"ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება აშშ..." - რა თქვეს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა აშშ-ს დამოუკიდებლობის დღისადმი გამართულ მიღებაზე?

"ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება აშშ..." - რა თქვეს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა აშშ-ს დამოუკიდებლობის დღისადმი გამართულ მიღებაზე?

აშშ-ის ელჩის რანგში კელი დეგნანმა საქართველოში ბოლოჯერ უმასპინძლა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას. მას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრები, პალამენტარები, ოპოზიციის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და ა.შ. მიღებაზე გამოჩნდნენ პატიმრობიდან ახალგათავისუფლებული ნიკა გვარამია და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს კელი დეგნანმა, სალომე ზურაბიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა.

"წელს ბოლოჯერ ვუმასპინძლებ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას ამერიკის ელჩის რანგში... საქართველო ყოველთვის იქნება ჩემს გულში" - თქვა კელი დეგნანმა გამოსვლისას. (იხილეთ სრულად)

"ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება აშშ - თქვენი იმედი უნდა გვქონდეს, რათა ნატო-ში ინტეგრაციაში წინ წაგვწიოთ და უსაფრთხოების მეტი გარანტიები მივიღოთ", - ბრძანა პრეზიდნტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის მილოცვით დაიწყო გამოსვლა.

მინდა ყველას აშშ-ისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე მოგილოცოთ. ეს საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი დღეა. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ეს ასე არ ჩანს, ჩვენ ვიცით, გვესმის და ვაფასებთ, რომ აშშ ჩვენი დამოუკიდებლობიდან 30 წელზე მეტია ჩვენს გვერდით დგას როგორც მეგობარი. იმ მომენტებში, რომლებიც რბილად რომ ვთქვათ რთული იყო, მაგრამ აშშ ყოველთვის ჩვენს მხარეს იყო. იგი ჩვენს გვერდით იყო სახელმწიფოს მშენებლობის ამ ძალიან გრძელ მარშში, რომელიც არავინ არ იცის როდის დასრულდება. ეს პროცესია, მაგრამ ამ სახელმწიფოს მშენებლობაში ჩვენ დახმარება გვაქვს, რომელიც ასე მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობისას… ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდებით თქვენ [აშშ] და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ისტორიის ამ ძალიან მნიშვნელოვან მომენტში თქვენი მხარდაჭერა გვექნება. გვჭირდებით, რათა ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ, რომელიც ხელთ არის, აქ არის, ჯერ წევრობა არ არის, მაგრამ ძალიან არსებითი ნაბიჯია მანამდე, რომელიც ჩვენამდე უკრაინის მეშვეობით მოვიდა, უკრაინის იმ დაუჯერებელი ბრძოლის გამო მოვიდა. მაგრამ ჩვენ ასევე გასაკეთებელი გვაქვს საქმე და ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ერთად თქვენი მხარდაჭერაც გვჭირდება ამ პოლიტიკურ მომენტში. თქვენი იმედი უნდა გვქონდეს, რათა ნატო-ში ინტეგრაციაში წინ წაგვწიოთ, რათა უსაფრთხოების მეტი გარანტიები მივიღოთ, რათა მივიღოთ გზა, რომელიც მიგვიყვანს იქამდე, სადაც უსაფრთხოება, მშვიდობა და სტაბილურობა ნამდვილად უზრუნველყოფილია და აღარ არის საფრთხის ქვეშ… თქვენი იმედი უნდა გვქონდეს დღეს, როგორც არასდროს, როდესაც მსოფლიო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ამ აგრესიას უმკლავდება. იმედი გვაქვს, რომ რუსული იმპერიალიზმის რუსეთის ეს ახალი მანიფესტაცია ოდესმე წარსულში დარჩება, მაგრამ ახლა აქ არის და ისეთივე აქტიურია. თქვენი იმედი უნდა გვქონდეს რუსული პროპაგანდასთან დაპირისპირებაში, მათ მცდელობაში განავითარონ არახალი "რბილი პოლიტიკა”, როდესაც დასავლურ ღირებულებს თავს ესხმიან, რასაც ვხედავთ, რომ აქ, ამ ქვეყანაში ვითარდება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრემიერმა ღარიბაშვილმა კი ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მტკიცედ დგას შეერთებულ შტატებთან.

"ჩემთვის დიდი სიამოვნებაა დღეს აქ ყოფნა და ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების გულწრფელი მოლოცვა თქვენთვის და ამერიკელი ხალხისთვის.

მთელი ისტორიის განმავლობაში თქვენი ქვეყანა ამაყად ატარებდა თავისუფლებისა და დემოკრატიის ჩირაღდანს, რაც ბრწყინვალე მაგალითს აძლევდა მსოფლიოს. შეერთებული შტატები გამუდმებით იცავდა ადამიანის საყოველთაო უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ხელს უწყობდა განვითარებასა და პროგრესს, მხარს უჭერდა კანონის უზენაესობას, რითაც თავის კვალს ტოვებდა მსოფლიო ისტორიაში.

საქართველო, ქართველი ხალხი, როგორც ამაყი და თავისუფლების მოყვარული ერი, იზიარებს თავისუფლებისა და დემოკრატიის იგივე ღირებულებებსა და პრინციპებს, რაც ჩვენს მტკიცე მეგობრობას განაპირობებს. ამ გამოწვევებით აღსავსე დროს, ჩვენს მჭიდრო პარტნიორობასა და ერთიანობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ გლობალურ დონეზე. საქართველო მტკიცედ დგას შეერთებულ შტატებთან, ისევე როგორც ჩვენს პატივცემულ საერთაშორისო პარტნიორებთან, რადგან ერთად ვიცავთ ფუნდამენტურ ნორმებსა და ღირებულებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს საერთაშორისო საზოგადოებას", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მტკიცე მხარდაჭერისა და ფასდაუდებელი წვლილისთვის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე დაწინაურებაში.

"მეგობრებო, ჩვენი ერის უახლესი ისტორია ჩვენი ძვირფასი თავისუფლების დასაცავად წარმოებულ ომებს მოიცავს. უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით, რომლებსაც დღეს ვაწყდებით, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას ჩვენი ტერიტორიული კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის კუთხით. მადლიერება მინდა გამოვხატო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის იდეის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მჯერა, რომ ჩვენი ძვირფასი პარტნიორების ურყევი მხარდაჭერით, შეგვიძლია რეალობად ვაქციოთ მშვიდობიანად გაერთიანებული საქართველო და ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაციასთან დაკავშირებული მისწრაფებები.

ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მტკიცე მხარდაჭერისა და ფასდაუდებელი წვლილისთვის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, ჩვენი ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე დაწინაურებაში. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მოყოლებული, საქართველო შეერთებული შტატების მტკიცე და ერთგული პარტნიორია ამ რეგიონში. ქართველი სამხედროები ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ იდგნენ და ერთად იცავდნენ გლობალურ უსაფრთხოებას და საერთაშორისო წესრიგს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის პირდაპირი ავიარეისი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამერიკული კაპიტალის შემოდინებაში და ორ სახელმწიფოს კიდევ უფრო დაახლოებაში.

"ნება მომეცით, ქართველი ხალხის და ჩემი მთავრობის სახელით, გამოვხატო გულწრფელი მადლიერება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისადმი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და საქართველოს ეკონომიკის გაძლიერების მტკიცე მხარდაჭერისთვის. მჯერა, რომ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ვაჭრობისა და კომერციის მიმართულებით აუთვისებელი პოტენციალი აქვთ. მოუთმენლად ველით ახალი შესაძლებლობების გახსნას ჩვენი ბიზნესისთვის, მხარს ვუჭერთ ამერიკული კაპიტალის შემოდინებას და საქონლის მიმოქცევას ჩვენი ქვეყნის მიმართულებით და პირიქით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიარეისი უდავოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ მიზნების მიღწევაში და კიდევ უფრო დააახლოებს ჩვენს ერებს.

უნდა აღვნიშნო, რომ შეერთებულმა შტატებმა დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს სხვადასხვა სფეროს - მათ შორის, თუმცა არა მხოლოდ ჯანდაცვისა და განათლების სისტემების - გაუმჯობესებაში. დიდად ვაფასებთ ჩვენი მოქალაქეებისთვის ღირებული საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამების შეთავაზებას. ხალხთა შორის თანამშრომლობის მხარდაჭერით, ჩვენ ვაღიარებთ ჩვენს ქვეყნებს შორის ძლიერი და გრძელვადიანი პარტნიორობის ხელშეწყობის მნიშვნელობას“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთანავე, პრემიერმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ წელს კელი დეგნანი ბოლოჯერ მასპინძლობს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას, ამერიკის ელჩის რანგში. ღარიბაშვილმა აშშ-ს ელჩს მადლობა გადაუხადა ერებს შორის ორმხრივი პარტნიორობის ხელშეწყობისა და გაღრმავების საქმეში გულმოდგინე და დაუღალავი ძალისხმევისთვის.

"მეგობრებო, ყველასთვის ცნობილია, რომ ელჩი დეგნანის მოღვაწეობა საქართველოში თითქმის დასრულებულია და მინდა გამოვიყენო ეს მომენტი და მადლობა გადავუხადო ქალბატონ ელჩს გულმოდგინე და დაუღალავი ძალისხმევისთვის ჩვენს ერებს შორის ორმხრივი პარტნიორობის ხელშეწყობისა და გაღრმავების საქმეში. ქალბატონო ელჩო, მინდა გისურვოთ ყოველივე საუკეთესო და ულევი წარმატება მომავალ საქმიანობაში. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყოველთვის მოხარული ვიქნებით თქვენი ხილვით საქართველოში!

კიდევ ერთხელ, ქალბატონო ელჩო და ძვირფასო მეგობრებო, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი მილოცვა ამ ძალიან მნიშვნელოვან დღესასწაულთან დაკავშირებით. მშვიდობა და კეთილდღეობა იყოს დიდი ამერიკელი ერის მეგზური მუდამ!

ღმერთმა დალოცოს ამერიკა! ღმერთმა დალოცოს საქართველო!", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, საზეიმო მიღებას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გაიმართა, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესის, პოლიტიკური პარტიების, მედიის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იხილეთ ასევე: