ავტორი:

პარიზში პოლიციამ 17 წლის ბიჭი მოკლა, რასაც პარიზის ქუჩებში არეულობა მოჰყვა - ნაჰელი წელს უკვე მეორე ადამიანია, რომელიც პოლიციელის გასროლას ემსხვერპლა

პარიზში პოლიციამ 17 წლის ბიჭი მოკლა, რასაც პარიზის ქუჩებში არეულობა მოჰყვა - ნაჰელი წელს უკვე მეორე ადამიანია, რომელიც პოლიციელის გასროლას ემსხვერპლა

პარიზის ქუჩებში საპროტესტო აქციები და არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ 17 წლის ახალგაზრდა მხოლოდ იმის გამო მოკლა, რომ მათი ბრძანება არ შეასრულა და მანქანა არ გააჩერა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ უშვერს იარაღს პოლიციელი მანქანის მძღოლს, შემდეგ კი გასროლის ხმა ისმის და მანქანა შეჯახების შედეგად ჩერდება.

მოზარდი, სახელად ნაჰელი გულმკერდის არეში მოხვედრილი ტყვიით გარდაიცვალა. სროლაში ეჭვმიტანილი სამართალდამცავი კი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ნანტერში, პარიზის დასავლეთით მდებარე რაიონში, სადაც მოზარდი მოკლეს, ღამით საპროტესტო აქციები დაიწყო. არეულობის გამო, პოლიციამ 31 ადამიანი დააკავა.

ნაჰელი წელს უკვე მეორე ადამიანია, რომელიც პოლიციის გასროლას ემსხვერპლა. შარშან რეკორდული რაოდენობის, 13 ადამიანი დაიღუპა ასე. ფრანგული მედიის ცნობით, პოლიციამ ჩათვალა, რომ თინეიჯერმა მათთვის ზიანის მიყენების მიზნით დაძრა მანქანა, მაგრამ ინტერნეტში გამოქვეყნებული და გადამოწმებული კადრები განსხვავებულ ამბავს მოგვითხრობს.

<iframe width="400" height="500" frameborder="0" src="https://www.bbc.com/news/av-embeds/66038227/vpid/p0fxpl7r"></iframe>

ვიდეოში ვხედავთ, რომ 17 წლის ბიჭის მანქანასთან ორი ოფიცერი დგას. ერთ-ერთ მათგანს ფანჯარაში მძღოლისკენ აქვს იარაღი მიმართული და ისვრის იმ დროს, როცა მძღოლი მანქანას ძრავს, რათა გაქცევა სცადოს. ფრანგულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვიდეოში მყოფი ერთ-ერთი პირი ამბობს: "თავში ტყვიას გესვრიან", თუმცა უცნობია, ვინ ამბობს ამას.

სროლის დროს მანქანაში კიდევ ორი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი გაიქცა, მეორე კი, აგრეთვე არასრულწლოვანი, პოლიციამ დააკავა.

ღამით, სპეცრაზმმა არეულობის განსამუხტად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. არეულობის რამდენიმე ინციდენტი დაფიქსირდა ასევე ქალაქ ასნიერში, კოლობში, სურესნეში, ობერვილიეში, კლიში-სუ-ბუასა და მანტე-ლაჯოლიში.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა