ავტორი:

"ბევრი დრო მეხარჯება ყოველდღიურობაში…. იმედია, დადგება დრო და ჩემთვის წყნარად ვიმუშავებ” - ცხოვრება მუსიკის სიყვარულითა და ბათუმზე ფიქრით: ცნობილი მუსიკოსი ოჯახსა და კარიერაზე

"ბევრი დრო მეხარჯება ყოველდღიურობაში…. იმედია, დადგება დრო და ჩემთვის წყნარად ვიმუშავებ” - ცხოვრება მუსიკის სიყვარულითა და ბათუმზე ფიქრით: ცნობილი მუსიკოსი ოჯახსა და კარიერაზე

მრავალ ჟანრში მოღვაწეობს, არის კომპოზიტორი, ავტორ-შემსრულებელი, უკრაინული ფილმებისთვის კინომუსიკა აქვს შექმნილი, დირიჟორია, არანჟირებების ავტორი, აფხაზეთის კაპელის ხელმძღვანელი, პედაგოგი...

როგორ ახერხებს ამდენ საქმეს? - ყველაფერს მუსიკის სიყვარული აკეთებინებს. „ბოლო მნიშვნელოვანი ამბავი ჩემს ცხოვრებაში ისაა, რომ სპექტაკლისთვის ''მედეა'' მუსიკა დავწერე. ისე მოხდა, რომ მუსიკა კი არ შეიქმნა სპექტაკლისთვის, სპექტაკლია მუსიკისთვის. მუსიკალური მონოდრამაა. რეჟისორმა მთხოვა, მუსიკა დამეწერა. სპექტაკლში მუსიკალური პაუზა არ არის. ის ბათუმის მუსიკალურ ცენტრში დაიდგა,“ - გვეუბნება ნიჭიერი და წარმატებული მუსიკოსი ზვიად ბოლქვაძე, რომელიც AMBEBI.GE-ს რუბრიკისთვის „ჩემი ცხოვრების მთვარი ამბები'' თავისი ცხოვრებიდან „მთავარ ამბებს“ უყვება.

ბავშვობა

- ბავშვობა არასდროს მტოვებს, სულ ჩემთანაა. ამასთან, სულ მაქვს ნოსტალგია, რომელიც ამძაფრებს ბავშვობისდროინდელ ადამიანებთან - მშობლებთან, ნათესავებთან, მეგობრებთან, კლასელებთან, კურსელებთან შეხვედრის მოლოდინს. ალბათ, ისინი ამ ნოსტალგიას ავსებენ. როდესაც მათთან ურთიერთობა ხშირად ვერ ხერხდება, უფრო ნოსტალგიური ვარ. მოკლედ, ბავშვობაც ერთგვარი ნოსტალგიაა ჩემთვის.

ბათუმი, სანაპირო და ზღვა

- ბათუმი წვიმიანი, ხალისიანი, მოთამაშე, მეგობრული, მრავალფეროვანი, საპორტო ქალაქია. ჩემთვის ის შემოქმედებითია. აჭარის ბუნება, კლიმატი შემოქმედებით განწყობას მიქმნის. იქ რომ ჩავდივარ, სხვაგვარად ვფიქრობ, სხვაგვარად მესმის. სულ მუსიკის ირგვლივ ვტრიალებ.

- ბათუმი შემოქმედებითი ქალაქია და ქალაქი-მუზაა. ამას მარტო მე არ ვამბობ. ვახტანგ ღლონტის ლექსზე შექმნილი, ერთი სიმღერაა - „როცა თბილისში წვიმს,/ მე ჩემს ბათუმში ვარ,/ ბათუმი არის წვიმა და არაფერი სხვა./ ბათუმი სიყვარულია და არაფერი სხვა... ჩემთვის ბათუმი სახლია, ძალიან ძვირფასი რამ, ასევე წარსულში დაბრუნება, მშობლები, მოგონებები, საბადო... სხვებისთვის კი კურორტია, გნებავთ მისი ზღვით და მთით... როცა ჩავდივარ, სანაპიროზე აუცილებლად უნდა გავიდე. მავსებს და მაძლიერებს ეგ გარემო... რაღაც ადგილები მასევდიანებს კიდეც...

"ეზო, სადაც გავიზარდე"

- ჩემს ჩამოყალიბებაში დიდი როლი ათასმა თავგადასავალმა ითამაშა, რომლითაც სავსე იყო ბათუმური ეზოც და სოფლების ეზოებიც აჭარის მაღალმთიან რაიონებში. იქ ძირითადად ზაფხულობით ვიყავი ხოლმე. არდადეგებს სოფელში ვატარებდი. სკოლიდან რომ დამითხოვდნენ, ერთი სული მქონდა, სოფელში წავსულიყავი, ბუნებასთან უფრო ახლოს ვიყავი.

ქუჩა და მუსიკასთან პირველი შეხება

- ქუჩამ გამოცდილება და ალბათ კვალიც დატოვა, თუმცა მე მაინც მუსიკის გზით დავდიოდი, მუსიკას კვალდაკვალ მივყვებოდი და ალბათ ბევრი რამისთვის არ მეცალა. თუმცა ყველაფერი მაინც მოვახერხე, მეგობრებთან ერთადაც ვატარებდი დროს, სახლიდან გარეთაც გავდიოდი, მაგრამ ფიქრებით და ემოციებით მაინც მუსიკას ვეკუთვნოდი. მუსიკაში ყოველი ეტაპი საინტერესო იყო. მშობლები ამბობენ და იხსენებენ, რომ ძალიან გწყინდა და ბრაზდებოდი, როდესაც ხელს ვერ აწვდენდი გიტარის გრიფსო. მედიდებოდა. სრულიად პატარა დაკვრას ვცდილობდი და ვუკრავდი კიდეც. თავისუფლად ვითვისებდი ყველა ინსტრუმენტს. სიმებიანი, რაც ვნახე, ყველაფერზე დავუკარი, ხემიანი, ან ჩასაბერი ინსტრუმენტები რომ ყოფილიყო, მათაც ავითვისებდი. ფორტეპიანოზე 7 წლიდან დავიწყე სიარული.

ოჯახში დეიდა, ბიძია, ბებია (დედის დედა ფანდურს უკრავდა), მეორე ბებიაც მუსიკალური იყო, დედა გიტარაზე უკრავდა. ეს ყველაფერი ჩემში ილექებოდა. ბიძა (მამის მხრიდან) მოცეკვავე გახლდათ, მეორე ბიძია აკორდეონს უკრავდა. ჩვენთან მუსიკა ყველას უყვარდა.

კონსერვატორია

- მუსიკალური სკოლა რომ შევიცვალე და სხვა „მუსიკალურში“ გადავედი, ერთი ქალბატონი, არაჩვეულებრივი მუსიკოსი, ჩემი მომავალი პედაგოგი რუსუდან ბერიძე დამხვდა. რომ მომისმინა, ძალიან მოვეწონე. ამ ადამიანთან გადასვლის დღიდან ჩემში საგუნდო მუსიკის სიყვარული დაიწყო. ბავშვთა გუნდი ჰყავდა და თბილისში მისი სურვილით წამოვედი, რომ ჩემს მაესტროსთან, შალვა მოსიძესთან მოვხვედრილიყავი.

ზვიად ბოლქვაძე და შალვა მოსიძე

მუსიკის შექმნისას რა არის მთავარი

- მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები მუსიკაში გარკვეულ შრომას და ენერგიას დებენ, მუსიკა უფრო ზებუნებრივი მოვლენა მგონია, ვიდრე ჩვენი დამსახურება... როდესაც სახლიდან გადიხარ, 4 საათი რეპეტიციას გაქვს, მერე ბენდთან ერთად მუშაობ, დროს საგუნდო მუსიკასაც უთმობ, ასევე პედაგოგიურ მოღვაწეობას, ვიღაცას ხვდები, კიდევ სადღაც მიდიხარ და სახლში გვიან ბრუნდები. დრო აღარ მყოფნის შემოქმედებით პროცესზე ვიფიქრო. ადრე უფრო ვახერხებდი, განვმარტოებულიყავი და შემოქმედებითი აურა შემექმნა. ეს პროცესი უფრო ღამე ხდებოდა. ხომ ვამბობ, ბოლო დროს უამრავი საქმით ძალიან ვიღლები და შემოქმედებისთვის ენერგია არ მყოფნის...

როცა ნაწარმოებზე ვმუშაობ, მოტივი შეიძლება შვილების, მეგობრების თანდასწრებითაც შეიქმნას, მაგრამ წერისთვის, ფიქრისთვის, ფორმის მოძიებისთვის, ჩამოყალიბების პროცესისთვის განმარტოება აუცილებელია. ღამე ისეთი რაღაცები მაქვს შექმნილი, რაც თუნდაც დღეს სრულდება. ეს პროცესი ყოველდღიურობისგან გათავისუფლებას ითხოვს. ყველაფერს უნდა მოწყდე, იდუმალ ძალასთან, ღმერთის წინაშე დარჩე! სხვანაირად უბრალოდ, შეუძლებელია.

ჯგუფი "ინსაიდი" და ნინო ქათამაძე

- ამ ჯგუფთან ბავშვობიდან დიდი სიახლოვე მქონდა, ხოლო ნინო ქათამაძე კი ცოტა მოგვიანებით გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. „ინსაიდის“ წევრი ვიყავი, იყო პერიოდები, როცა მათთან ერთად ვუკრავდი, ისინი ჩემთვის ძალიან ძვირფასები და საინტერესო მუსიკოსები არიან... თბილისში რომ ჩამოვედი და ჩემი საქმეებით დავკავდი, მათ იცოდნენ, რომ ჩემი გზა მქონდა (ბევრი სამეცადინო და ბევრი საქმე). კონსერვატორიაში ვსწავლობდი, რომ ჩემი და ნინოს მეგობრობა დაიწყო. რაღაც კომპოზიციებს თავი მოვუყარე და ნინოს სურვილი გაუჩნდა, ჩემი კომპოზიციები ემღერა და ალბომიც ჩაგვეწერა. ამაზე ფიქრი დავიწყეთ. მერე იყო კონცერტები, საორკესტრო კომპოზიციები, გავაორკესტრე ჩემი სიმღერები, სადაც ბენდიც უკრავდა და სიმებიანი ორკესტრიც - მოკლედ, ალბომი სახელწოდებით „ლურჯი“ ჩავწერეთ.

ქართული სიმღერების ახალი შეფუთვა

- ჩემი მთავარი ამოცანა და ინიციატივა არ იყო, ვყოფილიყავი არანჟირებების თუ ვერსიების ავტორი. უბრალოდ მთხოვდნენ, მე გამეკეთებინა კონკრეტული პროექტებისთვის, მუსიკოსებისთვის. მთხოვდნენ, რაღაც კომპოზიციების ახლებურად შეფუთვაში დავხმარებოდი. ცნობილ ნამუშევრებს დიდი სიფრთხილით ვეკიდებოდი... დღეს ამას უკვე ყველა აკეთებს და ადამიანებს რეაქციები დიდად აღარ აქვთ. პირველი ყოველთვის მტკივნეულია ხოლმე... არადა, თაობები შეიცვალა, ახალი თაობა სხვანაირად ისმენს, ესმის და მღერის. ამიტომ ის ყველაფერი მათთვის კეთდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო საავტორო მუსიკაზე გამეკეთებინა აქცენტი და არა ძველის ახლებურად შეფუთვაზე. ისიც იყო, როგორც მუსიკოსი რომ განხორციელებულიყავი, მხოლოდ ეს გზა უნდა გაგევლო. თითოეული სიმღერა მცირე დროში იქმნებოდა, კვირაში ზოგჯერ 20-მდე კომპოზიციაც იყო. არადა, სხვა შემთხვევაში თითოეული ნამუშევრისთვის ერთი თვე მაინც იყო საჭირო... ამიტომ რაღაცები კარგი გამოვიდა, რაღაცები - ნაკლებად კარგი. მომღერალმაც უნდა მოახეხოს, რომ სიმღერა მოირგოს. ახლა ჩემი გზა უკვე საგუნდო, პროფესიულ მუსიკას (საორკესტროს და საავტოროს) დავუკავშირე, ბავშვობიდან ჩემი სიმღერები და სათქმელი მაქვს.

გია ყანჩელთან ერთად

პატრიარქის საგალობლები

- ამას ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ პატრიარქის საგალობლებზე მუშაობა მომიწევდა. დიდი წარმოდგენის საკუთარ თავზე არასდროს ვყოფილვარ და არც ახლა ვარ. კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი... ცხოვრებაში თუ რამე წარმატება ყოფილა, მას წინასწარ ვერასდროს წარმოვიდგენდი. ერთადერთი, რაც მამოძრავებდა და მამოძრავებს, მუსიკის სიყვარულია.

მე და სვიმონ ჯანგულაშვილი კონსერვატორიაში ერთსა და იმავე დროს ვსწავლობდით, ის საპატრიარქოს გუნდის ხელმძღვანელია. მითხრა, პატრიარქს აქვს საგალობლები, იმ მელოდიებს ნოტებში ვწერ და იქნებ შენც მიიღო მონაწილეობაო. ძალიან ავღელდი, ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო. კონკრეტული საგალობელი უნდა გამეკეთებინა. ეს არ არის მარტივი, ძალიან სათუთი საკითხი იყო და საპასუხისმგებლო შემოთავაზება. თავიდან უარზე ვიყავი. სვიმონი არ მომეშვა და მერე უწმინდესმა დამიბარა. საგალობლები ცოცხალი შესრულებით მოვისმინე... მოკლედ, საგალობლები ტილოებად ვაქციეთ, გავაორკესტრეთ. შემდეგ კი ისინი ხალხმა აიტაცა. ამას სხვა საგალობლებზე მუშობა მოჰყვა...

ჩემი მეუღლე და შვილები

- ჩემი მეუღლე ლია ბაიდოშვილი მუსიკოსია, უკრავს ორგანზე და მიჰყავს საორგანო კლასი თბილისის კონსერვატორიაში. ერთმანეთი კონსერვატორიაში გავიცანით, დავმეგობრდით და მერე გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მეგობრობა ოჯახის შექმნით დაგვირგვინებულიყო. თუმცა მანამდე იყო ლაღი სტუდენტობა და კარგი პერიოდი. მიხარია, რომ ჩვენი ცხოვრება ერთმანეთს დავუკავშირეთ. მუსიკაზე არასდროს ვკამათობთ. მუსიკალური გემოვნება რომ არ ყოფილიყო ჩვენი საერთო ინტერესები, ალბათ არაფერი გამოვიდოდა. ყველაფერი მუსიკამ და პიროვნულმა თვისებებმა გადაწყვიტა.

ზვიად ბოლქვაძის ოჯახი და ნიკოლოზ რაჭველი

სამი ვაჟი გვყავს - ნიჭიერთა ათწლედში სწავლობენ. უფროსი (15 წლის) ფორტეპიანოს ეუფლება, შუათანა (13 წლის) - გიტარას, მესამეც (10 წლის) ფორტეპიანოს და დასარტყამი ინსტრუმენტებისადმი აქვს ინტერესი. შვილებთან არანაირი პედაგოგიური მოღვაწეობა არ ჩამიტარებია. მათთვის არც მიმართულება მიმიცია და არც თვითონ ითხოვენ ამას. ვუწონებ იმას, რომ არიან დამოუკიდებლები. ინტერესები დამოუკიდებლად ჩამოუყალიბდათ. დამკვიდრებას და გზის გაკვალვას თავანთ ძალებით ცდილობენ.

მეუღლესთან ერთად

"ვწუხვარ, რომ"...

- ჯერ ვერ მოვხერხე იმის გაკეთება, რაც წესით, უკვე გაკეთებული უნდა მქონდეს. ძალიან ბევრი დრო დამეხარჯა და მეხარჯება ყოველდღიურობაში. პრობლემებს სხვაგვარად ვერ გავუმკლავდები, არ მაქვს იმის ფუფუნება, რომ ჯერ საავტორო მუსიკაზე გადავერთო. იმედია, ოდესმე დადგება ეს დროც და ჩემთვის წყნარად ვიმუშავებ.

საპატრიარქოს გუნდთან ერთად

ამჟამად აფხაზეთის კაპელას ვხელმძღვანელობ, ამ საქმეს დიდ დროს ვუთმობ. ჩემი შემოქმედება ასევე საპატრიარქოს გუნდს უკაავშირდება, მამაკაცთა გუნდისთვისაც ვწერ მუსიკას და შერეულისთვის. მუსიკალური თვალსაზრისით ჩემს ცხოვრებაში ბევრი საინტერესო რამ იყო, რისთვისაც სამყაროს მადლობელი ვარ. მინდა, მადლიერების განცდა არასდროს დავკარგო და მადლიერებით ვიცხოვრო.