"საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების საქმეზე ბრალდებულმა ბადრი ესებუამ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს ჩვენება მისცა.
მან 2021 წლის 21 ოქტომბერი დეტალურად გაიხსენა. ესებუამ თქვა, რომ მას ბანკის თავდასხმასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
როგორც მან აღნიშნა, 21 ოქტომბერს მთელი დღე საკუთარ სახლსა და სოფელში გაატარა.
ესებუას თქმით, 23 ოქტომბერს მეგობარი პოლიციელისგან შეიტყო, რომ პოლიციაში მისივე თანასოფლელი მივიდა და უთხრა, რომ თავდამსხმელის ვინაობა იცოდა და ის დაასახელა.
ბრალდებულმა თქვა, რომ ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ გადაწყვიტა სახლი დაეტოვებინა და მიმალვაში ყოფილიყო.
როგორც ესებუამ სასამართლოს უთხრა, ის პოლიციელების მხრიდან საფრთხეს სულ გრძნობდა, რადგან ამ შემთხვევამდე ქალაქში გადაადგილებისას ხშირად აჩერებდნენ და ასევე, სოციალურ ქსელში ბევრჯერ ისინი არაკორექტულად ჰყავს მოხსენიებული.
"კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით მე არაფერი ვიცი, ვიცი ის მხოლოდ, რაც ტელევიზიით და აქ სასამართლო პროცესებზე მოვისმინე. 21 ოქტომბერს მთელი დღე სახლში ვიყავი, ერთი ორი საათით ვიყავი გასული, მაგრამ სოფლიდან არ გავსულვარ. 23 ოქტომბერს ჩემმა პოლიციელმა მეგობარმა მითხრა, რომ შენი თანასოფლელი მოვიდა პოლიციაში და თქვა, რომ ვიცი ვინც არის თავდამსხმელიო და შენ დაგასახელაო. გამაფრთხილა, ფრთხილად ვყოფილიყავი. ჩემს თანასოფლელს, ვინც პოლიციელების ინფორმატორია, ნათქვამი აქვს, რომ მე დაგაჭერინებთ თავდამსხმელს და თანამდებობაზე დამნიშნეთო. ისედაც სულ ფრთხილად ვიყავი, რადგან ადრეც ქალაქში, როცა გადავადგილდებოდი პოლიციელები სულ მაჩერებდნენ. ზოგადად, ქალაქში გასვლას სულ თავს ვარიდებდი. 23-ში ეს რომ მითხრეს, მივხვდი, კარგად არ იყო საქმე. 23 ოქტომბერს საღამოს დედაჩემს ვუთხარი, რომ თბილისში, ექიმთან მივდიოდი. საღამოს, დაახლოებით, 6 საათზე გავედი და მას შემდეგ ვიყავი ხან მეგობართან და ხან ნათესავთან. 25 ოქტომბერს ჩემს დეიდაშვილთან ვიყავი, ტელევიზორს ვუყურებდი, რა დროსაც ჩემს დეიდაშვილს ჩემთვის სურათი გადაუღია, რომელიც ჩემი ძმისთვის გაუგზავნია. ვიცოდი, რომ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების “ფეისბუქის“ გვერდი გატეხილი იყო და პოლიციელები აკონტროლებდნენ. ალბათ, ცდილობდნენ ჩემი ადგილსამყოფლის დადგენას. ჩემი ძმა როცა მოვიდა ჩემთან, მივხვდი, ეს ამბავი უკვე პოლიციასაც ეცოდინებოდა და იმ სახლიდან იმ საღამოსვე წავედი. მას მერე მიმალვაში ვიყავი. საფრთხეს სულ ვგრძნობდი და თავს ვარიდებდი პოლიციელებს, მიზეზი არ ვიცი, მაგრამ სოციალურ ქსელში ბევრჯერ არაკორექტულად მოვიხსენიე ეს პოლიციელები და მას შემდეგ დაიწყეს ჩემი დევნა”, - განაცხადა ბადრი ესებუამ.
ბადრი ესებუას კითხვები საქმის პროკურორებმაც დაუსვეს.
ჩვენების მიცემის შემდეგ საქმის პროკურორმა ესებუას მიმართა, ესებუასგან დაესახელებინა იმ პოლიციელის ვინაობა, რომელმაც ინფორმაცია მიაწოდა, რომ ბანკზე თავდასხმას მას აბრალებდნენ, თუმცა ბრალდებულმა მისი ვინაობის გამხელა არ ისურვა.
ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით კი, ესებუამ თქვა, რომ მძარცველის ხმის ნიმუში და მისი ხმა იდენტური არ არის, პროკურატურა კი ექსპერტზე ზეწოლაში დაადანაშაულა.
ამ წუთებში სასამართლო ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვას უსმენს.