ავტორი:

რუს ოკუპანტებს დიდ "ქვაბში" მოქცევის საშიშროება შეიძლება დაემუქროთ - რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ხიდს, რომელსაც უკრაინელებმა გუშინ დაარტყეს

რუს ოკუპანტებს დიდ "ქვაბში" მოქცევის საშიშროება შეიძლება დაემუქროთ - რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ხიდს, რომელსაც უკრაინელებმა გუშინ დაარტყეს

ფოტოზე: ჩონგარის ახალი და ძველი ხიდები - უკრაინელების უზუსტესი სარაკეტო დარტყმა ახალი ხიდის ცენტრში განხორციელდა...

  • "არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

22 ივნისს, გამთენიისას, ჩონგარის სამანქანო ხიდს, რომელიც რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმსა და ხესრონის ოლქს დიდი სიზუსტით მოხვდა რაკეტა და ხიდის სავალ ნაწილში სამი მეტრის სიგრძის "ღრმული" გააჩინა...

  • ჩონგარის სამანქანო ხიდი უკრაინელების გაშვებულმა რაკეტამ საიუველირო სიზუსტით დააზიანა... ფრონტის ხაზიდან იქამდე მინიმალური მანძილი 130 კმ-ს შეადგენს, 84 კმ-ზე მფრენი ჰაიმარსის“ რაკეტა ვერ მისწვდებოდა, სამაგიეროდ, ეს შეიძლება Storm Shadow -ს ფრთოსან რაკეტას ჩაედინა“...

ჩონგარის ხიდი სწორედ ის სტრატეგიული მნიშვნელობის სატრანსპორტო კომუნიკაციაა, რომლის აფეთქება უკრაინელებმა ვერ შეძლეს 2022 წლის 24 თებერვლის დილას, რის გამოც მანამდე ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან რუსეთის საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფები დიდი სისწრაფით შეიჭრნენ უკრაინის მატერიკულ ნაწილში - ზაპოროჟიეს ოლქში და თითქმის უბრძოლველად დაიპყრეს მელიტოპოლი და ბერდიანსკი და ზურგიდან მიადგნენ მარიუპოლს - ანუ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას აზოვის ზღვაზე გასასვლელი გადაუკეტეს, სამაგიეროდ, თავისთვის გახსნეს სახმელეთო დერეფანი როსტოვის ოლქიდან ანექსირებულ ყირიმამდე...

პუტინის ჩაფლავებულ ბლიცკრიგის ოპერაციაში, რომელიც კიევის სამ დღეში დაპყრობას ითვალისწინებდა, ეს ერთადერთი წარმატება გახლდათ, რის მძიმე შედეგებს უკრაინა ახლა იმკის, რადგან ოკუპირებულ ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში რუსმა ოკუპანტებმა ძლიერი, ეშელონირებული თავდაცვითი ზღუდეები ააგეს, რომელთა გადალახვა ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული.

ამიტომაც ჩონგარის ხიდების მწყობრიდან გამოყვანას რუსი ოკუპანტების თავდაცვითი ზღუდეების ღრმა ზურგში, როგორც წმინდა სამხედრო, ისე - პოლიტიკური და ფსიქოლოგიური მნიშვნელობაც მიენიჭება, დაახლოებით ისეთივე, რაც მდინარე დნეპრზე, ხერსონთან, ანტონოვის სამანქანო ხიდის "ჰაიმარსებით" ზუსტად "დახვრეტისას" ხდებოდა.

მაშინ, გასული წლის შემოდგომაზე, დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე და მათ შორის - თავად ქალაქ ხერსონში განთავსებული 30 ათასიანი რუსული საოკუპაციო ძალების პირადი შემადგენლობა სერიოზული ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ აღმოჩნდა, რადგან ფართო დინების დნეპრის ამ მონაკვეთზე მხოლოდ სამი ხიდი გადადიოდა - ანტონოვის სამანქანო, სარკინიგზო და კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალზე გამავალი გზა. გააგძელეთ კითხვა