ავტორი:

"უკრაინის კონტრშეტევაში მთავარი მოვლენა ჯერ კიდევ წინ არის..." - ოლექსი რეზნიკოვი

"უკრაინის კონტრშეტევაში მთავარი მოვლენა ჯერ კიდევ წინ არის..." - ოლექსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ბოლო კვირების განმავლობაში რამდენიმე სოფლის ოკუპაციისგან გათავისუფლება კიევის დაგეგმილ კონტრშეტევაში მთავარი მოვლენა არ ყოფილა. ამის შესახებ მან Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

"როდესაც ეს მოხდება, თქვენ ამას ყველა დაინახავთ. ყველა ყველაფერს დაინახავს,” - განაცხადა რეზნიკოვმა.

მან დაადასტურა, რომ უკრაინის ძირითადი რეზერვები, მათ შორის ბრიგადების უმეტესობა, რომლებმაც დასავლეთში წვრთნები ბოლო პერიოდში გაიარეს და აღჭურვილი არიან ნატო-ს თანამედროვე ტანკებითა და ჯავშანტექნიკით, ოპერაციაში ჯერ კიდევ არ ჩართულან.

ამასთან, ოლექსი რეზნიკოვის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა კონტრშეტევის ფარგლებში გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, რომელიც გენერალურმა შტაბმა არ გაასაჯაროვა, რათა თავიდან აეცილებინათ ჯარების ადგილსამყოფელის გამჟღავნება. ამასთან, ზოგჯერ რუსებიც არ აწვდიან ინფორმაციას თავიანთ ხელმძღვანელობას, რომ ესა თუ ის ტერიტორია დაკარგეს.

"ზოგჯერ რუსები არ აწვდიან ცნობებს თავიანთ ხელმძღვანელობას, რომ დაკარგეს გარკვეული ტერიტორია, მათ ეშინიათ ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის მიწოდების“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

რეზნიკოვი "ვაგნერის“ ამბოხების მცდელობასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მომხდარმა ვლადიმერ პუტინის რეჟიმის ფუნდამენტური სისუსტე გამოავლინა. "ეს თოვლის გუნდას ჰგავს, რაც უფრო დიდი ხდება, მით უფრო სწრაფად ტრიალებს“, - აღნიშნა რენზიკოვმა.