ავტორი:

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ვითარება კვლავ დაიძაბა: სომეხი პოლიტოლოგების აზრით, აზერბაიჯანს რუსეთი ეხმარება - "ეს იმიტომ, რომ სომხეთმა უარი თქვა მოსკოვის შეხვედრაზე"

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ვითარება კვლავ დაიძაბა: სომეხი პოლიტოლოგების აზრით, აზერბაიჯანს რუსეთი ეხმარება - "ეს იმიტომ, რომ სომხეთმა უარი თქვა მოსკოვის შეხვედრაზე"

აშშ-ის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო მინისტრების რამდენიმედღიანი მოლაპარაკებების პარალელურად, ე.წ. მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრომ, აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის პოზიციებისთვის ცეცხლის გახსნასა და ოთხი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შესახებ განაცხადა. მისივე ცნობით, აზერბაიჯანმა თავდასხმისთვის საარტილერიო საშუალებები და უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა.

იმავდროულად, განცხადება გაავრცელა ბაქომ და სომხეთის შეიარაღებული ძალები “აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და რუსი სამშვიდობოების დროებით განთავსების ტერიტორიაზე” აზერბაიჯანის პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა, რის შედეგადაც, აზერბაიჯანელი სამხედრო დაიჭრა.

დაძაბულობის ფონზე, გავრცელდა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადება, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, დროულად იმოქმედონ ვითარების დასარეგულირებლად, რადგან მისივე თქმით, ეს დაძაბულობა არ ეხება მხოლოდ მთიან ყარაბაღს, შესაძლოა სიტუაცია მთელ სამხრეთ კავკასიაზე გავრცელდეს.

ფაშინიანმა ისაუბრა იმაზეც, თუ როგორ ილახება მთიან ყარაბაღში ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის უფლებები. ამასთანავე, მისი თქმით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მთიან ყარაბაღში სამხედრო ოპერაციის ჩატარებას აპირებენ, რათა სომხური სამხედრო ძალები აიძულონ, არცახის ტერიტორია სრულად დატოვონ...

2020 წლის ომის შემდეგ, (და არა მხოლოდ) მთიან ყარაბაღში ვითარება პერიოდულად იძაბება. პარალელურად, სხვადასხვა ქვეყანაში, სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველი პირების შეხვედრები არ წყდება, თუმცა, როგორც ორივე ქვეყნის მედია წერს, ჯერჯერობით, რაიმე სახის საბოლოო შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა....

გამოცემა kavkaz-uzel.eu-თან საუბარში სომეხი პოლიტოლოგები ამბობენ, აზერბაიჯანულ მხარეს დეკლარირებული აქვს თავისი პოზიცია, რომლის თანახმადაც ის ცდილობს ლაჩინის დერეფანზე სრული კონტროლის აღებას. მათივე თქმით, ახლა სომხეთის ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ის ეროვნული ინტერესების გატარებას.

პოლიტიკური მიმომხილველის ნაირა აირუმიანის შეფასებით, აზერბაიჯანის მხარემ ხიდი ბეტონის სამშენებლო ბლოკებით გადაკეტა.

"ადრე ამის გაკეთებას ვერ ახერხებდნენ, შესაბამისი მასალა არ ჰქონდათ, შემდეგ საჭირო ინფრასტრუქტურა იპოვეს და გააკეთეს, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციების მოსვლამდე, მოხსნეს კიდეც... სისულელეა იმაზე ლაპარაკი, თითქოს აღნიშნული ტერიტორიის გადაკეტვის შემთხვევაში, წითელ ჯვარს არცახიდან პაციენტების გადაყვანა აგდამის გავლითაც შეუძლიათ, სად უნდა წაიყვანოს ამ გზით? ბაქოში... აზერბაიჯანი ყველანაირად ცდილობს მიზნის მიღწევას, ზეწოლას ახორციელებს სომხეთზე, არცახის მოსახლეობაზე" - ამბობს აირუმიანი.

პოლიტოლოგ არმენ ვარდანიანის მოსაზრებით, აზერბაიჯანული მხარე ცდილობს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური წნეხი გააძლიეროს, რათა აზერბაიჯანთან ინტეგრაციას შეეგუონ...

"ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ სომხეთმა უარი თქვა მოსკოვში შეხვედრაზე, რადგან მოსკოვის შუამავლობით ახალი შეთანხმების მიღწევა იგეგმება, რაც ცხადია, სომხეთისთვის მომგებიანი არ არის" - ამბობს ვარდანიანი.

პოლიტიკური მიმომხილველი, გორმ არმათუნი მიიჩნევს, რომ სქემა ძალიან პრიმიტიულია და პროცესები რუსეთსა და თურქეთს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით ვითარდება - რუსეთმა თურქეთს დაუთმო სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტი.

"ახლა აზერბაიჯანი მოქმედებს ისე, როგორც წლების წინ ოცნებობდა. სომხეთს გორის-კარპანი რომ არ დაეთმო, წინააღმდეგობა რომ გაეწია, უფრო სხვაგვარად, ფრთხილად იმოქმედებდა, ახლა რუსეთისგან მწვანე აქვს ანთებული, რაც ნაწილობრივ უკრაინის ომში თურქეთის ნეიტრალური მხარის დაჭერითაც აიხსნება და სომხეთის დასავლეთისკენ ყურებითაც... ამასთანავე, სომხეთს უამრავი შიდა პრობლემები აქვს, რომლის მიჩქმალვასაც ცდილობს, მაგრამ რაც უფრო ცდილობს, უფრო არ გამოსდის. სომხეთისთვის იქ რუსული სამშვიდობო ძალის ყოფნაც პრობლემაა, რადგან მათი ნდობა არ შეიძლება - პროვოკაციები ხომ მათი ხელწერაა. ამიტომ ვითხოვთ ევროკავშირის წარმომადგენლობას" - მიაჩნია არმათუნის.

კიდევ ერთი პოლიტოლოგის, დავით კარაკებიაკის თქმით, აზერბაიჯანმა უკვე დაიწყო მთიანი ყარაბაღის ინტეგრაციის პროცესი, ამაში კი, რუსეთი ეხმარება.

"მოსკოვის ერევანზე წნეხის აშკარა გამოხატულებაა ის, რაც ახლა არცახში ხდება... ლავროვის უწყებამ აღნიშნა, რომ კონფლიქტის პროცესებში პროგრესი იქნება სამმხრივი მონაწილეობის შემთხვევაში, ანუ მაშინ, თუ ის (რუსეთი) იქნება მთავარი მოკარნახე. ვერაფრით გააცნობიერეს, რომ სომხეთში, ისე, როგორც მათი გავლენის სხვა ქვეყნებში, რუსეთის დრო წავიდა" - ამბობს ის.