საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, საქართველო ახლა უნდა ემზადოს თავისი მომავლისა და აფხაზეთის დასაბრუნებლად.
"რუსეთის ჩამოშლა 2008 წელს დაიწყო, როდესაც ჩვენ არ დავთმეთ თბილისი. შემდეგ ეს პროცესი გაგრძელდა და ახლა დასასრულს უახლოვდება! საქართველო უნდა მოემზადოს თავისი მომავლისა და აფხაზეთის დასაბრუნებლად!" - წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ „ვაგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის“ ბანაკები დაბომბეს. აღნიშნულის გამო პრიგოჟინი განხორციელებული დარტყმის ავტორებს დასჯით დაემუქრა. დღეს დილით კი მანვე განაცხადა, რომ „ვაგნერმა“ სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა, ხოლო მოგვიანებით თქვა, რომ მისმა სამხედრო კომპანიამ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტები და აეროდრომი კონტროლზე აიყვანა. პრიგოჟინის განცხადებები გამო, რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში სამხედრო მზადყოფნის ბრძანება გაიცა, როსტოვის ქუჩებში კი ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. ამასთან, რუსული გამოცემის ცნობითვე, რუსეთში, შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.