ავტორი:

"ამბოხების მცდელობამ პუტინი დაასუსტა, ის თავის სავარძელში ისევ ისე მყარად არ ზის" - შოლცი

"ამბოხების მცდელობამ პუტინი დაასუსტა, ის თავის სავარძელში ისევ ისე მყარად არ ზის" - შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თვლის, რომ რუსეთში მომხდარმა წარუმატებელმა ამბოხებამ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაასუსტა.

”ეს მოწმობს იმას, რომ არის ბზარები ავტოკრატიულ სტრუქტურებში, ძალაუფლების სტრუქტურებში და რომ ის არავითარ შემთხვევაში არ ზის ისევ ისე მყარად თავის სავარძელში. მე მჯერა, რომ ის დასუსტებულია”, - განაცხადა შოლცმა.

მისი თქმით, რუსეთში ვითარება კვლავ დაძაბულია და გერმანია სიფრთხილით იმოქმედებს.

“რუსეთი არის ბირთვული სახელმწიფო. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ყურადღებით უნდა შევხედოთ, როცა სახიფათო სიტუაციები წარმოიქმნება - და ეს სახიფათო სიტუაციაა", - აღნიშნა შოლცმა.

კანცელრის განცხადებით, გერმანია მხარს უჭერს უკრაინას, რათა მან შეძლოს თავის დაცვა, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ „უკრაინის მხარდაჭერის მიზანი არ არის რუსეთში რეჟიმის შეცვლა".

ამასთან, კითხვაზე, რამდენ ხანს დარჩება ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში, ოლაფ შოლცმა უპასუხა:

"არ მინდა რაიმე სპეკულაციაში ჩართვა იმასთან დაკავშირებით, რამდენ ხანს იქნება ის ხელისუფლებაში. ეს შეიძლება იყოს ხანგრძლივი, შეიძლება მოკლე, ჩვენ არ ვიცით", - განაცხადა მან.

შოლცმა დასძინა, რომ კრემლში ხელმძღვანელობის შეცვლა, შესაძლოა, არ იყოს საუკეთესო ვარიანტი: „ჩვენ არ ვიცით, პუტინის შემდეგ უკეთესი მოვა, თუ უარესი“, - აღნიშნა შოლცმა.