ავტორი:

პატიმრობა, ოჯახი და გზა პუტინამდე - ვინ არიან ევგენი პრიგოჟინის მილიონერი ცოლი და შვილები: ნაკლებად ცნობილი ამბები "სასტიკ მეამბოხეზე"

პატიმრობა, ოჯახი და გზა პუტინამდე - ვინ არიან ევგენი პრიგოჟინის მილიონერი ცოლი და შვილები: ნაკლებად ცნობილი ამბები "სასტიკ მეამბოხეზე"

ევგენი პრიგოჟინი - კაცი, რომელიც პუტინის რეჟიმის მთავარ მეამბოხედ იქცა, მედიისთვის ახლა ყველაზე საინტერესო ფიგურაა. რუსი ბიზნესმენი, რომელიც ცნობილია მეტსახელით "პუტინის მზარეული", სისასტიკით ცნობილი კერძო სამხედრო კომპანიის, "ვაგნერის" დამფუძნებელია.

სტატიაში მოგიყვებით პრიგოჟინის ბიოგრაფიას და გზაზე, რომელიც კრემლამდე მისასვლელად გაიარა.

  • ევგენი პრიგოჟინი - ადრეული წლები და განათლება

ევგენი პრიგოჟინი დაიბადა 1961 წლის 1 ივნისს ლენინგრადში (ახლანდელი სანკტ-პეტერბურგი). დედა ექიმი იყო, მამა ადრე დაეღუპა, რის გამოც, მამინაცვალმა გაზარდა, რომელიც თხილამურებით სრიალის ინსტრუქტორი იყო. ამიტომ ევგენი ბავშვობიდან თხილამურებით სრიალით იყო დაკავებული და დაამთავრა მაშინდელი ლენინგრადის №62 სპორტული პროფილის სკოლა-ინტერნატი. სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩააბარა ლენინგრადის ქიმიურ-ფარმაცევტულ ინსტიტუტში, მაგრამ თავად პრიგოჟინის თქმით, ინსტიტუტი არ დაუმთავრებია.

  • ოჯახი და მილიონერი მეუღლე

ევგენი პრიგოჟინის მეუღლე ლიუბოვ პრიგოჟინაა. ის 52 წლისაა და პროფესიით ქიმიკოსია. წყვილს სამი შვილი ჰყავს - ვაჟი პაველი (დაიბადა 1998 წელს), ქალიშვილები პოლინა (დაიბადა 1992 წელს) და ვერონიკა (დაიბადა 2005 წელს).

ლიუბოვ პრიგოჟინა ფლობს მამულს გელენჯიკთან, სოფელ ყაბარდინკაში და მართავს შპს "სოინვესტს“, რომელიც ფლობს 39 ათასი კვ.მ მიწის ნაკვეთს შავ ზღვასთან ახლოს.

რუსული მედიის ცნობით, ვაჟი, პაველ პრიგოჟინი, არის Sinopskaya Embankment-ზე მსხვილი ბიზნეს-ცენტრის და კომპანიების Lakhta Park და Lakhta Plaza-ს მფლობელი. თავად პრიგოჟინის თქმით, მისი ვაჟი ჯარში მსახურობდა, იბრძოდა სირიაში და ახლა არის "ვაგნერის" წევრი.

პოლინა პრიგოჟინა დედასთან ერთად, შოკოლადის მუზეუმის თანამფლობელი და შპს Legion-ის ერთადერთი აქციონერია, რომელიც ფლობს პრინც ოლდენბურსკის აგარაკს კამენის კუნძულზე. ვერონიკა პრიგოჟინა არის შპს Red Stars-ის ერთადერთი დამფუძნებელი, რომელიც ფლობს სასტუმრო Red Stars-ს სანკტ-პეტერბურგის ცენტრში.

პრიგოჟინი, მისი მეუღლე, ვაჟი პაველი და ქალიშვილი პოლინა დასავლეთის ქვეყნების მიერ სანქცირებულები არიან.

  • პატიმრობა

1979 წელს, მაშინდელ ლენინგრადში პრიგოჟინი დააპატიმრეს და ორწელიწადნახევარი პირობითი მსჯავრი მიუსაჯეს ქურდობისთვის. 1981 წელს პრიგოჟინი კიდევ ერთხელ დააკავეს ქურდობის, თაღლითობისა და არასრულწლოვნის დანაშაულებრივ საქმიანობასა და ყაჩაღობაში ჩართვის ბრალდებით. ამჯერად 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ 1988 წელს იგი შეიწყალეს და 1990 წელს დატოვა კოლონია.

  • ბიზნესმენი და "პუტინის მზარეული"

ციხის დატოვების შემდეგ, პრიგოჟინმა და მისმა მამინაცვალმა ლენინგრადში ჰოთ-დოგების გაყიდვის ქსელი გახსნეს. ბიზნესის ისტორია ასე განვითარდა:

1991 წლიდან 1997 წლამდე პრიგოჟინი იყო კონტრასტის მაღაზიათა ქსელის ხელმძღვანელი.

1995 წელს ვასილიევსკის კუნძულზე გახსნა Wine Club-ის ბარ-მაღაზია, 1996 წელს კი რესტორანი Old Customs სანკტ-პეტერბურგში და კომპანია "კონკორდ ქეითერინგი.“

1997 წელს პრიგოჟინმა ახალი რესტორანი გახსნა, რომელიც კრემლის მაღალი რანგის სტუმრებს და პოლიტიკურ ელიტას ემსახურებოდა. 2001 წელს, პრეზიდენტმა პუტინმა გამართა მოლაპარაკებები ჟაკ შირაკთან (საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტი) და ერთი წლის შემდეგ, აშშ-ის ექსპრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან.

მედიის ცნობით, 2003 წელს პუტინმა დაბადების დღე ამ რესტორანში აღნიშნა და პრიგოჟინმა პირადად მიართვა კერძები პრეზიდენტს.

2002 წლიდან 2012 წლამდე პრიგოჟინს ჰქონდა ბლინების კაფეების ქსელი "Damn! Donald's", რის შემდეგაც მას ჰქონდა მონოპოლია მოსკოვის სასკოლო კვების ბაზარზე.

2009 წელს გახსნა რესტორანი მთავრობის სახლში.

გარდა ამისა, 2000-იან წლებში მას სამშენებლო ბიზნესიც ქონდა პეტერბურგში.

ამჟამად პრიგოჟინი არის "კონკორდ ჯგუფის“ კომპანიების მფლობელი და თანამფლობელი, რომელიც მართავს რესტორნების ქსელს მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში. 2010-იან წლებში მისმა კომპანიებმა მოიგეს ტენდერები თავდაცვის სამინისტროს ყაზარმებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების დასუფთავებისთვის, ასევე მონაწილეობა მიიღეს რუსეთში სამხედრო ობიექტების მშენებლობაში და მათ მოვლაში.

პრიგოჟინის კომპანია Concorde-მა არაერთხელ მოაწყო სამთავრობო და საპრეზიდენტო ზეიმი, მათ შორის 2012 წელს პუტინის ინაუგურაცია. თავად პრიგოჟინი აცხადებს, რომ ის არ მიეკუთვნება პუტინის ახლო წრეს და არაფერი აქვს საერთო კრემლთან.

  • პრიგოჟინი - ტროლების ქარხანა და მისი როლი

2013 წელს პრიგოჟინმა შექმნა ინტერნეტის კვლევის სააგენტო, რომელიც უფრო ცნობილია როგორც ტროლების ქარხანა. მისი მთავარი ამოცანა იყო სოციალურ ქსელებში ყალბი ანგარიშების შექმნა და საზოგადოებრივი აზრის გაკონტროლება, პოსტებისა და კომენტარების გამოქვეყნება.

2017 წელს "მედია ქარხანაში“ შედიოდა ახალი ამბების ფედერალური სააგენტო (FAN) და რამდენიმე ონლაინ პორტალი. 2018 წელს შეერთებულმა შტატებმა დაადანაშაულა პრიგოჟინი და მისი თანამშრომლები საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში.

  • ევგენი პრიგოჟინი - "ვაგნერი", სამშობლოს სამსახური და აჯანყება

2015 წელს კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერმა“ დაიწყო მოხალისეების დაკომპლექტება სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობისთვის სირიაში, მოგვიანებით კი უკრაინის ლუგანსკის და დონეცკის რეგიონებში. დასავლური მედიის ცნობით, "ვაგნერი“ ასევე მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში ლიბიაში, სუდანში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მოზამბიკსა და მალიში.

პრიგოჟინმა თავიდან უარყო კავშირი ვაგნერთან, მაგრამ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ აღიარა, რომ მისი დამფუძნებელია. 2022 წლის ზაფხულში ვაგნერმა დაიწყო პატიმრების რეკრუტირება უკრაინის ომში მონაწილეობის მისაღებად, პრიგოჟინი პირადად იყო ჩართული და მსჯავრდებულებს შეწყალებას ჰპირდებოდა.

უკრაინის წინააღმდეგ ომში "ვაგნერის“ მონაწილეობისთვის კრემლმა პრიგოჟინი დააჯილდოვა ღირსების მე-4 ხარისხის ორდენით და სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის 1-ლი და მე-2 ხარისხის მედლებით.

ბოლო პერიოდში პრიგოჟინი დაპირისპირებული იყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან. 2023 წლის 23 ივნისს მან განაცხადა, რომ რუსი სამხედროები "ვაგნერის" პოზიციებს დაესხნენ თავს, რის შედეგადაც "უამრავი ჯარისკაცი დაიღუპა“.

აღნიშნულის გამო პრიგოჟინი განხორციელებული დარტყმის ავტორებს დასჯით დაემუქრა. მანვე განაცხადა, რომ „ვაგნერმა“ სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა, ხოლო მოგვიანებით თქვა, რომ მისმა სამხედრო კომპანიამ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტები და აეროდრომი კონტროლზე აიყვანა. პრიგოჟინის განცხადებები გამო, რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში სამხედრო მზადყოფნის ბრძანება გაიცა, როსტოვის ქუჩებში კი ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. ამასთან, რუსული გამოცემის ცნობითვე, რუსეთში, შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

რუსეთში არსებულ ვითარებას უკვე გამოეხმაურა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. მან მიმდინარე პროცესებს „სამხედრო ამბოხი“ უწოდა და აღნიშნა, რომ სამოქალაქო ომის განმეორებას არ დაუშვებენ.

დღის ბოლოს ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ "ვაგნერი" მოსკოვისკენ გადაადგილებას წყვეტს და "საველე ბანაკებში" ბრუნდება. კრემლში კი განაცხადეს, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდება, ის ბელარუსში წავა.