ავტორი:

"უყურეთ მათ თამაშებს, ეს ბედნიერებაა... ჩვენს ბიჭებს რა მოტივაცია უნდა ჰქონდეთ?!" - აფხაზებში განხილვის თემაა ქართველი ფეხბურთელების წარმატება: რას წერენ ადგილობრივები

"უყურეთ მათ თამაშებს, ეს ბედნიერებაა... ჩვენს ბიჭებს რა მოტივაცია უნდა ჰქონდეთ?!" - აფხაზებში განხილვის თემაა ქართველი ფეხბურთელების წარმატება: რას წერენ ადგილობრივები

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოსა და ნიდერლანდების ნაკრების მატჩი ჩვენი გუნდისთვის მეოთხედფინალში ჯგუფიდან პირველი ადგილზე გადასვლის საგზური აღმოჩნდა... როგორც ირკვევა, ქართველი ფეხბურთელების, 21 წლამდელთა თუ ეროვნული ნაკრების თამაშებს თვალს აქტიურად ადევნებენ ოკუპირებულ აფხაზეთში.

  • ნიდერლანდებთან თამაშს ადგილობრივები სოციალურ ქსელებსა და ჯგუფებში აქტიურად განიხილავდნენ, რასაც ადგილობრივთა ნაწილის უარყოფითი დამოკიდებულებაც მოჰყვა. მათი თქმით, გაუგებარია, რატომ ანიჭებენ აფხაზები ამხელა მნიშვნელობას საქართველოში მიმდინარე პროცესებს, თუ ეს არ იქნება პოლიტიკური ან იმ სახის, რაც პირდაპირ აისახება აფხაზეთზე...

თუმცა, არიან ისეთები, ვისაც მიაჩნია, რომ მაღალი დონის ხელოვნებას, მუსიკას, სპორტს, ლიტერატურას არც ეროვნება გააჩნია და არც პოლიტიკური კუთვნილება - უბრალოდ, უნდა გაეცნო, უყურო და დატკბე...

აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილი აქტიურად გულშემატკივრობდა ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს თამაშებზე, არაერთმა სკუდეტოს მოგების ფოტოებიც გააზიარა და "კვარას" სერიას საუკეთესოს მოთამაშედ აღიარების ამსახველი ქარდებიც... ადგილობრივები ერთმანეთს უზიარებდნენ თუ სად შეიძლებოდა იტალიის ჩემპიონატის თამაშების ნახვა და ყველა ფეხბურთელის უნარებს აქტიურად მიმოიხილავდნენ.

ამჯერად აფხაზები წერენ, რომ საქართველომ მიაღწია იმას, რაც ვერ შეძლო დიდმა რუსეთმა, მეტი შესაძლებლობით და რესურსით და ეს არის ევროპის უპირატესობა...

"ვისაც არ გინახავთ საქართველო-ნიდერლანდების მატჩი, მანამდე კი ბელგიასა და პორტუგალიასთან თამაშები, აუცილებლად ნახეთ. ამ ბავშვებს ეტყობათ, რომ დიდ გუნდებთან და ძლიერ მოწინააღმდეგეებთან თამაშის კომპლექსი არ აქვთ, გაბედულად, თავდაჯერებულად თამაშობენ, წაგებას არ უშინდებიან, იმედს არ კარგავენ და წინ მიიწევენ. სრულიად აპოლიტიკური ადამიანი ვარ, მაგრამ ამ დღეებმა ბაბუაჩემის და მისი თაობის ემოციები გამახსენა, შინ, კედელზე დიდის ამბით მოპოვებული, პელესა და მარადონას პლაკატები ეკიდათ" - წერს ინტერნეტმომხმარებელი პიტერ პარკერი.

"უყურეთ მათ თამაშებს, მათ ემოციებს, ეს ბედნიერებაა და მინდა ჩემს ქვეყანაში, ჩვენი ქალაქების სტადიონზე, ჩვენი შვილების თაობაშიც ვნახო მსგავსი რამ. პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები და არძინბას იდეოლოგიის გამზიარებლები არ გამომეხმაუროთ, არც ერთ არასამთავრობოს არ წარმოვადგენ" - წერს ერიკ ლაცუჟბა.

"საქართველო რა შუაშია, ეს ბიჭები ევროპულ გუნდებში თამაშობენ და დიდი გამოცდილება აქვთ... ჩვენს ბიჭებს რა მოტივაცია უნდა ჰქონდეთ, ყველაზე დიდი რომელიმე ჩრდილო კავკასიურ ან ვლადიკავკაზის გუნდს დაუპირისპირდნენ და რა მერე?.. არადა, ჩვენს ხალხს აქვს გენეტიკაში ფეხბურთის თამაში, ზღვისპირეთის სპორტია, ძლიერი მუხლები და აგებულება სჭირდება, უამრავი სახელოვანი მოთამაშე ჰყავდა აფხაზეთს, რომელმაც ისტორია დაწერა. გული მტკივა ამ უკუსვლაზე, მეგობრებო" - წერს ვიტალი ჯიკირბა.

"რუსეთში ვის აინტერესებს ფეხბურთი... მე მიკვირს ამ ქვეყნის, გულშემატკივრები ჰყავთ, მოთამაშეები - არა. საბჭოთა კავშირის შემდეგ, ღირებული, ბრძოლისუნარიანი გუნდი არ ჰყოლიათ, ვგულისხმობ, ევროპული დონის თამაშს... იმ წლებში, საბჭოთა რესპუბლიკის წარმომადგენლების ხარჯზე ჰყავდათ ძლიერი გუნდები. საბჭოთა წლების ნოსტალგია არ მაქვს, კარგი ფეხბურთის ნოსტალგია მაქვს" - წერს ლეო ჩუკბარი.

წაიკითხეთ ასევე: