ავტორი:

"განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო იმ პროდუქციაზე, რაც შეიძლება რუსეთმა ბრძოლის ველზე გამოიყენოს" - რა განაცხადეს სანქციების კოორდინატორებმა აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან?

"განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო იმ პროდუქციაზე, რაც შეიძლება რუსეთმა ბრძოლის ველზე გამოიყენოს" - რა განაცხადეს სანქციების კოორდინატორებმა აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან?

საქართველოში ვიზიტით მყოფმა სანქციების კოორდინატორებმა დიდი ბრიტანეთიდან და შეერთებული შტატებიდან, ჯეიმს ო'ბრაიენმა და კუმარ აიერიმ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ბიზნეს სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრების შემდეგ მედიისთვის პრესკონფერენცია გამართეს, სადაც სანქციების როლზე ისაუბრეს უკრაინის ომის კონტექსტში და თქვეს, რომ ვიზიტის მიზანია საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება სანქციების ეფექტურად აღსრულების მიმართულებით.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ო'ბრაიენმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ არავინ ითხოვს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის სრულად გაწყვეტას, თუმცა მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება იმ პროდუქციაზე, რაც შესაძლოა გამოყენებული იქნას რუსეთის მხრიდან ბრძოლის ველზე.

"ჩვენი მთავარი მიზანია, ხელი შევუშალოთ რუსეთს, მიიღოს ის იარაღი, რაც მას სჭირდება უკრაინაში აგრესიული ომის საწარმოებლად და ხალხის დასახოცად. ჩვენ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ისე დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი, ყურადღებას ვამახვილებთ იმ ელექტრონულ მოწყობილობებზე, რაც გამოიყენება ამ მიზნით და ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან ზუსტად გულისხმობს ამ ელექტრონული მოწყობილობების მიმართულებას...

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არ ვცდილობთ შევაჩეროთ ყველანაირი ბიზნესი და ვაჭრობა. ჩვენ არ ვასანქცირებთ რუსულ სურსათზე, სასუქებზე ან სხვა ძირითადი მოხმარების საქონელზე, ჩვენ ხელს ვუწყობთ მათ მიაღწიონ გლობალურ ბაზარს და მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებს, როგორიცაა საქართველო. გრძელდება რა ეს ვაჭრობა, გვსურს დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენ, პარტნიორებთან ერთად ფოკუსირებული ვრჩებით იმ საქონელზე, რომელიც მნიშვნელოვანია ბრძოლის ველისთვის“, - აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა.

მისი თქმით, რუსებს სურთ გამოიყენონ საქართველოს ტერიტორია თავიანთი ომის მანქანის დასაფინანსებლად და უზრუნველსაყოფად.

"ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის მეზობლებთან და რუსეთის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებთან, რათა თავიდან ავიცილოთ ეს. რაც ჩვენ ვნახეთ რამდენიმე ამ ქვეყანაში, არის მცდელობა გაამკაცრონ თავიანთი პოლიტიკა ისე, რომ რუსეთმა ნაკლებად შეძლოს მათი ტერიტორიების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება. ჩვენ ამას ვხედავთ თურქეთის საჯარო განცხადებებში, ყაზახეთში და ასევე კარგ, ძალიან ვრცელ მუშაობაში საქართველოს სამთავრობო უწყებების მიერ“, - აღნიშნა ო'ბრაიენმა.

კუმარ აიერის თქმით, ვიზიტის მიზანი რუსეთში 38 დასახელების ელექტრომოწყობილობის სანქციების გვერდის ავლით შესაძლო ექსპორტზე საუბარი იყო.

"მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ამ კონკრეტული ვიზიტის მიზანი ზუსტად 38 დასახელების ელექტრომოწყობილობა იყო. ეს არის მოწყობილობები, რომლებიც გვაინტერესებსდა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს საუბარი მხოლოდ საქართველოსთან არ გვაქვს, ელჩი ო’ბრაიენი და მე შემდეგ სომხეთში მივდივართ. ჩვენი ჯგუფი უკვე 5-6 ქვეყანაში არის ნამყოფი და კიდევ ბევრგან ვაპირებთ ჩასვლას ზუსტად ამ კონკრეტულ საკითხზე სასაუბროდ. როგორ ვმუშაობთ ამაზე, როგორ ვაკეთებთ ამის იდენტიფიცირებას, როგორ ხდება ამის აღსრულება და აღკვეთა - ეს იყო ფოკუსი და კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი თანამშრომლობა იყო ამ ვიზიტის დროს,” - განაცხადა აიერმა.