ავტორი:

"კიდევ კარგი "სამშობლოს“ ვმღეროდით და არა "კატიუშას“ - რას ჰყვება ხვიჩა მაღლაკელიძე მოსკოვურ წვეულებაზე, რომელსაც პავლიაშვილთან ერთად, ნუცა ბუზალაძე, დათო ხუჯაძე და სხვა ქართველები ესწრებოდნენ

"კიდევ კარგი "სამშობლოს“ ვმღეროდით და არა "კატიუშას“ - რას ჰყვება ხვიჩა მაღლაკელიძე მოსკოვურ წვეულებაზე, რომელსაც პავლიაშვილთან ერთად, ნუცა ბუზალაძე, დათო ხუჯაძე და სხვა ქართველები ესწრებოდნენ

რამდენიმე საათის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მოსკოვში ქართველმა მომღერლებმა, სავარაუდოდ, ერთ-ერთ რესტორანში იმღერეს. ვიდეოების ავტორი ვინმე ეკატერინე სტეფანოვა გახლავთ. ვიდეოში ჩანს, რომ ღონისძიებაზე იმყოფებიან საქართველოში მცხოვრები ქართველი შემსრულებლები, სოსო პავლიაშვილთან ერთად, "სამშობლოს" მღერიან: ნუცა ბუზალაძე, დათო ხუჯაძე, ხვიჩა მაღლაკელიძე და მიშო სულუხია.

"მადლობა, რომ ჩვენ ყველა ერთად ქართულად ვმღერით! ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ჩვენ ვიმარჯვებდით, ვიმარჯვებთ და გავიმარჯვებთ ყოველთვის", - რუსულ ენაზე ასე მიმართა პავლიაშვილმა შეკრებილ აუდიტორიას.

Ambebi.ge კომენტარის ჩასაწერად ხვიჩა მაღლაკელიძეს დაუკავშირდა. მუსიკოსმა ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ საღამო მოსკოვში შედგა და მას ქართველი შემსრულებლები ნამდვილად ესწრებოდნენ, თუმცა მისი თქმით, ეს არ ყოფილა კონცერტი, ეს იყო კორპორატიული საღამო, რომელზეც ერთ-ერთი იქ მცხოვრები ქართველის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.

ხვიჩა მაღლაკელიძე:

- კონცერტი არ ყოფილა ეს, კორპორატიული საღამო იყო, ჩემო კარგო. სამი დღის წინ გაიმართა, ახლა ისევ მოსკოვში ვარ, დღეს მოვფრინავ.

- ნახავდით ნიუსებს, რომელიც დღეს დილას ქართულ მედიაში ამ თემაზე გავრცელდა.

- არ მინახავს არაფერი, რა ხდება? კორპორატული საღამო იყო, ასეთზე ვყოფილვარ მილიონზე, სად არ ჩავსულვარ. რა ამბავი ატყდა, რა მოხდა.

- მოსკოვში ჩახვედით...

- ოჰ, ნეტაი თქვენ.

- ვისი კორპორატიული საღამო იყო, დაბადების დღე იყო, ქორწილი?

- დაბადების დღეზე ვიყავი, მაგრამ არ გეტყვით ვისი.

- ქართველის თუ რუსის?

- ქართველის, კაცო, რუსთან რა მინდა, გადააშენეთ.

- როგორი დრო გაატარეთ?

- ჩვენი გამოსვლის დრო გვქონდა, მივედით, გამოვედით სცენაზე და წამოვედით სასტუმროში.

- არეულობა რომ არის რუსეთში, ხომ არ შეგექმნათ გამომგზავრებაზე პრობლემა?

- არა, ამ წუთას არაფერი არ იგრძნობა. რომ მოხდება, პირველი თქვენ გაგაგებინებთ.

- იქ ყოფნისას არ გქონიათ ის მომენტი, რომ გავრცელდებოდა ეს კადრები და განსხვავებული რეაქციები მოჰყვებოდა?

- მთელი ცხოვრება დავდივარ მოსკოვში, პეტრბურგში, ყაზანში, დაბეჭდილა კიდეც და ჩემი სურათებიც დადებულა, მაგრამ რა პრობლემაა, მე მოვდივარ ქართველებთან.

- რას ეტყოდით იმ ქართველებს, რომლებიც გაბრაზდნენ, ერთი წერდა, - ყველაზე მეტად ხვიჩა მაღლაკელიძეზე დამწყდა გულიო.

- მე რამე დავუშავე იმ ადამიანს, თუ ამ ჰაერს რატომ ვსუნთქავ? ხშირად მაქვს მართლა ურთიერთობა აქაურ ქართველებთან, არც მინახავს ახალი არაფერი, სადმე რამე დაიწერა? კიდევ კარგი "სამშობლოს“ ვმღეროდით და არა "კატიუშას“. ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ შინ და გარეთ, ეს ყველაფერი ჩაივლის, ჩვენ ვიყოთ ჯანმრთელად.