ავტორი:

"ზუსტად მახსოვს ის ბედნიერების შეგრძნება, როცა მშობლებისგან გავიგე, ჩვენი შვილი მხატვარიაო" - ახალგაზრდა მხატვარი, რომლის ნამუშევრები დიდ აღფრთოვანებას იწვევს

"ზუსტად მახსოვს ის ბედნიერების შეგრძნება, როცა მშობლებისგან გავიგე, ჩვენი შვილი მხატვარიაო" - ახალგაზრდა მხატვარი, რომლის ნამუშევრები დიდ აღფრთოვანებას იწვევს

"ნახეთ, რა საოცარი ნახატები აქვს.! 2021 წელს დაამთავრა სამხატვრო აკადემია. გამოფენა ჯერ არ ჰქონია", - ასე წარადგინეს სოციალურ ქსელში ახალგაზრდა მხატვრის, 26 წლის ანა მელქონიანის ნამუშევრები, რომელსაც დიდი აღფრთოვანება მოჰყვა...

ახალგაზრდა მხატვარს თავის შემოქმედებაზე ვესაუბრეთ...

- 1997 წელს თბილისში, საშუალო სტატისტიკურ ოჯახში დავიბადე. გარემო ყოველთვის ძალიან თბილი მქონდა. აქედან გამომდინარე დიდ ყურადღებას აქცევდნენ იმას, თუ რაში მექნებოდა მომავალში პოტენციალი. დაახლოებით 7 წლის ასაკში გადაწყდა, რომ მხატვარი ვიქნებოდი... ზუსტად მახსოვს ის ბედნიერების შეგრძნება, როცა ჩემი მშობლებისგან გავიგე დიდი აღფრთოვანებით ნათქვამი სიტყვები, ჩვენი შვილი მხატვარი არისო. იმის შემდეგ, რაც ჩემი პირველი ნახატი ნახეს...

- თუ გახსოვთ, პირველად რა დახატეთ?

- არ მახსოვს, სკოლის დავალება იყო, რაღაცის გაფორმება... შემდეგ სკოლაშიც შეამჩნიეს და მეც ყველაზე ბედნიერად ვგრძნობდი თავს, როცა ვხატავდი. თან საკმაოდ ჯიუტი ბავშვი ვიყავი და ყველა მცდელობას, რაიმე წრეზე შეყვანის, ვეწინააღმდეგებოდი, ხატვის სურვილი სულ მქონდა და ჩემით მოვინდომე.

- ხატვის ნიჭი გენეტიკურად გაქვთ?

- მამაჩემი კარგად ხატავდა, მაგრამ ისეთ დროს იყო გაზრდილი, ალბათ, არავის მოსვლია აზრად მასში ამ ნიჭის განვითარება.

- სკოლის პარალელურად, ხატვის პროფესიულ სასწავლებლებში სწავლობდით?

- მეორე, მესამე კლასში დავდიოდი ხატვის წრეზე სკოლაში. შემდეგ ამის საშუალება არ ჰქონდა ჩემს ოჯახს და ჩემით ვხატავდი. შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე 2016 წელს. აკადემია 2021 წელს დავამთავრე.

- კონკურსებში იღებდით მონაწილეობას?

- დიახ, სკოლიდან გავყავდი კონკურსებზე. მნიშვნელოვანი, არ ვიცი, რამდენად იყო, უბრალოდ, რა თქმა უნდა, პირველი ადგილები, როგორც ბავშვს, მიხაროდა...

- გამოფენებზე რას იტყოდით?

- სასკოლო გამოფენები ყოფილა, მნიშვნელოვანი არაფერი მახსენდება. ჯერ არ მქონია პერსონალური გამოფენა, მაგრამ ვგეგმავ ახლო მომავალში.

- თვლით, რომ თქვენს ნახატებში სითამამეც არის?

- მე თამამს ვერ დავუძახებდი, ჩემი აზრით, ძალიან ბუნებრივია! ადამიანი ხელოვნების საწყისია და მგონი ამას ყველა ხვდება. ალბათ, ამდენი წლის განმავლობაში სულ ერთი-ორ ადამიანს აქვს ნათქვამი, რომ სიშიშვლე ნახატში მათთვის მიუღებელია.

- რამდენად მრავალფეროვან ჟანრში მოღვაწეობთ?

- ამ ეტაპზე გრაფიკა და ფერწერა... სანამ სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარებდი, ზეთით ხატვა არ მქონდა ნაცადი.

- როგორი გარემოა დღეს საქართველოში ხელოვანისთვის სამოღვაწეოდ?

- ხშირი კითხვაა და ძალიან რთული. ამაზე დიდხანს შეიძლება მსჯელობა, ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ უფრო ხელსაყრელი გარემოა, ვიდრე ადრე და მომავალში უკეთესს ვიმედოვნებთ.

- თუ წახვიდოდით საზღვარგარეთ, თუნდაც დროებით სამოღვაწეოდ?

- ვიტყოდი, რომ გამორიცხულია! ნახატების გაგზავნა შესაძლებელია და მაქვს გაგზავნილი, მაგრამ წასვლა არა! უბრალოდ, ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს სხვაგან და განვითარებაც აქ გამიხარდება.

- რომელმა მსოფლიო, ქართველმა აღიარებულმა მხატვრებმა მოახდინეს თქვენზე გავლენა?

- იმდენად ბევრია, რომ მეშინია ვინმე გამომრჩეს, თანაც რთულია შეადარო ამდენი გენიოსი და ვინმე გამოარჩიო. ამ შემთხვევაში, უფრო ხასიათით ვიმსჯელებ და ალბათ - და ვინჩი... აღფრთოვანებული ვარ ყველაფრით, რასაც აკეთებდა და მისი შეუპოვარი ხასიათით...

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- სამომავლო გეგმებში შედის ახლის ძიება, ზრდა, განვითარება... პირველ რიგში, პიროვნული და შემდეგ, დარწმუნებული ვარ, რომ ეგ ნახატებშიც გამოვლინდება და ისეთი ნახატების შექმნა, რომლების წარდგენაც მესიამოვნება ჩემ სანატრელ პერსონალურ გამოფენაზე..