეტი წარმატებების მიღწევა არის შესაძლებელი.

რეპერ ფეთ ჯო Fat Joe სთან სტუდიაში მანჰეტენზე

- თქვენს ანგარიშზე უკვე მრავალი წარმატებაა, გაგვიზიარეთ ამის შესახებ...

- გარდა იმისა, რომ ამერიკაში დავატრანსფერე საკუთარი ფოტო-ვიდეო -აუდიო მომსახურების კომპანია, პროდიუსინგი გავუწიე გოგიტა გოგიძის რამდენიმე ვიდეორგოლს, რომელთაც მილიონობით ნახვა აქვს. ასევე მრავალი მუსიკალური ვიდეორგოლი გადავიღე, მათ შორის ბაჩო რამიშვილის მუსიკალური კლიპი ნიუ-იორკში. ურთიერთობა მაქვს ნიუ-იორკის წამყვან ივენთების ორგანიზატორებთან, როგორიც არის ქეით ედმონდსი, კრისტინა ვერგერი და ასე შემდეგ... ჩემი კომპანია უდიდესსა და უმდიდრეს ივენთებსა და ღონისძიებებს უძღვება ისეთ ცნობილ ჰოლებში, როგორიც არის - გოთემ ჰოლი, კიპრიანი, ლასთ ჰაუსი ჩელსი, ლინკოლნის ცენტრი, პლაზა ჰოტელი და ასე შემდეგ... აქ შევხვედრივარ ისეთ ცნობილ მეგა არტისტებს როგორიც არიან - ქარდი ბი , ფეტ ჯო , დიჯეი ქალედ , ჯონი მარტინო (ნათლიმამადან) გარდა ნიუ-იორკისა, სხვადასხვა შტატებში ვმუშაობ -კალიფორნია, ფლორიდა, ვაშინგტონი, პენსილვანია, ნიუჯერსი, კონექტიკუტი და ასე შემდეგ... ვორქშოფებს ვატარებ ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში და მაიამიში... წლევანდელ ნიუ-იორკის ვორქშოფს ოცამდე ხელოვანი დაესწრო სხვადასხვა შტატებიდან, რომლებიც სპეციალურად ჩამოვიდნენ, რომ დასწრებოდნენ ჩემს მიერ ორგანიზებულ ვორქშოფს... .აქტიურად ვარ ჩართული ქართული კულტურული ღონისძიებების ფოტო- ვიდეო პროდაქშენის მხარდაჭერით. კომერციული ვიდეორგოლები დამიმზადებია ნიუ-იორკში მოღვაწე ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის როგორიც არის Charles krypell fine, HarryWinston ( რომლის პროდუქციითაც JLO სარგებლობს) , clocks and colors , the view in the battery park და ასე შემდეგ.

ჯონი მარტინო "ნათლიმამადან"

- ფილმების მიმართულებით თქვენს საქმიანობაზე გაგვაცანით...

- გარდა ამ ყველაფრისა, მონაწილეობა მიმიღია მოკლემეტრაჟიან ფილმების გადაღებაში და ასევე ქართველ რეჟისორთან არჩილ გუგბერიძესთან ერთად გადავიღე მოკლემეტრაჟიანი ფილმი ,,ალტერნატივა “. აქტიურად ვაპირებ რეჟისურის კუთხით განვითარებას და სწორედ ეს ეხება ჩემ სამომავლო გეგმებს საქართველოსთან .

- სულ ახლახან უმნიშვნელოვანესი სიახლე გქონდათ...

- რაც შეეხება ჟურნალ GMARO-ში ჩემი პროექტის გამოქვეყნებას, ეს ფოტოსერია გადავიღე ლოს ანჯელესში, კერძოდ, მალიბუში, მალიბუს მომაჯადოვებელ სანაპიროზე მოდელ თამარა ცომაიასთან ერთად. ფოტოსერიის სახელწოდებაა ,,ოცნებებში გახვეული, ლედი წითელში” ამ სერიით მინდოდა გამომეხატა მეოცნებე ქალის თავისუფლების სიყვარული, ბუნებასთან კავშირი და ემოციებით ურთიერთობა (დანარჩენი შეგიძლიათ იხილოთ პროექტის ინგლისურ აღწერაში).

მნიშვნელოვან სამომავლო გეგმაზე მოგახსენებთ: ჩემს ძმასთან, გიორგი გოგიძესთან ერთად ვატარებ პროექტს - "რა? სად? როდის?" ნიუ-იორკში, ვაყალიბებთ ნიუ იორკის ლიგას, რომელიც ეტაპობრივად ჩატარდება ხოლმე, პირველი 23 ივნისს იმართება, მთავარი მიზანი არის ინტელექტუალური თამაშების ჩამოყალიბება, ქართული ენის შენარჩუნება და პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში და აქ დაბადებულ ბავშვებში მოტივაციის გაღვიძება, გაეცნონ მეტად ქართულ ენასა და ლიტერატურას.

საქართველოდან როცა მოვდიოდი, ყურადღება არ გამიმახვილებია საკმაოდ ბევრ პესიმიზმზე და კოლეგებისგან უფრო მეტად იყო კომენტარები - “აბა შენ იცი, მუშად მუშაობა არ დაიწყო“, აქვე მინდა დავაკონკრეტო, რომ მუშაობა სათაკილო არაა და პატივს ვცემ ყველა მშრომელ ადამიანს. თუმცა ეს მიუთითებს, რომ ბევრს არ სჯეროდა და სკეპტიკურად უყურებდნენ ჩემს მომავალს, რადგან საკმაოდ წარმატებული, განვითარებული კარიერის შემდეგ მივდიოდი.