ავტორი:

"ვიხილავთ პუტინის მხრიდან პარანოიას და ჯარის სრულ კონტროლს...რუსეთის ტერიტორია არ ყოფილა აუღებელი რამ" - როგორ აფასებს ექსპერტი რუსეთში განვითარებულ მოვლენებს

"ვიხილავთ პუტინის მხრიდან პარანოიას და ჯარის სრულ კონტროლს...რუსეთის ტერიტორია არ ყოფილა აუღებელი რამ" - როგორ აფასებს ექსპერტი რუსეთში განვითარებულ მოვლენებს

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე ბოლო დღეებში რუსეთში განვითარებულ მოვლენებს აფასებს. მისი თქმით, "პრიგოჟინის ამბოხის" შემდეგ რუსეთში შიდა წმენდებს, ფარულ დაპირისპირებებს, ახალ ტერორს, პუტინის მხრიდან პარანოიას და ჯარის სრულ კონტროლს ვიხილავთ

"გუშინდელი მოვლენების შედეგების შეჯამება პუნქტებად - ანუ რა ვიხილეთ (და რას ვიხილავთ):

  • 7 საფრენი აპარატი - ჩამოგდებული;
  • 13 პილოტი - მოკლული;
  • ორი ქალაქი თავისი აეროპორტებით - აღებული;
  • უზარმაზარი ნავთობტერმინალი განადგურებული;
  • გზები გადათხრილი და დანაღმული;
  • ინსტიტუციებს შორის ურთიერთნდობა გამქრალი;
  • საერთაშორისო სტატუსი - შებღალული;
  • შიდა სტაბილურობის მითი - დამსხვრეული;
  • პრეზიდენტი პუტინი - შეშინებული და რეპუტაციაშელახული - გაუბედეს აჯანყება;
  • სამხრეთის ოლქის სარდალი - დატყვევებული;
  • კადიროველებსა და რუს შოვინისტებს შორის დაძაბულობა - გაღრმავებული;
  • შიდა წმენდებისა და ტერორის დასაწყისი;
  • ვაგნერი, როგორც ბრძოლისუნარიანი ძალა - დაქვეითებული;
  • შიდა კონფლიქტში საგარეო ძალის - ბელარუსის - ჩარევა და მის მიერ დარეგულირება (ფორმალურად მაინც);
  • რუსეთის შიდა უსაფრთხოების სისუსტე და ქაოსი - გამოვლენილი:
  • მოულოდნელად შეგიძლია გადახვიდე იერიშზე, ასობით კილომეტრი გაიარო და დიდ წინააღმდეგობას არ შეხვდე;
  • დაუსჯელობის სინდრომი დათესილი - შეგიძლია მოაწყო გადატრიალება და თუ ვერ/არ მიაღწევ წარმატებას მოილაპარაკებ და გადარჩები;
  • სურეალიზმი: რუსეთში შეიძლება ერთ საღამოს იყო გმირი, დილით მოღალატე, შემდგომ საღამოს კი კვლავ ხელი ჩამოგართვან;

რას ვიხილავთ?

1. შიდა წმენდებს, ფარულ დაპირისპირებებს, ახალ ტერორს, პუტინის მხრიდან პარანოიას და ჯარის სრულ კონტროლს - შესაბამისად, ომში პოლიტიკური გადაწყვეტილებების კასკადს. ვინც კი ოდნავ დამოუკიდებლად მოქმედებდა რუსულ არმიაში მასაც შეუზღუდავენ გადაწყვეტილების თავისუფლად მიღების საშუალებას ან სულაც მოხსნიან/დაიჭერენ. პოლიტიკური გადაწყვეტილებები საბრძოლო მოქმედებებისას კი დამღუპველია.

2. დასავლეთის თვალშიც გამოვლინდა რუსული სახელმწიფოსა და ინსტიტუციების კატასტროფული მდგომარეობა, სისუსტე, ქაოსი და უმართაობისაგან შექმნილი შემდგომი საშიშროება. ახლა მისი დამარცხება კიდევ უფრო აუცილებელი და კიდევ უფრო შესაძლებელი ხდება. რუსეთის სისუსტეები კიდევ უფრო ნათლად გამოვლინდა უკრაინელთათვისაც. რუსეთის ტერიტორია არ ყოფილა აუღებელი რამ.

3. ბევრი წითელი ხაზი გადაიკვეთა გუშინ. პუტინის ძალაუფლება ჯერჯერობით დასუსტებულია (თუმცა ტერორით აღდგენას შეეცდება). პრიგოჟინს რომ ეპატია, ეს დაუსჯელობის სინდრომის დათესვას მოასწავებს. წითელი ხაზი გადაკვეთო და არ დაისაჯო საგანგაშო პრეცედენტია ძალაუფლების მქონეთათვის", - აღნიშნავს გიორგი კობერიძე.

ცნობისთვის, ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას შორის დიდი ხანია დაძაბული ურთიერთობა იყო.

23 ივნისს პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს "ვაგნერის" დაბომბვაში დასდო ბრალი, რის შემდეგაც განაცხადა, რომ მებრძოლებთან ერთად შოიგუსა და ვალერი გერასიმოვის მოსაძებნად მიდიოდა. ის მოსკოვის მოსკოვის მიმართულებით მიიწევდა. რუსულმა პოლიტიკურმა ელიტამ პრიგოჟინის ქმედებები ღალატად და ხელისუფლების გადატრიალების მცდელობად შეაფასა. მის წინააღმდეგ აღძრეს სისხლის საართლის საქმე. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ პრიგოჟინთან მტელი დღის განმავლობაში მოლაპარაკებას ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აწარმოებდა. ლუკაშენკოს ადმინისტრაციის ცნობით, "ვაგნერის" დამფუძნებელი ლუკაშენკოს წინადადებას დათანხმდა

"ამ მომენტისთვის მაგიდაზეა სიტუაციის მოგვარების მომგებიანი და მისაღები ვარიანტი, "ვაგნერის“ კერძო სამხედრო კომპანიის მებრძოლებისთვის უსაფრთხოების გარანტიებით“, - ნათქვამი იყო ლუკაშენკოს ადმინისტრაციის განცხადებაში, თუმცა უცნობია, კონკრეტულად რაზე შეთანხმდნენ მხარეები.

ამ განცხადების შემდეგ, გავრცელდა პრიგოჟინის განცხადებაც:

“ვაგნერის” კერძო სამხედრო კომპანიის დაშლა სურდათ. 23 ივნისს სამართლიანობის მარშზე გამოვედით. ერთი დღის განმავლობაში იმდენი გავიარეთ, რომ მოსკოვამდე 200 კილომეტრში ვართ. ამ დროის განმავლობაში ჩვენ ჩვენი მებრძოლების სისხლის ერთი წვეთის არ დავღვარეთ.ახლა ისეთი მომენტი დადგა, როდესაც სისხლი შესაძლოა დაიღვაროს. ამიტომ, ვინაიდან სრული პასუხისმგებლობა გვესმის იმისთვის, რომ რუსული სისხლი დაიღვრება ერთ-ერთი მხრიდან, ჩვენ ვტრიალდებით და საპირისპირო მიმართულებით საველე ბანაკებში ვბრუნდებით გეგმის შესაბამისად,” - განაცხადა პრიგოჟინმა.

კრემლის სპესპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, "ვაგნერის" ხელმძღვანელზე შეწყა სისხლის სამართლის საქმე და პრიგოჟინი ბელარუსში გაემგზავრება.