ავტორი:

"მინდა ბოდიში მოვუხადო პრეზიდენტს" - ნიკა გვარამიამ საპატიმრო დატოვა: რა ხდებოდა მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან (ფოტოები)

"მინდა ბოდიში მოვუხადო პრეზიდენტს" - ნიკა გვარამიამ საპატიმრო დატოვა: რა ხდებოდა მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან (ფოტოები)

"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, რომელიც პრეზიდენტმა შეიწყალა, საპატიმრო დატოვა. გვარამიას ნომერ მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ოჯახის წევრები, მეუღლე, შვილი, კოლეგები და გულშემატკივრები დახვდნენ. მას ტაშითა და შეძახილებით დახვდნენ.

გვარამიას თქმით, პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას არ ელოდა და ამისთვის მზად არ იყო.

"პირველ რიგში გამარჯობა, მოგესალმებით ყველას, ძალიან მიხარია თქვენი ნახვა! დავიწყებ იმით რაც მკითხეთ, პირველი შთაბეჭდილება გულწრფელად გეტყვით, რომ არ ველოდი, უბრალოდ, მართალი გითხრათ, არ ველოდი გათავისუფლებას. არ ვიყავი ამისთვის მზად. ველოდებოდი თებერვალ-მარტს, როდესაც მიწევდა პირობით ვადამდე გათავისუფლება, არც მაშინ ველოდი დიდად, რომ გამიშვებდნენ მაგრამ მაინც რაღაცას წავიაქტიურებდი მაინც მაგ პერიოდში, თუ არ გამიშვებდნენ. მაგრამ მანამდე არაფერს არ ველოდი. უნდა გამოვეხმაურო იმას, რაც სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადა დღეს. მე ვფიქრობ, რომ მას ეს ჩემთვის ნამდვილად არ გაუკეთებია, მან ეს გააკეთა საკუთარი ქვეყნისთვის, რომლის პრეზიდენტიც არის. ვფრიქრობ, რომ ეს მას ღირსებას მატებს ნამდვილად.

რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოს, რომელიც ახლა ვრცელდება სოციალურ ქსელში, ამ ვიდეოებში არ მომწონს ჩემი თავი, საძაგლობაა და ბოდიშს ვუხდი მე მას ამის გამო. აქვე უნდა ვთქვა, რომ არც ის უნდა გაჯიუტდეს და უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი" - აღნიშნა გვარამიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამიას შეწყალების აქტს ხელი მოაწერა.

პრეზიდენტის თქმით, ის არ აპირებს, გადაწყვეტილების თაობაზე ახსნა-განმარტების გაკეთებას, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა.

ცნობისთვის, 19 ივნისს, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, ასევე, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ფოტოები: : გიორგი ჟამერაშვილი/„ინტერპრესნიუსი"

წაიკითხეთ ასევე: