პრიგოჟინის "სამართლიანობის მარშმა“, მოსკოვზე მინი-გალაშქრებამ და იმ დროს გაჩერებამ, როცა რუსეთის დედაქალაქამდე 200 კმ იყო დარჩენილი, იმაზე მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე მანამდე არსებობდა.
პრიგოჟინისა და ვაგნერის ამბოხების მცდელობამ რუსეთი და პუტინი ისე უსუსურად გამოაჩინა, რომ "ბანანის რესპუბლიკის" რევოლუციონრებსაც კი შეშურდებოდათ.

ბოლოს პუტინისა და ჩვენი პატარა ჩე გევარას წაკინკლავება იმით დასრულდა, რომ მხარეები ალექსანდრ ლუკაშენკომ დააზავა. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა პირობებით მორჩა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და რას შეპირდნენ პრიგოჟინს, თუმცა სოციალურ ქსელებსა და მედიაში არაერთ ვერსიაზე მსჯელობენ.
"რჩება შთაბეჭდილება, თითქოს, "ვაგნერის“ ბელარუსში გადასროლა - წინასწარ გათვლილი ნაბიჯია, რომელიც საჭირო იყო არა მხოლოდ რუსეთის მოსახლებისთვის "მიეყიდათ“, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. უბრალოდ რომ გადაესროლათ იქ, განსაკუთრებით ბირთვული არსენალის გადაცემის შემდეგ, ეს ყველაფერი მოჭარბებულ ხმაურს გამოიწვევდა“ - წერს ერთ-ერთი რუსული არხი "ტელეგრამზე".

გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ ბელარუსში არამხოლოდ პრიგოჟინი, არამედ მთლიანად "ვაგნერი“ გადადის. უფრო მეტიც, სხვადასხვა წყაროების ცნობით, მოგილევის ოლქში, კერძოდ კი ოსიპოვიჩში "ვაგნერის“ ჯარისკაცებისთვის საველე ბანაკის მშენებლობა დაიწყო.
ამ სიახლეებმა საზოგადოება ორად გაყო. ნაწილი მიიჩნევს, რომ "ვაგნერი“, სავარაუდოდ, კიევზე გაილაშქრებს, ან სტრატეგიული რეზერვის სახით დარჩება ბელარუსში. ნაწილი კი არ მიესალმება პრიგოჟინისთვის ამბოხის შერჩენას და მასზე პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვენ.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია სავარაუდო საველე ბანაკების შესახებ.
ასევე, პრიგოჟინის ამბოხის მთავარი სამიზნეები - შოიგუ და გერასიმოვი ამ მომენტამდე თანამდებობაზე რჩებიან.