ავტორი:

ბარაკ ობამას თქმით, ყირიმში რუსეთის შეიარაღებული შეჭრა არ ყოფილა

ბარაკ ობამას თქმით, ყირიმში რუსეთის შეიარაღებული შეჭრა არ ყოფილა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, ყირიმში რუსეთის შეიარაღებული შეჭრა არ ყოფილა. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, 2014 წლის უკრაინა „ის უკრაინა არაა, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ“.

„არსებობს მიზეზი, ყირიმში შეიარაღებული შეჭრა რატომ არ ყოფილა. ვინაიდან ყირიმში ბევრი რუსულენოვანი ადამიანი იყო, და იქ გარკვეული სიმპათია არსებობს იმ შეხედულებებისადმი, რომლებსაც რუსეთი წარმოადგენდა. [უმაღლეს] რადაშიც კი მაშინ რუსეთის მომხრეები იყვნენ. პოლიტიკა უკრაინაში უფრო რთული იყო“, - განაცხადა ობამამ.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი დაიცვა, რომელსაც ხშირად რუსეთთან დაახლოებისთვის და არასაკმარისად მკაცრი პოლიტიკისთვის აკრიტიკებენ.

„მეც და მერკელსაც, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ, ბევრი ევროპელის ჩართვა მოგვიწია, რომლებიც მაშინ პანიკაში იყვნენ, რათა სანქციები შემოგვეღო და პუტინისთვის დონბასსა და უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე წინსვლის საშუალება არ მიგვეცა,” - განაცხადა ობამამ.

მისივე თქმით, დასავლეთმა პუტინს წინააღმდეგობა გაუწია „იმ ინსტრუმენტებით, რომლებიც მაშინ გვქონდა, იმის გათვალისწინებით, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა უკრაინა“.