ავტორი:

საქალაქო სასამართლომ დააჯარიმა ტაქსის მძღოლი, რომელმაც ქუჩაში მიმავალ გოგონას დაუძახა: "რამხელა ბაყვები გაქვს" - რას წერს სოფო გოგსაძე მისი საქმის შესახებ?

საქალაქო სასამართლომ დააჯარიმა ტაქსის მძღოლი, რომელმაც ქუჩაში მიმავალ გოგონას დაუძახა: "რამხელა ბაყვები გაქვს" - რას წერს სოფო გოგსაძე მისი საქმის შესახებ?

თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა მოქალაქე სოფო გოგსაძის სარჩელი და სექსუალურ შევიწროებად მიიჩნია ტაქსის მძღოლის რეპლიკა ქუჩაში მიმავალი ქალის გარეგნობაზე.

სოფო გოგსაძე 2 ივნისს სოციალურ ქსელში წერდა, რომ ქუჩაში მიმავალს ტაქსისტმა კაცმა დაუძახა "რამხელა ბაყვები გაქვსო". სოფომ მანქანის სერია და ნომერი ჩაიწერა და მეგობრების რჩევით პოლიციაში განაცხადა. ქალი პოლიციაში რამდენიმეჯერ დაიბარეს, 29 ივნისს კი სასამართლო ჩაინიშნა. სოფო წერს, რომ ტაქსის მძღოლს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დაუმტკიცდა და დაჯარიმდა.

სოფო გოგსაძე:

"ალბათ გახსოვთ ჩემი და ტაქსისტის არც ისე სასიამოვნო ისტორია. ვისაც არ ახსოვს, მოკლედ მოვყვები, დილით 2 ივნისს ჩემთვის შეხვედრისთვის გამოწყობილი მოვსეირნობდი ბარნოვზე, ტაქსის მძღოლმა საკუთარ თავს უფლება მისცა, მომიჩერა მანქანა და "რა არის რამხელა ბაყვები გაქვსო" მომაძახა. მანქანის ნომრის ჩაწერა მოვასწარი და მეგობრის რჩევით განვაცხადე პოლიციაში.

ამ დროის განმავლობაში იყო რამდენიმეჯერ მისვლა პოლიციაში, ოქმების შედგენა და ასე შემდეგ. ამ კვირის დასაწყისში დამირეკეს, რომ სასამართლო ჩაინიშნაო დღეს, 29 ივნისს.

გამოვცხადდი მეც და ისიც. ჩვენების მიცემისას მკითხეს ყველაფერი, თუ მახსოვდა, რა ეცვა მძღოლს რა მეცვა მე და ასე შემდეგ. ზუსტად იგივე კაბა მეცვა, რაც იმ დღეს, და ეს ვახსენე კიდევაც. როცა მოვრჩი და კითხვის დასმის საშუალება ჰქონდა ბატონს, იცით რა ქნა? - "მანახე ერთი, რა კაბა გაცვიაო" წამოდგა და კაბის ზომის და სიგრძის შემოწმება დამიწყო...

იმის განსჯა, ეს რას ნიშნავს თქვენთვის მომინდია. სასამართლო დასრულდა, დაუმტკიცდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ჯარიმა. დილით ცოტათი მეცოდებოდა, სანამ სასამართლოში მივიდოდი, მაგრამ მას მერე რაც იკადრა, მივხვდი რომ ის ჯარიმაც კი ცოტაა მისთვის. ასეთი ადამიანები ბევრია, ვინც ბევრის უფლებას აძლევს საკუთარ თავს, სამწუხაროდ, მაგრამ ეს ერთი შემდეგისთვის იმედია, დაფიქრდება მანამ, სანამ რამეს იტყვის".