ავტორი:

"მიუხედავად იმისა, რომ ნიკუშაც და მეც დედისერთები ვართ, შევძელი მისთვის დამოუკიდებლობა მიმეცა... ამერიკაში სწავლობს და ბევრი წარმატებაც აქვს" - ხატია შამუგია შვილსა და გადალახულ ბარიერზე

"მიუხედავად იმისა, რომ ნიკუშაც და მეც დედისერთები ვართ, შევძელი მისთვის დამოუკიდებლობა მიმეცა... ამერიკაში სწავლობს და ბევრი წარმატებაც აქვს" - ხატია შამუგია შვილსა და გადალახულ ბარიერზე

ხატია შამუგიამ პიარ საქმიანობასთან ერთად ტელეწამყვანობაც მოსინჯა. მიუხედავად იმისა, რომ ეკრანი მისთვის უცხო არ არის, ტელეწამყვანობაზე ხშირად უთქვამს უარი და ყოველთვის სტუმრის ამპლუა მოსწონდა.

შამუგიას ცხოვრებაში ახლა მშვიდი და ბედნიერი ეპატია. პირად ცხოვრებაზე აღარ საუბრობს, რადგან თვლის, რომ ამ თემის საჯაროობა ხშირად ურთიერთობებში პრობლემებს წარმოშობს. ხატიამ მნიშვნელოვანი ბარიერი გადალახა, როცა ერთადერთ შვილს, ნიკუშას დამოუკიდებელი ცხოვრების საშუალება მისცა და ის სამი წელია ამერიკაში სწავლობს.

ხატია ჟურნალ "სარკეს" ესაუბრა:

- როგორ შეეგუეთ თქვენი ერთადერთი შვილის დამოუკიდებელ ცხოვრებას? ის ამერიკაში სწავლობს სამი წელია

- მიუხედავად იმისა, რომ ნიკუშაც და მეც დედისერთები ვართ, რაღაცნაირად თავიდანვე შევძელი რომ მისთვის დამოუკიდებლობა მიმეცა. მე გავაჩინე და მასზე ძვირფასი არაფერი გამაჩნია, მაგრამ თავიდანვე ჩემს თავს ვუთხარი, შვილი მხოლოდ შენთვის არ გაგიჩენია, მას თავისი ცხოვრება აქვს, მე მეკუთვნის სანამ პატარაა და ის უნდა გავაკეთო რაც ჩემი ვალდებულებაა. მაგრამ ის არის ინდივიდი პიროვნება, რომელმაც თავისი ცხოვრებით უნდა იცხოვროს მეთქი. ამერიკაში სწავლობს და ბევრი წარმატებაც აქვს. ერთ-ერთ საუკეთესო სასწავლებელში სწავლობს.

- როგორ მოერიეთ მონატრებას?

- არ არის მარტივი, მიუხედავად იმისა რომ ხშირად ჩავდივარ და ისიც ჩამოდის. ამერიკა არ არის ახლოს და უკვე გამოვიმუშავე, რომ ღამე გვიან უნდა დავიძინო რათა ამერიკაში გათენებულზე მისი ხმა გავიგონო, მერე ძალიან ადრე უნდა გავიღვიძო, რომ ძილის წინ ნიკუშას ამბები გავიგო.

- როგორი ცხოვრება გაქვთ დღეს?

- მშვიდი, ბობოქარი ცხოვრება არასოდეს მქონია, უფრო კარიერაში უფრო ვიყავი აქტიური. პირადი ცხოვრება არასდროს მქონია ხმაურიანი. ჩემი პირველი ოჯახი იმდენად საჯარო იყო და იმდენად ბევრი ადამიანის განხილვის საგანი ხდებოდა, რომ ამან გარკვეულწილად დააზიანა კიდეც ურთიერთობა, ამიტომ შემდეგ ვისწავლე რომ პირადი ცხოვრების გასაჯაროება არ არის კარგი. უფლის წყალობით ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად არის.

- რა სიახლეს უნდა ველოდოთ თქვენგან?

- საერთოდ ყველაფერი დაგეგმილი მაქვს ცხოვრებაში, სექტემბერში უკვე ვიცი ახალ წელს სად და როგორ შევხვდები. ზამთარში ვგეგმავ ზაფხულის დასვენებას. მომავალზე როცა ვფიქრობ მახსენდება ჩემი პირველი ვიზიტი ამერიკაში. როცა პირდაპირ მზიან კალიფორნიაში მოვხვდი. მაშინ რომ ვნახე ბევრი ბედნიერი გაპრანჭული ასაკოვანი ქალი ვთქვი, რომ ზუსტად ასეთი სიბერე მინდა. ჩემი ერთადერთი სურვილი და სათხოვარი უფალთან არის ის რომ ვიყო ჯანმრთელი.