ავტორი:

"არ არის გამორიცხული, ამ ამბის ფონზე პრიგოჟინის დაკავება ან მოკვლა სცადოს შოიგუ-გერასიმოვის კლანმა" - რა ხდება და რა პროცესები შეიძლება განვითარდეს რუსეთში?

"არ არის გამორიცხული, ამ ამბის ფონზე პრიგოჟინის დაკავება ან მოკვლა სცადოს შოიგუ-გერასიმოვის კლანმა" - რა ხდება და რა პროცესები შეიძლება განვითარდეს რუსეთში?

კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მისი სამხედრო ქვედანაყოფის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში ადანაშაულებს. პრიგოჟინი აცხადებს, რომ თავდასხმის შედეგად "ვაგნერის" ჯარისკაცები" დაიღუპნენ.

ევგენი პრიგოჟინი განრისხებულია, ის შურისძიებით იმუქრება და ფაქტობრივად, რუსეთში სამოქალაქო ომს აანონსებს. 23 ივნისის მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე:

"2023 წლის 23 ივნისის შეჯამება უკრაინაში:

- პრიგოჟინი აცხადებს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რეგულარულმა ძალებმა "ვაგნერის" პოზიციებზე ბახმუტის მიმართულებით დარტყმები განახორციელა. მან მოუწოდა ყველა მის მებრძოლს გაერთიანდნენ რუსეთის გადასარჩენად. მიუხედავად იმისა რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს პროვოკაციას აწყობენ "ვაგნერელები" და არარსებულ დარტყმებზე საუბრობენო, მაინც, სიტუაცია კრიტიკულ ეტაპს უახლოვდება. 25 ათასიან სამხედრო ძალაზე საუბრობს პრიგოჟინი, რაც პოტენციურ შიდა სამხედრო დაპირისპირებას მოასწავებს. მაგრამ ჯერ ნაადრევია დასკვნების გამოტანა, ჯერჯერობით მხოლოდ პრიგოჟინის განცხადებებიდან ვიცით ინფორმაცია. რეალურად რა ხდება და მართლაც ხდება თუ არა რაიმე ამას რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე უკეთ დავინახავთ.

ამ ყველაფერს წინ უძღოდა პრიგოჟინის დღევანდელი მიმართვა. მან შოიგუ დაადანაშაულა რუსეთის არმიის მარცხში და აღნიშნა, რომ ომის პირველივე დღეებში საუკეთესო ნაწილები შეაწირა უკრაინას ისე, რომ სადაზვერვო ინფორმაცია არც კი ჰქონდათ რა ძალები ჰყავდათ უკრაინელებსო. ამასთან, პრიგოჟინმა შოიგუ დონბასის ძარცვაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ არაფერი უკეთებია რუსულ არმიას 2014-2022 წლებში კარგი იქო. ხოლო როდესაც რუსულ ოფიციალურ თქმულებას შეეხო თითქოს უკრაინელები დონბასს 8 წლის განმავლობაში ბომბავდნენ, ეს სრულიად მოგონილი ამბავიაო. საბოლოოდ კი აღნიშნა, რომ რუსული არმია სამარცხვინოდაა ქცეული, აფრიკელი ლიდერები მეკითხებიან, -ეგაა თქვენი მსოფლიოში მეორე არმიაო.

არ არის გამორიცხული, ამ ამბის ფონზე პრიგოჟინის დაკავება ან მოკვლა სცადოს შოიგუ-გერასიმოვის კლანმა. ეს სავარაუდოდ კარგადაა ცნობილი პრიგოჟინისათვის, რომელსაც დასაკარგი ძალიან ცოტა აქვს. თუკი ამ დაპირისპირებას სრულმასშტაბიანი შეტაკებების სახე მართლაც ექნება, მაშინ დიდი ამბები გველის წინ. როგორც არ უნდა იყოს, ვინც გადარჩება ალბათ მას დაადანაშაულებენ რუსული არმიის ყველა უბედურებაში.

თავად რუს პროპაგანდისტებშიც არეულობაა. ზოგი სამხედრო გადატრიალებაზე საუბრობს, ზოგი პუტინის დაგეგმილ ქმედებებზე, ზოგიც უბრალოდ უმართავ ქაოსზე. სავარაუდოდ, ჯერ კიდევ წინაა ყველაფერი.

- ბახმუტის მიმართულებით უკრაინელები აქტიურობენ. როგორც ქალაქიდან აღმოსავლეთით, ისე ჩრდილოეთითაც დინამიურად მოქმედებენ ისინი. მეტიც, სოლედარის ჩრდილოეთითაც დიდი გადაადგილებებია. სასანგრე ბრძოლებთან ერთად სატანკო ბრძოლა მიმდინარეობს ბახმუტის ირგვლივ. ორივე მხრიდან მუშაობენ შვეულმფრენები. უკრაინელები აცხადებენ, რომ გამთენიისას კიდევ ერთი რუსული შვეულმფრენი კა-52 იქნა ჩამოგდებული.

- ზაპორიჟიას ოლქში რუსული საწყობების დაბომბვა უწყვეტად მიმდინარეობს. აშკარად მიღებული სადაზვერვო ინფორმაციიდან გამომდინარე სწრაფად ხდება მათი განეიტრალება.

- დაიბომბა ჰენიჩესკი, ხერსონის ოლქში, ყირიმის სიახლოვეს. ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა მხოლოდ ამ კვირაში. ამ შემთხვევაში, სამიზნე რუსული სამეთაურო პუნქტი იყო. ასევე რამდენიმე ათეული საშუალო რანგის ოფიცერია ბოლო დაბომბვების შემდეგ განადგურებული.- ყირიმიდან გამოსასვლელ ჩონგარის დაბომბილი ხიდის მომიჯნავედ რუსებმა სამხედრო, პონტონური ხიდი ააგეს. როგორც ჩანს ხიდი იმაზე მეტად იყო დაზიანებული, ვიდრე ელოდნენ რუსები.

- უკრაინელები ძალიან დიდი ინტენსივობით ბომბავენ ხერსონის ოკუპირებულ ოლქს. განსაკუთრებით მდინარე დნეპრის სამხრეთ ნაწილს. რუსები შიშობენ რომ მომდევნო დღეებში შეიძლება უკრაინელებმა დესანტი გადმოსხან ან ხერსონის ან ზაპორიჟიას ოლქშიო.

- უკრაინელებმა ზაპორიჟია-დონეცკის ოლქის მომიჯნავედ რივნოპოლი რკალისებრ ალყაში მოაქციეს. რუსებმა ან უკვე დატოვეს იქაურობა ან ამიერიდან დატოვებენ მას.- დონეცკის ოლქში, მარიინკას სიახლოვეს, 2014 წლის საოკუპაციო ხაზთან შეტაკებები მიმდინარეობს. გუშინდელი წინსვლის შემდეგ ვარაუდობენ, რომ დღეს კიდევ რამდენიმე წერტილზე მოხერხდა რუსული პოზიციების დაკავება. საუბარია რამდენიმე ათეულ მეტრზე, თუმცა ამ მიმართულებით თითოეულ მეტრს საკვანძო მნიშვნელობა აქვს.

- Bloomberg აცხადებს, რომ რუსეთის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი დეფიციტი გაჩნდა და ნაღდ შავ ფულზე მოთხოვნა გაიზარდაო".

იხილეთ ასევე: